Archive for დეკემბერი, 2009

გაუჩო

 

როდესაც საუბრობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე, იქ აუცილებლად ახსენებენ რონალდინიო გაუჩოსაც. თუმცა ბოლო წლებში ნამდვილად გაგვიჭირდებოდა მასში იმ ადამიანის ამოცნობა, რომელსაც კატალონიელმა გულშემატკივარმა “el maestro” უწოდა. 2005-2006 წლის ტრიუმფის შემდეგ იგი მატჩიდან მატჩამდე უკლებდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მისი ადგილი “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების რიგებში სხვა ფეხბურთელებმა დაიკავეს.
 რამ გამოიწვია მისი მოტივაციის ასეთი უეცარი ვარდნა? მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს – კატალონიის “ბარსელონასთან” ერთად თითქმის ყველა გუნდური და ინდივიდუალური პრიზების მოგება, უამრავი სარეკლამო გადაღება და ძალიან დატვირთული გრაფიკი, ღამის ცხოვრება და რაც, ყველაზე მთავარია, “ბრაზილიური სიზარმაცე”.
 დღესდღეობით რონალდინიომ მოახერხა “როსონერის” ძირითადში ადგილის დამკვიდრება და ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ყალიბდება მილანური გრანდისთვის. დარჩა კიდევ ერთი მისია შესასრულებელი – ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე.
 როგორც ოპტიმისტი, მივიჩნევ რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია (თუ მან ასეთი ტემპით გააგრძელა საკუთარ თავთან მუშაობა) და ძალიან მალე საფეხბურთო გურმანები კვლავ მიიღებენ წარმოუდგენელ სიამოვნებას მისი თამაშისგან.

Advertisements

დეკემბერი 29, 2009 at 7:20 PM 4 comments

საფეხბურთო იუმორი

ფეხბურთში რომ მრავლად გვხვდება უცნაური, და ცოტა არ იყოს, უხერხული მომენტები, ალბათ, ბევრისთვის ნამდვილად არ იქნება აღმოჩენა. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ ფოტოს…

დეკემბერი 29, 2009 at 3:15 PM დატოვე კომენტარი

შეუზღუდავი შეზღუდეს

ნინო ახალაძე

2009 წლის პირველი ნოემბერი… სცენა პირველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი… კედელზე გაკრული ნიშანი _ “მოწევა აკრძალულია”… ამ ნიშნის ქვეშ ლექტორი ეწევა…
2009 წლის პირველი დეკემბერი… სცენა მეორე: იგივე უნივერსიტეტი… უკვე ნაცნობი ნიშანი… ისევ ლექტორი-სიგარეტით ხელში… იღებს პირველ გაფრთხილებას – ჯარიმას 15 ლარის ოდენობით. კიდევ ორი ასეთი გაფრთხილება და მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ.


სწორედ 2009 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “მოწევის აკრძალვის მარეგულირებელი წესები”. წესების მესამე მუხლი გულისხმობს უნივერსიტეტის პერსონალის კონტროლს და 15-, 35- და 75-ლარიანი ჯარიმების შემდეგ მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ხოლო მეოთხე მუხლის მიხედვით, სტუდენტს, რომელიც სამი გაფრთხილების (5, 10, და 50 ლარის ოდენობით) შემდეგ დაარღვევს წესებს, უწყდება სტუდენტის სტატუსი. ამ ყველაფერზე “კონტროლის განხორციელება ევალება ფაკულტეტებს”. შეზღუდვებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ სტუდენტები. თაკო, მესამე კურსი: “არ არის გამოყოფილი მოსაწევი ადგილები. ამითი მაიძულებენ, რომ ქუჩაში გავიდე და იქ მოვწიო. ჩემი აზრით, ეს უსამართლობაა”. უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნოდარ ბელქანია აღნიშნავს, რომ ამ საკითხმა იმედნად დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რომ ის განათლების სამინისტროს საბჭოებზე ბევრ სხვა მწვავე პრობლემასთან ერთად განიხილება. სწორედ ამიტომ ექცევა დიდი ყურადღება ამ წესების მკაცრად დაცვას.
2003 წლის 6 ივნისს მიღებული კანონი საქართველოში თამბაქოს მოწევის შესახებ, ითვალისწინებს: ”სკოლამდელი აღზრდის, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში თამბაქოს აკრძალვას”. თუმცა, კანონის მეოთხე მუხლში, ასევე, აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული ”ობიექტების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან გამოყონ თამბაქოს მოწევისთვის სპეციალური ადგილები”. ამ პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება არ სრულდება თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში. მეტიც, ბევრ უნივერსიტეტში თამბაქოსთან დაკავშირებული აკრძალვები საერთოდ არ მოქმედებს.
2008 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა “თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონში. ერთერთი ცვლილების თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ ბარებსა და რესტორნებში ადგილების, მინიმუმ, 50% უნდა ეთმობოდეს არამწეველებს. თბილისის მასშტაბით ჩატარებულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ კანონის აღნიშნული მუხლი, ძირითადად, არ მუშაობს. მაგალითად, რესტორან “ნიკალაში” მოწევა არ იზღუდება და, ამასთანავე, არამწეველებისთვის გამოყოფილი სპეციალური ზონებიც არ არსებობს. იქ კი, სადაც მოწევის ამკრძალავი ნიშნებია, მხოლოდ პერიოდულად ამოწმებენ სრულდება თუ არა ეს პირობა. რესტორან “ბარაქას” თანამშრომელი, თეა აღნიშნავს: ”გარდა იმისა, რომ ჩვენთან არის ეს ნიშანი, გვაქვს შესაბამისი სერთიფიკატიც… რაც შეეხება შემოწმებას, ხანდახან მოდიან და ამოწმებენ, მაგრამ ეს არ არის ხშირი”.
კანონში 2008 წელს შეტანილი მორიგი ცვლილების მიხედვით: “თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს სამისნისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნებზე თამბაქოს გაყიდვა აკრძალულია. ასეთი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს არანაკლებ A4 ფორმატზე”. დღესდღეობით, საქართველოში, ამ კანონის შემსრულებელი მაღაზია პრაქტიკულად არ არსებობს. ხოლო, რაც შეეხება, ერთერთ ქვეპუნქტს, რომ “თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია აკრძალულია სიგარეტის ერთეული ღერებით, ერთეული შეფუთვით (კოლოფით) თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია”, აღმოჩნდა, რომ თამბაქოს რეალიზაციის ადგილებში საერთოდ არ სმენიათ მსგავსი კანონის არსებობის შესახებ. გამყიდველ, მანანას თქმით: ”8 წელია ამ მაღაზიაში ვმუშაობ და ცალობითაც ვყიდი სიგარეტს ისე, რომ ჯერ არავინ მომდავებია, კანონს არღვევო”.


“თამბაქოს შესახებ” კანონის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს მიყიდვა არასრულწლოვანი პირებისთვის. “რეალიზატორს უფელბა აქვს თამბაქოს მყიდველი პირის არასრულწლოვნებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში მოითხოვოს სრულსწლოვნობის დამადასტურებელი დოკუმენტი”. იმის გასარკვევად, იცავენ თუ არა ამ კანონს თამბაქოს რეალიზატორები, ჩავატარეთ ექსპერიმენტი: თბილისის ერთერთ მაღაზიაში სიგარეტის შესაძენად შევუშვით 13 წლის ნიკუშა. რამდენიმე წუთში ის სიგარეტის კოლოფით დაბრუნდა. მისი თქმით: “გამყიდველს არაფერი არ უკითხავს: არც ასაკი და არც პირადობის მოწმობა”. ექსპერიმენტის შედეგი ნათელია…

კანონი საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ, მასში შესული  შესწორებებით, ძალაში 2009 წლის პირველი იანვრიდან შევიდა… ახლა დეკემბერია… შესაძლოა, საზოგადოებისთვის კანონის მიღებიდან ერთი წელი ძალიან მცირე პერიოდია მის გასათავისებლად. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ათწლეულების მანძილზე ამ საკითხს მკაცრად არავინ აკონტროლებდა. თუმცა, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გატარებული “მოწევის ამკრძალავი” წარმატებული რეფორმა გვაძლევს საფუძველს გვქონდეს იმედი, რომ მომავალი თაობა უფრო კანონმორჩილი იქნება და მომავალში საქართველოს ყველა მოქალაქე დაემორჩილება მოწევის ერთობ შეუზღუდავი ჩვევის ერთობ შემზღუდველ კანონს”.

დეკემბერი 28, 2009 at 9:15 AM 12 comments

ანაზღაურებული წარჩინება

ქეთევან ასათიანი

სტუდენტის ფიქრები -“როგორ მოვიპოვო ყოველთვიურად 150 ლარი?” უბრალოდ ისწავლე კარგად!- აი, ასეთ მომსახურებას უწევს სახელმწიფო ბიუჯეტი წარჩინებულ სტუდენტებს. ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გადაწყვიტა, საქართველოს მასშტაბით მოქმედი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) სტუდენტები ფინანსურად წაეხალისებინა და მათი სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო გარკვეული ფინანსები, რის შედეგადაც თითო სტუდენტი ყოველთვიურად მიიღებდა თანხას 150 ლარის ოდენობით. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, სხვებისგან განსხვავებით, აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, რადგან ის მეტნაკლებად ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა “ყველაფერი გენიალური სიმარტივეშიას” გათვალისწინებით. მარტივად გამოიმუშავებ ფულს –უბრალოდ ისწავლი კარგად და ამას შენი სახელმწიფოს ბიუჯეტი აანაზღაურებს.
გაინტერესებთ, რაში გამოიხატება კარგი სწავლა და “წარჩინებულ სტუდენტთა ფინანსური წახალისების” პროგრამა რა კრიტერიუმებით საზღვრავს მას?- ამ მხრივ სხვადასხვა ინსტიტუტში განსხვავებულ ვითარებას ვაწყდებით. ასე მაგალითად: თუ სამხატვრო აკადემიაში სემესტრში ყველა საგანში 90-ზე მაღალი ქულა თვეში 150 ლარის გარანტიაა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 80-ს ზემოთ ქულებიც საკმარისია, მაგრამ აქ მარტო ქულებთან როდი გვაქვს საქმე. სტუდენტებისგან სამეცნიერო ნაშრომებსაც ითხოვენ, ხოლო თუ სამეცნიერო კონფერენციებშიც გაქვს მონაწილეობა მიღებული, მაშინ ისღა დაგრჩენია, ელოდო, როდის გადმოირიცხება თანხა შენს პირად ანგარშზე.
თუ რამდენიმე წლის წინანდელ ვითარებას გავითვალისწინებთ, როცა სახელმწიფოს მიერ 20 ლარის ფარგლებში გაწეული სოციალური დახმარება სტუდენტთა სტიპენდიად ითვლებოდა, ცხადია, რომ 150 ლარი ახალი ხილია, თანაც შედარებით გემრიელი. სახელმწიფოს რწმენით, ის ფულს ახალგაზრდობის განათლებაში აბანდებს, რათა საბოლოოდ სახელმწიფოსვე დაუბრუნდეს ის.
ასეთი შეკითხვები კი ცოტას თუ გასჩენია: როგორი თაობის აღზრდას უწყობს სტიპენიდა ხელს- სწავლაზე ორიენტირებულს, თუ ნიშნებზე? რამდენად გამართლებულია იღებდე ფულს საკუთარ სწავლა-განათლებაში? სწორედ ამ კითხვებით შეიარაღებულმა მივაკითხე სხვადასხვა უნივერსიტეტის, განსხვავებული კურსის წარმომადგენელ, როგორც სტიპენდიანტ,ისე არასტიპენდიანტ სტუდენტებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სტიპენდიანტი ნინო: “რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს სტიპენდიები და კარგად სწავლა უნდა გვიფასდებოდეს. ის ხელს უწყობს საქართველოში მეტი განათლებული ადამიანის აღზრდას, რომელიც ისევ ჩვენს ქვეყანას გამოადგება.”
თბილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეორნეო ინსტიტუტიდან თორნიკე, რომელსაც არასდროს აუღია სტიპენდია. “ უნდა არსებობდეს სტიპენდიები-რატომაც არა. იქნებ, ოდესმე მეც ავიღო.” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიანტი სტუდენტი, თამუნა: “სახელმწიფო უნდა აბანდებდეს ფულს ახალგაზრდობის განათლებაში.”
როცა შევატყვე, რომ თითქმის ყველგან ერთგვაროვან პასუხებს ვიღებდი, შევეცადე, სხვანაირი კუთხით წარმომეჩინა ჩემი შეკითხვა- რამდენად ხარისხიანია სტიპენდიის ხათრით მიღწეული განათლება? ამაზე ასე მიპასუხეს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა-“ხარისხიანი თუ ვერაა,ყოველ შემთხვევაში ხელს მაინც უწყობს ჩვენს განვითარებას.სტიმული გეძლევა, ისწავლო უკეთესად და რა მნიშვნელობა აქვს რა მიზნით აკეთებ ამას? შედეგს ხომ მაინც იღებ.”
ცნება,სახელად სტიპენდიასთან დაკავშირებით, გავესაუბრე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე ეკონომისტს, ქალბატონ ნანა მენაბდეს, რომლის აზრითაც, სახელმწიფო სტუდენტების სტიმულირებას უნდა უზრუნველყოფდეს. “თუ ყველა განვითარებულ ქვეყანაში აფასებენ წარჩინებულ სტუდენტებს, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამონაკლისი? რაღაც ხერხით ყველგან განარჩევენ ასეთ ახალგაზრდებს. მაგალითად, უფასოდ აცხოვრებენ საერთო საცხოვრებელში, ან უფარავენ სწავლის გადასახადს.” ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონ ლარს გამოყოფს ბიუჯეტი სტიპენდიებისთვის. ქალბატონი ნანას აზრით, განათლებაზე დახარჯული არანაირი თანხა არ უნდა ითვლებოდეს გადაყრილად. ”ეს ეკუთვნის დოტაციურ თანხებს და ის აუცილებლად ბიუჯეტიდან უნდა გადიოდეს. საერთოდ, ყოველთვის ამართლებს განათლებაზე გაწეული თანხები, მით უმეტეს, სტიპენდიები, რაც სტუდენტთა წახალისებას უწყობს ხელს. ქვეყანას კი ნამდვილად სჭირდება უკეთესად მომზადებული კადრები.”
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომუშავე ლექტორის, ბატონი გოდერძი ტაბატაძის აზრით, მიუღებელია სტიპენდიის ცნება. “სახელმწიფოს მხრიდან ეს მხოლოდ ფულის ყრაა და მეტი არაფერი. ვისაც სწავლა უნდა, ისედაც ისწავლის. რაც შეეხება სტიმულს, ეს უზრუნველყოფილი მომავალი და წარმატებული კარიერაა, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ სტუდენტი სწავლის საჭიროებას გრძნობდეს. ისინი, ვინც სტიპენიდიის ხათრით სწავლობენ, ვერასდროს გამოადგებიან ქვეყანას, რადგან, Dშეუძლებელია, მათი განათლება მაღალი სტანდარტების შესაბამისი იყოს.” ბატონი გოდერძის თქმით, დღესდღეობით, არც ერთ უნივერსიტეტში არ ხდება სტუდენტთა აბსოლუტურად ობიექტური და სწორი შეფასება, რის გამოც, ნიშნების მიხედვით ვერ შევაფასებთ სტუდენტის განათლების დონეს.
განსხვავებული მოსაზრებების მოსმენის შემდეგ თქვენთვის მომინდია სტიპენდიის ავკარგიანობის შეფასება. მთავარი კი მაინც ისაა, რომ თურმე სწავლაც იყიდება.

დეკემბერი 28, 2009 at 9:08 AM 11 comments

ZeniT

დეკემბერი 27, 2009 at 6:59 PM 2 comments

შექსპირის უკვდავყოფილი თეატრის სიკვდილი “ალექსანდრეს ბაღში”

არდაფინანსებული თუ არშემდგარი

ხელოვნების ცენტრი თბილისში

ავტორი: მარგო ჯაფარიძე

მერია თბილისობის დღესასწაულისთვის აფუსფუსდა: “ექსტემალურ პირობებში” შედგა “ცხრა აპრილის ბაღის” რეკონსტრუქცია, რომელსაც არა მარტო ჩვენი, არამედ უფროსი თაობაც დღემდე “ალექსანდრეს ბაღს” უწოდებს. მართლაც, ამწვანდა ბაღი, ქვაფენილებით მოიკირწლა ბილიკები, გაიხსნა ბასეინი, გაკეთდა კიბეები,  დაიდგა ახალი სკამები და  ლამპიონებით განათდა ეზო, მაგრამ ამ ეზოზე მეტად დიდხანს მომწონდა პატარა მრგვალი შენობა, რომლის არცთუ მიმზიდველ გარეგნობას მე მაინც არაერთხელ მივუზიდივარ და მივუყვანივარ საცქერლად: ოცნებით წარმოვიდგენდი პატარა სცენას მსახიობებით, მათ არაბუნებრივ მოძრაობებს, შუბლზე ოფლი რომ ასკდებათ. ვხედავდი, როგორ ვაყოლებდი მათ ჩემს შურიან მზერას.

მეტეხის თეატრი, რომელიც 1974 წელს შეიქმნა, 1988 წელს ადგილი შეიცვალა და ათი წლით “ძველ სახლში” გადაბარგდა. ხოლო შემდეგ, რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის დაუღალავი შრომის შედეგად, თეატრისთვის შენობა აიგო “ალექსანდრეს ბაღში,” რომელიც გარეგნულად გლობუსის მსგავსია, იმ თეატრისა, რომელშიც ოდესღაც შექსპირი თავად თამაშობდა. ამ არქიტექტურის მიბაძვით მრავალ თეატრი აიგო მსოფლიოში და სახელიც იგივე დაერქვათ. შესაბამისად, ქართულ არქიტექტურულ “ნახევარსფეროსაც” გლობუსი უწოდეს. აქ  მრევლიშვილი წლების განმავლობაში დგამდა სპექტაკლებს, იწვევდა ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობებს, უთმობდა სცენას და აძლევდა ყველანაირ შანსს, გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები. 2004 წლიდან რეპერტუარში შედიოდა ისეთი სპექტაკლები, როგორიცაა “კვერცხი”, “იდიოტი”, “თეატრის მოტაცება” და სხვა. მათი დიდი ნაწილი დღეს რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგმება.

დადგა დრო და თეატრს ფინანსურად გაუჭირდა. თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, თეატრი დაეხურათ. მრევლიშვილს,  ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ჯაფა წყალში ჩაუყარეს: თეატრიდან  გაუშვეს.

2008 წელს იმავე მუნიციპალიტეტმა თეატრების რეორგანიზაცია წამოიწყო. გადაწყდა თეატრის აღდგენა. ამ პერიოდში საქართველოში ჩამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორი დავით პაპავა, რომელმაც  კარიერა განვლო ჯერ ლონდონის წამყვან თეატრებში, შემდეგ კოლუმბიაში, სადაც მან გაბრიელ გარსია მარკესისგან “მარტოობის ასი წელიწადის” ინსცენირების უფლება მიიღო. თეატრის ხელმძღვანელად სწორედ მისი კანდიდატურა დასახელდა. ორდღიანი ყოყმანის შემდეგ, რეჟისორი დათანხმდა და თავისი პირობაც წამოაყენა: თეატრი სახეცვლილი უნდა აღმდგარიყო. ეს იქნებოდა ლაბორატორია, რომელიც დაეთმობოდა არა მარტო მსახიობებს, არამედ ნიჭიერ რეჟისორებს, მხატვრებს, დიზაინერებს და საერთოდ, ხელოვნების რაიმე დარგით დაინტერესებულ ადამიანებს. მოეწყობოდა შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები, სტუდენტური ფილმების ჩვენებები, მოდის კვირეულები. რა თქმა უნდა, ამისთვის არც თუ მცირე თანხები იყო საჭირო, მაგრამ ამის პირობა მიიღეს.

პარკი კი გალამაზდა, მაგრამ თეატრს ცვლილება ვერ შევატყვე: იგივე გაშავებული ხის ფასადი და დაჟანგებული სახურავი ეჭვს კიდევ უფრო მიმძაფრებდა. ორჯერ ვესაუბრე დარაჯს, რომელიც ყოველდღე ელოდა მუშების გამოჩენას, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, შეღებეს კედლები, შეიძინეს ცოტაოდენი აპარატურა… და სეზონიც გაიხსნა. პრემიერა თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში შედგა.

იმ ერთი წლის განმალობაში, რაც პაპავა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დაიდგა ოთხი სპექტაკლი, იყო შემოთავაზებები, გამოფენები, მაგრამ აშკარა იყო, რომ თეატრს მაყურებლები აკლდა. ანკი, საერთოდ, იცოდა ვინმემ მისი ფუნქციონირების შესახებ?! ეჭვი მეპარება. აღფრთოვანება ვერ დავმალე, ერთადერთხელ რომ დავინახე აბაშიძის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის კარზე აკრული “გლობუსის” აფიშა.

სპექტაკლებზე ვნახე ის, რაც ჩემს წარმოსახვაში არსებობდა: თანამედროვე პიესებზე შექმნილი სპექტაკლები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ორიგინალური ხედვით. ცხადია, არ იყო სტურუას, ჩხეიძის, დოლიძის აკადემიური სტილი და საბჭოური ალეგორიები. სამაგიეროდ იყო თამამი ინტელექტუალური ინტერპრეტაციები. ეს არ ემსგავსებოდა ბალაგანს, რადგან არც რეჟისორებს, არც მსახიობებს არ ჰქონდათ “მაღალი მიზნები”, აცნობიერებდნენ, რომ ეს იყო ექსპერიმენტი, ჩვენც ვიცოდით და გაგებით ვეკიდებოდით.

მზრუნველი ხელი ყველაფერს ეტყობოდა, მაგრამ ნათელი იყო,  რომ ძველი სკამები რიგიანად არც კი შეეკეთებინათ, მსახიობის ყოველ შეხტომაზე კი ველოდი, რომ მორყეული იატაკი ჩაიმტვრეოდა და  მიწაში ჩაიტანდა. მაგრამ, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, შემოდგომის სუსხიან დღეებში აქ  საოცრად თბილობდა, მგონი, თეატრალებიც ათბობდნენ და იმიტომ.

ასეთ პირობებშიც კი “გლოუბსს” ესტუმრა ინგლისის ნაციონალური თეატრის ხელმძღვანელი ნიკ სთარი და ლონდონის ერთ-ერთი წარმატებული თეატრის, `იანვიკის,” სამხატვრო ხელმძღვანელი დევიდ ლანი. ექსპერიმენტული სცენიდან ტრეინინგებისთვის თან წაიყვანეს ერთი რეჟისორი და ერთიც მხატვარი.

ფაქტი იყო, რომ პაპავას დიდი ამბიციები ჰქონდა და მის ინტერესებს უპირისპირდებოდა სამინისტრო, რომელიც სულაც არ აპირებდა დიდი თანხები ჩაედო ამ პატარა, ასკაციანი დარბაზის თეატრში, რომელიც, სავარაუდოდ, მოგებას ვერ მოიტანდა და საკუთარი ფინანსებითაც ვერ შეძლებდა თავის გატანას. რეჟისორი ფაქტობრივად მოატყუეს და ერთი წლით თბილისს მიაჯაჭვეს.

ერთ დღესაც მან მოულოდნელად შეიტყო, რომ მისი თეატრი აღარ არსებობდა. აღარ არსებობდა არც ძველი “გლობუსი” და აღარც თანამედროვე “გლოუბი” (ასე უწოდა მან თავის ახალ ხელოვნების ცენტრს). რეჟისორი საქართველოდან “გაიქცა,” მაგრამ ის ახალგაზრდები ახლა სად არიან, ვინ იცის. ფაქტია, რომ  მათთვის თავისუფალი, ღია და სასწავლო სივრცე დაიხურა. შექსპირის “გლოუბის” იმიტაციას კი ისეთი პირი უჩანს რომ, მალე გაიყიდება. ყოველ შემთხვევაში, მრავალგზის სახეცვლილმა ჭორებმა ჩემამდე ასე მოაღწია.

დეკემბერი 27, 2009 at 6:15 PM 6 comments


კატეგორიები

Flickr Photos