ვაიმარის ფაიფური

ქეთევან ასათიანი
სოფიო ბერიაშვილი
ნინო ახალაძე    

იოჰან ვოლფგანგ გოეთე თაყვანს სცემდა მას: “ ის საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება შექმნას ადამიანის ხელმა.” 
ვაიმარის ფაიფური ცნობილია როგორც 21-ე საუკუნის ფაიფურის შექმნის ხელოვნება. ის ჩამოყალიბდა 1790 წელს, უკვე 220 წლიანი გამოცდილება აქვს და “თეთრი ოქროს” სახელითაა ცნობილი. 1780 წელს Andreas Wilhelm Speck- მა აღმოაჩინა რომ მას მიწისა და ქვისგან ფაიფურის წარმოება შეეძლო. მალე ეს ფაიფური მთელს ევროპაში გახდა ცნობილი და მოთხოვნადი. ცოტა ხანში კი მთელმა ვაიმარმა აღიარა ამ ფაიფურის სიდიადე. მან 1797 წელს ჰპოვა პირველი წარმატება ლაიფციგის გამოფენაზე. 1816 წლიდან ფაიფურის ქარხანაში დასაქმებული იყო 155 ადამიანი. 1817 წელს ეს ქარხანა, მაგრამ ის მალევე აღადგინეს. Christian Andreas Speck- ის გარდაცვალების შემდეგ ქარხნის გაძღოლა Gustav Vogt- მა იტვირთა. შეიქმნა ისეთი ნაკეთობები, რომლის შეხედვითაც მიხვდებოდით, რომ ეს სამოქალაქო რევოლუციის დროინდელი იყო. 1847 წლიდან ქარხანა Fasolt-ების ხელში გადადის. ქარხანა მდიდრდებოდა ტექნიკით, რაც მისი ხარისხის ამაღლებას უწყობდა ხელს. მალევე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ბევრი თანამშრომელი გაიწვიეს ფრონტის ხაზზე. ომის დასრულების შემდგომ ძნელი იყო ქარხნის თავიდან აყვავება, მაგრამ მათ ეს მაინც შეძლეს. ამიტომაც მოხდა, რომ ამ დროისთვის ვაიმარის ფაიფური ცნობილი და დაფასებულია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.

ვაიმარის ფაიფური გამოირჩევა ფორმით, ხარისხითა და დიზაინით. გემოვნების ცვლილებასთან ერთად მისი დიზაინიც იცვლება და ამიტომ ის ყოველ დროში ინარჩუნებს პრესტიჟულობას. ფაიფურის ნაკეთობებს ყოველთვის აქვთ წარწერა- “Made in Germany”. უკვე მე-19 საუკუნიდან ჰერცოგები თავიანთ საპატიო მაგიდას ამ ფაიფურით აწყობდნენ. 

ვაიმარის ფაიფური ერთერთი უძვირფასესია მსოფლიოში არამხოლოდ თვით ფაიფურის ხარისხის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ბევრი ნაკეთობა ნამდვილი ოქროთია მოხატული. ცალკეული თეფშები, ჭიქები თუ სერვიზები ხელით იხატება ოქროთი. ზოგიერთ ნაკეთობაზე 5 გრამამდე ოქრო შიძლება დაიხარჯოს. ფაიფურის ჭურჭელი ძალიან მაღალ ტემპერატურაზე უნდა გამოიწვას 40 წუთის განმავლობაში იმისათვის, რომ საბოლოო სახე მიიღოს.

ყველაზე ცნობილი დეკორაცია “ვაიმარის ვარდი” არის ვაიმარის კულტურული სიმბოლო. ის ითვლება ვაიმარის რომანტიკის მიმართ სიყვარულის გამოხატულებად. თუ დეკორაცია და ფორმა დროს არ შეესაბამება, ეს მის პოპულარობას ვერ აყენებს ზიანს. ვაიმარის ფაიფური ითვლება გერმანიის და მთელი ევროპის უძველეს ნიშნად. აქ ვხვდებით იდეალურ კავშირს ტრადიციულ ფორმებსა და ტექნიკურ შესაძლებლობებს შორის. 
200-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ვაიმარის ფაიფური მუდამ ,,მოდურია”. ერთი მხრივ, ის ინარჩუნებს თავის კლასიკურ, მდიდრულ იერსახეს, მეორე მხრივ კი, იქმნება ვაიმარის ფაიფურის თანამედროვე დიზაინის ჭურჭელი, რომელიც 21-ე საუკუნის ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს.

სწორედ ამიტომ, 1790 წლიდან-დღემდე, ვაიმარის ფაიფური დიასახლისებისთვის შეუცვლელი ფუფუნებაა.

Advertisements

ივნისი 3, 2010 at 6:30 PM დატოვე კომენტარი

თორნიკე ჭელიძე

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი, ჩიტის სკლინტზე აშენებული ქვეყანა, რომ გამართლებულიყო სიტყვა ნათქვამი: ჩიტის სკლინტზე ქალაქი აშენდებაო.” – ბესიკ ხარანაულის მიერ დაწერილი ეს ფრაზა, მე პირადად, რატომღაც, დღევანდელ საქართველოს მაგონებს. შესაძლოა, ამ სტატიის მკითხველ, ვინმე “ჩოხიან დადაისტს” საკუთარი სამშობლოს აწმყოს ასეთი გაბაიბურება არ მოეწონოს და რიტორიკულად იკითხოს, თუ რად გავუჩნდი, მე, ჩემს დედას, მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და სკლინტით აშენებულ ქვეყანაში თუ არა, აკაკის მიერ შეფურთხებულ საქართველოში ისევ ისეთი სრული განცხრომით ვცხოვრობთ (ყველა თუ არა, ძალიან ბევრი) და მხოლოდ სუფრაზე გვახსენდება, რომ არსებობს მცნებები: სამშობლო, ადამიანობა, ერთმანეთის გატანა და მოყვაისის სიყვარული, რომელსაც ზოგი წინაპრების შემდეგ ადღეგრძელებს, ზოგი კი – მიცვალებულებისა და სიცოცხლის შემდეგ მოილევს ამ საქმეს. (თამადას გააჩნია, სხვა ვარიანტებიც არის). მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აბზაცის წაკითხვის დროს, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რას ვროშავ, მაგრამ ეხლა კონკრეტულ ფაქტებს მოვიხმობ და…

ახალი წელი მოახლოვდა და თბილისი ისეა მორთული, როგორც საბავშვო ზეიმზე დადგმული ნაძვის ხე. მერე რა?! ამაში ხო არაფერია ცუდი?! – არა, მაგრამ ცუდი იქ არის, სადაც ჯერ არს… ალბათ, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს ყველას ახსოვს, (თუმცა ჯურნალისტიკაში მიღებულია პრინციპი, რომ არავის არაფერი ახსოვს და ჩვენ უნდა გავახსენოთ) თუ როგორი აღტაცებით დაამონტაჟეს წმინდა გიორგის მონუმენტი თავისუფლების მოედანზე, მაშინ მთელ ერს ეგონა, რომ ეს ქმნილება დარჩებოდა, როგორც სიმბოლო საქართველოს მართლმორწმუნეობისა და წმინდა გიორგის მფარველობისა ჩვენზე, თუმცა სულ რაღაც ორი კვირის წინ, ეს მონუმენტი საახალწლო მანათობლებით მორთეს და გავიგეთ, რომ წელიწადში ერთხელ ბრჭყვიალა, დიდი სათამაშოს ფუნქციასაც ითავსებს, ხოლო სვეტის თავზე მდგარი წმინდა გიორგის ქანდაკება საბჭოთა “Элка” ზე დამაგრებულ ვარსკვლავს მოგვაგონებს. (იდეურად და არა ვიზუალურად). რწმენის ასეთ დონეზე დაყვანას, სჯობს, რომ არ გწამდეს!

დღესასწაულებთან დაკავშირებით, რესტორნებსა და ბარებში ისეთი ფასები დაწესდა, რომ კარგი იქნება, თუ იქ შესულ ადამიანებს ფულის მომჭრელი მანქანაც თან ექნებათ. მაგრამ თუ ეს დანადგარი არ მოეპოვება და ვინმეს იმდენად დიდი ჯიბე აქვს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი მიაბარეს, მანდ შეინახეო, მაშინ შეუძლია “მენიუ” მოითხოვოს.
აი, აქ უკვე მეორე პრობლემა გამოდის ასპარეზზე. რადგან მარხვაა და საქართველოში ათეისტიც მარხულობს, (მოდაზე აყოლით, ან გახდომის სურვილით) ისინი ხორცის მირთმევას ერიდებიან, მაგრამ აბა რა ქნან? წყალზე და პურზე, თუნდაც მარხის დროს, ვის უნავას ქართველი კაცი?! (ფსევდოქართველი) ამიტომ შეუკვეთავენ სამარხვო ხინკალს, სამარხვო კატლეტს, სამარხვო ხბოს ნეკნებს და ასე დაითენებენ თავზე ახალ წელს. არადა, ახლა მომაგონდა, როდესაც მამა გაბრიელთან მრევლის წევრი მივიდა მარხვის დროს, მამა გაბრიელმა გამოიღო ხორცი, შეწვა და ჭამა დაიწყო, ხოლო მრევლის კითხვაზე თუ რატომ მიირთმევდა ბერი ხორცს ასეთ ჟამს, მამა გაბრიელმა უპასუხა, რომ მთავარი არ არის, ადამიანი რას მიირთმევს და რას არა, მარხვის დროს, იმ ადამიანზე გადმოდის მადლი, ვინც ჩაუფიქრდება თავის ცხოვრებას, ცოდვებს, ვინც ეცდება შეიცნოს გზა უფლისა და გაყვეს მას, ხოლო ამის შემდეგ უნდა დაიცვას საკვების მიღების წესი… დღევანდელ რეალობაში კი,რატომღაც, პირიქითაა.

მე უკვე წარმოდგენილი მაქვს დაახლოებით როგორი სახის დღესასწაულს შემოგვთავაზებენ ტელე გადაცემებიც 31 დეკემბერს. ალბათ ხუანი და კასანდრა (ან მარია) დაქორწინდებიან 8 საატის ინფორმაციამდე, შემდეგ დაიწყება სახალისო ინფორმაციები და ერთი უარყოფითი ხასიათის ნიუსიც კი არ მოხვდება სიუჟეტების ბადეში, იფიქრებ კიდეც, რომ ნეტა სულ ახალი წელი იყოსო. დაახლოებით 10 საათიდან დაიწყება “პროფილი”, “ნანუკას შოუ” და სხვა “რაღაცები”. ბევრს იხტუნებენ, იცეკვებენ, სიმღერითაც დაიღლიან ხმის იოგებს და კიდევ მეტად მოგვაჩვენებენ, რომ ცხოვრება მშვენიერია, რომ საკმარისია იცოცხლო და იმღერო – ტრალა ლა ლა ლა ლაააა ! და შენნაირ მოკვდავს ესეც ეყოფა. გვიან ღამით, პრეზიდენტის პირდაპირი ჩართვა დაიწყება პალიასტომის ტბიდან, ქვემო ფარცხანაყანებიდან ან პენსიონერთა საოჯახო სუფრიდან, შესაძლოა, ლაპლანდიაშიც ჩავიდეს და, თოვლის ბაბუასთან ერთად, მოგვილოცოს ახალი წელი, რომ ჩვენი ქვეყანა იმდენად წინ წავიდა, სიკვდილიც აღარაა საჭირო, რადგან პირდაპირ სამოთხეში ვცხოვრობთ. ასეთ გამოსვლებზე ყოველთვის მახსენდება სადღაც ამოკითხული სტალინის ფრაზა, როდესაც 1938 წლის დამდეგს, რადიოს პირდაპირი ეთერით, მან მიმართა საბჭოთა მოსახლეობას: Товарищи, жизнь стало лучше, жизнь стало весельее…

არის უამრავი თემა, რითაც მართლაც ამ დღესასწაულებზე, არც მე გავიფუჭებ ხასიათს და არც სხვას ავაფორიაქებ, მაგრამ ისევ და ისევ…

შესაძლოა ამ ფრაზას გამართლებაც მოუძებნონ და თქვან, რომ ასეც რომ იყოს, ხომ ნათქვამია: “ვარდთა და ნეხვთა, ვინათგან მზე სწორედ მოეფინებისო”, მაგრამ დღევანდელი ყოფა მაინც ერთ რამეს მაგონებს ჯიუტად: –

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი, ჩიტის სკლინტზე აშენებული ქვეყანა, რომ გამართლებულიყო სიტყვა ნათქვამი: ჩიტის სკლინტზე ქალაქი აშენდებაო.”

თორნიკე ჭელიძე

28. 12. 2009.

იანვარი 14, 2010 at 3:48 PM დატოვე კომენტარი

სულს ღაფავს ჩვენი ბლოგი: დღეს ერთი ვიზიტორიც არ გვყავს 😀

იანვარი 14, 2010 at 11:37 AM 1 comment

გიტარა

ავტორი: გიგა ხახუტაშვილი

წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა Blues  ან როკმუსიკა გიტარის გარეშე? სწორედ ამის გამო დავინტერესდი ამ საკრავის ისტორიით და, თუ ნებას მომცემთ, მოძიებულ მასალას თქვენც გაგაცნობთ.
სიტყვა “გიტარა” არაბული წარმოშობისაა და უფრო გვიანდელი ტერმინია, ვიდრე თვით საკრავი.
გიტარის ფორმის მუსიკალური საკრავის გამოსახულებები ჯერ კიდევ ეგვიპტის უძველეს პირამიდებზე გვხვდება. მისი წინამორბედები გავრცელებული იყო აზიაში, კერძოდ სირიაში, ბაბილონსა და ფინიკიაში.
გიტარის ისტორიის საკითხებზე ორგვარი აზრია გამოთქმული:
1. გიტარა წარმოიშვა ასირიული ლუთნისგან, რომელიც გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში, სპარსეთსა და არაბეთში. შემდეგ მავრებმა შეიტანეს ესპანეთში.
2. გიტარა მომდინარეობს ბერძნული კითარიდან, მას ჯერ “კიტარა” ერქვა, შემდეგ “ფიდიკულა” და მხოლოდ 16-ე საუკუნეში მიიღო ის სახელწოდება, რომლითაც დღეს ვიცნობთ.

საგიტარო მუსიკამ უდიდეს განვითარებას მიაღწია პორტუდალიის მეფის დონ პიედროს (15-ე საუკუნე) მმართველობის ხანაში, რაც მომდევნო საუკუნეებშიც გაგრძელდა. 16 – 17-ე საუკუნეებში გიტარა დიდი მოწონებით სარგებლობდა საფრანგეთში და ცნობილია, რომ “მეფე მზე” ლუი მეთოთხმეტე ხელს უწყობდა და მფარველობდა შემსრულებლებს.
მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან საესტრადო ხელოვნების ცხოვრებაში ახალი ეპოქა დადგა. ტექნიკურმა პროგრესმა აღმოფხვრა გიტარის ერთადერთი ნაკლი – დაბალხმოვნობა – რაც მას საუკუნეების მანძილზე ჩრდილში აყენებდა. ექვსსიმიანმა გიტარამ შეაღწია საესტრადო და ჯაზურ მუსიკაში, წამყვანი ინსტრუმენტი გახდა როკ-ბენებში. მსოფლიომ გაიცნო ბლუზისა და როკის დიდოსტატები, ელექტროგიტარის ვირტუოზი შემსრულებლები.

გიტარამ დიდი გავლენა მოახდინა ჯაზის და ბლუზის განვითარებაში. მსოფლიოს ტალღასავით გადაუარა მისმა რითმებმა. აღსანიშნავია, რომ ფაშისტური დიქტატურის პირობებში გერმანიში აკრძალული იყო ჯაზური მუსიკა, როგორც “დაბალი რასის ბარბაროსული ხელოვნება”. თუმცა 50-იანი წლებიდან არიული რასის წარმომადგენლებიც დაინტერესდენენ მუსიკის ამ ახალი მიმდინარეობით.
მუსიკის ისტორიამ მრავლად შემოგვინახა გიტარის ჯადოქრები, რომელთაც მსმენელი აღტაცებაში მოჰყავდა. მათ შორის კი გამორჩეულები არიან ჯიმი ჰენდრიქსი, ჰადი ლიტბეტერა, ლონი ჯონსონი, ბლაიდ ბლეიკი და ა.შ.

იანვარი 12, 2010 at 2:08 PM 1 comment

ვეტერინარობიდან ჰოლივუდამდე

სოფო პერტაია

ყევლაფერი ფიქრით იწყება, ფიქრს ოცნებამდე მივყავართ,მიზნის მისაღწევს გზებს გვაჩვენებს, ჩვენში ამბიციებს იწყვევს და გვეძლევა საშულაება ოცნება რეალობად ვაქციოთ. ამბობენ ბავშვობის ბავშვობის პირველი გაცნობიერებული ნატვრა აგვიხდებაო, თუ იშრომებ და შეეცდები მიზნის დასახვას მწვერველზე ახვალო, ეს ოცება ყველაზე ახლოსაა შენთან და შენს რეალობას გამოხატავსო, თუმცა რას აღარ ამბობენ . . . არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები მისთვის წარმოუდგენელ პროფესიას უკავშირებენ თავიანთ ცხოვრებას. შწორედ ასე იყო სმირნაში დაბადებული გოგონას ისტორია, რომელსაც ვეტერინარობა სურდა და ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდა.
ჯულია რობერტსი თვის პატარა ოთახში ცხოველებს ანსახიარებდა და გენიალური ფილმების მთავარი ოილს შემსრულებელი გახდა. დღეს უკვე, როგორც Best Actrees, Best Cast, Real Pretty women- სახელებით მოიხსენიებენ.

ღია ფერის კანი, ტალღოვანი წაბლისფერი თმები, თაფლისფერი თვალები და მაკიაჟით დაფარული სახე საზოგადოებისათვის ძალზედ ცნობილ სახეს წარმოადგენს.

მისი ცხოვრება მართლაც რომ საინტერესოა: ვეტერინარობიდან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, იქიდან კი პირდაპირ ჰოლივუდში, კარიელის მწვერვალიდან კი დღეს უკვე ოჯახში.

ხშირად ცხოვრება ისე გადის, რომ შესაძლოა ვერ ავიხდინოთ ოცნება, თუმცა ერთმა პოლონელმა მეცნიერმა თქვა : რომ აიხდინო შენი ოცნება, ჯერ უნდა იოცნებო და ითამაშო სმყაროში შენი მომავალი როლი, შემდეგ კი აღმოაჩენ სამყაროს ცვლილებას და მიზანს აუცილებლად მიაღწევო.

ვიოცნებოთ დღეს, რომ მივაღწიოთ წარმატებას ხვალ და დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენთვის სასურველ სამყაროში.

იანვარი 12, 2010 at 1:43 PM დატოვე კომენტარი

მარჯანიშვილის თეატრის ისტორია

 ქეთევან ასათიანი

რამდენად ხშირად სტუმრობენ ქართველი ახალგაზრდები თეატრებს?.. ამ კითხვაზე პასუხი ყველამ კარგად ვიცით და ალბათ ამიტომაც გვრცხვენია.. შედეგად რა? პასუხისთვის თავის არიდება თუ თავის მართლება? –არა, მთლად მასეც არაა ჩვენი საქმე, ნაწილი ახალგაზრდებისა თეატრის გარეშე ვერ ცოცხლობსო. ფაქტი ჯიუტია, სიმართლე კი-მწარე. დღევანდელ დღეს, გარკვეულწილად, მივიწყებას მიეცნენ ჩვენი დიდი მსახიობები. (რეჟისორებზე რომ აღარაფერი ვთქვათ). სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა თბილისში მოქმედ ერთ-ერთ თეატრზე დამ მის დამაარსებელ- კოტე მარჯანიშვილზე.

კოტე მარჯანიშვილმა 1928 წელს შემოიკრიბა ნიჭიერი მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები, რეჟისორები და ქუთაისში შექმნა ქართული სახელმწიფო თეატრი. აღსანიშნავია ასევე ის, რომ ეს თეატრი ბათუმშიც წარადგენდა ხოლმე სპექტაკლებს. სწორედ აქ ჩატარდა “ყვარყვარე თუთაბერის” პრემიერა. პირველი სეზონისთვის მზადება ისეთი დაძაბული იყო, რომ უშანგი ჩხეიძე მას საბრძოლო მომზადებას ადარებდა. პრემიერამ იმდენად დიდი წარმატება ჰპოვა, რომ ხალხი თბილისიდან ქუთაისში არამხოლოდ პრემიერებზე, არამედ რიგით სპექტაკლებზე ჩადიოდა. პირველ სეზონში დადგეს ლოპე დე ვეგას “ცხვრის წყარო”, ბერნარდ შოუს “წმინდა ქალწული”, შალვა დადიანის “კაკალ გულში”, კარლო კალაძის “როგორ”, კარლ გუცკოვის “ურიელ აკოსტა” და პოლიკარპე კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”. პირველ წლებში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთა დასს, უამრავი ნიჭიერი და ცნობილი მსახიობი ამშვენებდა: ვერიკო ანჯაფარიძე, მერი დავითაშვილი, სოფიკო ვაჩნაძე, სესილია თაყაიშვილი, ტასო აბაშიძე, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, აკაკი კვანტალიანი, ალექსანდე ჟორჟოლიანი, უშანგი ჩხეიძე და სხვანი. ვგონებ, ამის შემდეგ ყველასთვის ნათელია, თუ რა დონის სპექტაკლები იდგმებოდა “მარჯანიშვილში”. ასეთ დასზე მხოლოდ თუ იოცნებებდა ბევრი იმდროინდელი თეატრი. თეატრმა პირველი ტურნე 1930 წელს ჩაატარა ხარკოვსა და მოსკოვში. საბჭოთა კავშირის პირველმა მეცნიერ-მინისტრმა, ანატოლი ლუნაჩარსკიმ, უმაღლესი შეფასება მისცა თეატრს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა კარლ გუცკოვის “ურიელ აკოსტამ”, რომლის დამდგმელი რეჟისორიც სწორედ კოტე მარჯანიშვილი გახლდათ.

მან 26 სპექტაკლი დადგა და ეს სულ რაღაც 5 სეზონში მოესწრო. ხარკოვისა და მოსკოვის შემდეგ თეატრმა გასტროლები თბილისში ჩაატარა. ამის შემდეგ კი მთავრობის 1930 წლის დადგენილებით, მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი თბილისში გადმოიყვანეს, სახელწოდებით- მეორე ქართული სახელმწიფო დრამის თეატრი კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. თეატრი ზუბალაშვილების სახალხო სახლში დასახლდა, სადაც ის დღემდე მდებარეობს. 1933 წელს კოტე მარჯანიშვილი გარდაიცვალა, რის შემდეგაც თეატრს სათავეში ჩაუდგნენ მისი მოწაფეები- უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი. მეორე მსოფლიო ომის წლებში თეატრში დაიდგა პატრიოტული პრესები: ლევან გოთუას “მეფე ერეკლე”, გიორგი მდივანის “პარტიზანები”, კონსტანტინე სიმონოვის “მელოდე”, მიხეილ ჯაფარიძის “ჟამთაბერის ასული” და ლევან გოთუას “უძლეველნი”. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ შექსპირის დრამატურგია მარჯანიშვილის თეატრში. იდგმებოდა “ოტელო”, “ჭირვეული ცოლის მორჯულება”, “რომეო და ჯულიეტა”, “მეთორმეტე ღამე”, “რიჩარდ მესამე”, “აურზაური არაფრის გამო”, “მაკბეტი” და ა.შ. მარჯანიშვილის თეატრში მოგვიანებით გიგა ლორთქიფანიძემ დადგა რამდენიმე სპექტაკლი. მათ შორის აღსანიშნავია კარლო გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი”, ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “მე ვხედავ მზეს”. თემურ ჩხეიძემ პირველი დადგმა 1976 წელს განახორციელა. ეს იყო ჰენრიკ იბსენის “მოჩვენებანი”. შემდეგ ის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს. 10 წლის განმავლობაში მან დადგა ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა”, მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”. ვფიქრობ, არ იყო ცუდი ძველი დროის გახსენება და იმ გზისთვის თვალის გადავლება, თუ როგორ მოვიდა მარჯანიშვილის თეატრი აქამდე.

იანვარი 12, 2010 at 1:12 PM 1 comment

გზა ,,გოლგოთამდე” :)

სოფო პერტაია

ნაძალდევის რაიონიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსამდე არც ისე მცირე მანძილია. სახლიდან გამოსული უცნაურად ვათვალიერებ არემარეს და თითქოს პირველად დავაკვირდი ასე დაჟინებით გარემოს. ჩემ მიერ ამ ერთი შეხედვით ,,დატკეპნილ’’ ქუჩას უამრავი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონია. დადიანის ქუჩა საკმაოდ გრძელია. მივყვები მას და ძალიან ბევრ ვისთვის საინტერესო, ვისთვის კი სრულიად უინტერესო ფაქტს ვაწყდები. აქ დიდი Vissol-ის ბენზინგასამართი სადგურია, სადაც მანქანების გამუდმებულ რიგს აუცილებლად მიაქცევთ ყურადღებას, თუმცა საინტერესოა რატომ არის აქ გამუდმებით ამდენი მანქანა. ფასები? მხოლოდ დიზელის ფასია მითითებული, 1.05 თ, როგორც ჩანს მომხმარებლისათვის მათი ფასები მისაღებია, ალბათ სწორედ ამიტომაა დიდი რაოდენობით რომ ითხოვენ საწვავს. მომსახურებაც არცთუ ისე ცუდია… ამ მცირე თუ დიდი ბიზნესის კერას რომ გავცდებით ერთი პატარა ბუტიკი დგას, სადაც ასე შუახნის ქალბატონი გამუდმებით კლიენტს ელოდება და თითქმის ცარიელ მაღაზიაში იწვევს გამვლელს. ბუტიკს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის კვალი დასტყობია. ქალბატონს ჩემი გამოჩენა გაუხარდა , სათნო სახითა და მშვიდი ხმით მეც ,,მიმიპატიჟა’’ ნახევრად ცარიელ მაღაზიაში და შემოსათავაზებელი რომ ვერაფერი შეარჩია მზესუმზირაზე მანიშნა და შეაქო კიდეც… ზრდილობისათვის რამდენიმე ჭიქა ვიყიდე და ნავაჭრით მცირედით გახარებული ქალბატონი უკან მოვიტოვე. მანქანების მოძრაობა ხმაურს იწვევს, ქალაქისათვის დამახასიათებელი მტვერი კი სასუნთქ გზებს კრავს… გაჩერებებზე ავტობუსის მოლოდინში მოქალაქეთა დიდი რაოდენობა შეკრებილა, ზოგი ტელეფონზე საუბრობს, ზოგი მუსიკის მოსმენით ცდილობს დროის გაყვანას, ზოგიც კი ხმამაღლა გამოთქვამს უკმაყოფილებას ავტობუსის დაგვიანების გამო. გზის მეორე მხარეს გადავედი. აქეთ განსხვავებული სიტუაცია და ატმოსფეროა. სუპერმარკეტს ბანკი მოსდევს, ბანკს ხილ-ბოსტნის მაღაზია… ხალხმრავლობა და ფუსფუცი აშკარად შეიმჩნევა.

ერთი ქალბატონი კი გარეთ სავაჭროდ გამოსულ გამყიდველს მწვანილის ფასის დაკლებას სთხოვს, დათანხმების შემდეგ მცირედით გახარებულმა კლიენტმა გამყიდველს ხურდები ჩაუთვლა. ,,სახალხო ბანკში“ რიგები შესასვლელიდან იწყება, პენსიებს არიგებენ და განსაკუთრებული მოთხვონა სწორედ ამით აიხსნება… რეკლამებს უკეთებენ ყველაფერს: ყველს, ხორცს, ფარშს, ჯიგარს… პოსტერის შეკვეთა ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც კლიენტის მოსაზიდად სუპერმარკეტის მფლობელებს ყურადღების მისაქცევად ,,ხელთნაკეთი’’ წარწერები აქვთ გაკრული, სადაც ახალი ხორცისა და ყველის რეკლამის გარდა მათ დაბალ ფასებზე აქვთ აქცენტი გაკეთებული… ნაძალადევის მეტროსთან ჩვეულებრისამებრ ხალმხრავლობაა. მზესუმზირის გამყიდველი ქალბატონი სიცივისაგან შეშმუშნულა და ხელებს იფშვნეტს. ახალგაზრდა ყმაწვილი კი გამუდმებისთ საათზე იხედება, აშკარაა რომ ვიღაცას ელოდება. გზას განვაგრძობ და ვფიქრობ რომ უნივერსიტეტამდე კიდევ ბევრ ფაქტს წავაწყდები. სათამაშო კლუბები, ავტოსკოლები, სალონები,მაღაზიები ერთმანეთს ენაცვლება, სწარაფი ობიექტების სიმრავლეც აშკარად თვალშისაცემია. დაინტერესებულმა შევიხედე, ასე ორმოციოდე მომხმარებელი იქნებოდა, ძირითადად ახალგაზრდები. ერთ დროს ძალიან პოპულარულ მაღაზიებში კი, ,,მარჩელოსა’’ და ,,ჟოზეფინაში’’, მხოლოდ მომსახურე პერსონალია. წარწერებია ყველგან: კედლლებზე, სახლის ფანჯრების ქვეშ და ხეებზეც კი…


სახლების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების გარდა სასწავლო დაწესებულების მისამართი და პირობებია აღწერილი, შეასწავლიან გიტარასა და პიანინოზე დაკვრას, კომპიუტერულ პროგრამებს და ბუღალტერიასაც და აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ 15 დღეში. ასე რომ ამ ყველაფრის შემხედვარე მე ჩემი დასკვნებიც გავაკეთე მათ ხარისხზე… კედლებზე ვისთვის უცნაურ, ვისთვის კი ძალიან დიდი გრძნობის გამომხატველ ფრაზებს წავაწყდი. ბანალური ფრაზები და სიყვარულის ახსნის განსხვავებული ხერხები, ბავშვურად გამოხატული გატაცებები, პლუსისთ დაკავშირებული ორი ადამიანის სახელები და დაბადების დღეების მილოცვები… ამასობაში გადასასვლელ ხიდათან მივედი. აქ სათამაშო აპარატებთან ათეულობით ახალგაზრდა დგას მოგების მოლოდინში. გარე მოვაჭრეებს კი საქონელი გამოუტანიათ და გამვლელებს სთავაზობენ მათი თქმისა არ იყოს ,,ხელსაყრელ ფასად’’. გადასასვლელ ხიდზე მატარებლისათვის დამახასიათებელი სუნით გაჟღენთილ ატმოსფეროს მუსიკალურად პატარა ე.წ. ,,Mუსიც შტორყ“ აფორმებს. ხიდი გადავიარე, ბაზრობის ტერიტორიასაც გვერდი ავუქციე და თამარ მეფის გამზირისაკენ გავეშურე. აქ განსაკუთრებულმა ხმაურმა და სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელმა დიალექტმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ალბათ ყველაზე მეტი მაინც სამეგრელოს რეგიონიდან სტუმრობს დედაქალაქს. რამდენიმემ მეგრულად გადაულაპარაკა ერთმანეთს, ალბათ სურდა ხმადაბლა გამოსვლოდა, თუმცა რამდენად გამოუვიდა ეს უკვე სადავოა… ერთი პატარა, მაგრამ საკმაოდ ლამაზი, გაზაფხულზე ბავშვების ჟრიამულით აკლებული ბაღი დღეს დაცარიელებულია, მხოლოდ ერთი მამაკაცი ჩამომჯდარა სკამზე და ხაჭაპურსა და კოკა-კოლას აგემოვნებს. დაჟინებით რომ ვაკვირდებოდი უცნაურად გამომხედა, მე კი მზერა ავარიდე და ,,დანიური სახლისაკენ“ გავეშურე, სადაც 40-70 პროცენტამდე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას მინაზე გაკრული ,,შალე 40-70’’ გვაძლევს. ,,დანიურ სახლს“ გვერდით ,,პრო-კრედიტ ბანკის’’ მრავალსართულიანი შენობა დგას… მე კი გაჩერებასთან გავჩერდი და ავტობუსით გადავწყვიტე გზის გაგრძელება შემდგომი არასასურველი ფაქტების თავიდან ასაცილებლად. (თამარ მეფის ხიდის გადავლას და ცირკთან ჩავლას ვგულისხმობ…) ამცირე ხნის ლოდინის შემდეგ ავტობუსიც მოვიდა და ნახევრად ცარიელ სამგზავრო ტრანსპორტში მეც დიდი სიამოვნებით ავედი (ჩვეულებრისამებრ გადაჭედილია ხოლმე), ახლად დაყენებულ ე.წ. ,,ტიცკეტ ბოხ-თან’’ მივედი და სტუდენტური ბილეთი ავიღე. ამჟერად გარემოს თვალიერება ავოტობუსიდან დავიწყე. აქაც ნაცნობი სიტუაციაა: გაჩერებებზე კვლავ ხალხის დიდი რაოდენობა, კვლავ წარწერები და საცობები… ხიდზე დღეს უკვე წარსულისაგან განსხვავებით სიცარიელეა და არც საეჭვო ჩანს რამე. ავტობუსი ვარაზის ხევს აუყვა, საშინელი საცობია და ალბათ კიდევ სულ მცირე 7 წუთი ვერ მივაღწევ დანიშნულების ადგილს. ტრანსპორტში მსხდომ მგზავრებს სახეზე გადაღლა და უხასიათობის ელემენტები შეპარვიათ. ორი პატარა ბავშვი კი სრულიად უდარდელად, გარემოს აღუქმელად,ეთამაშება ერთმანეთს და ბავშვებისათვის ჩვეული კისკისით მცირედით მაინც ახერხებენ მგზავრების გახალისებას. დრო სწრაფად გავიდა, როგორც იქნა ავტობუსმა ჭავჭავაძის გამზირს მიაღწია, მეც ჩამოვედი და ჩემი მზერა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შევავლე. ყველაფრის მიუხედავად იგი მაინც ,,ცოდნის ტაძარია’’ და ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემს, როგორც ჟურნალისტის, ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.

იანვარი 12, 2010 at 1:07 PM დატოვე კომენტარი

ძველი პოსტები


კატეგორიები

Flickr Photos