შექსპირის უკვდავყოფილი თეატრის სიკვდილი “ალექსანდრეს ბაღში”

დეკემბერი 27, 2009 at 6:15 PM 6 comments

არდაფინანსებული თუ არშემდგარი

ხელოვნების ცენტრი თბილისში

ავტორი: მარგო ჯაფარიძე

მერია თბილისობის დღესასწაულისთვის აფუსფუსდა: “ექსტემალურ პირობებში” შედგა “ცხრა აპრილის ბაღის” რეკონსტრუქცია, რომელსაც არა მარტო ჩვენი, არამედ უფროსი თაობაც დღემდე “ალექსანდრეს ბაღს” უწოდებს. მართლაც, ამწვანდა ბაღი, ქვაფენილებით მოიკირწლა ბილიკები, გაიხსნა ბასეინი, გაკეთდა კიბეები,  დაიდგა ახალი სკამები და  ლამპიონებით განათდა ეზო, მაგრამ ამ ეზოზე მეტად დიდხანს მომწონდა პატარა მრგვალი შენობა, რომლის არცთუ მიმზიდველ გარეგნობას მე მაინც არაერთხელ მივუზიდივარ და მივუყვანივარ საცქერლად: ოცნებით წარმოვიდგენდი პატარა სცენას მსახიობებით, მათ არაბუნებრივ მოძრაობებს, შუბლზე ოფლი რომ ასკდებათ. ვხედავდი, როგორ ვაყოლებდი მათ ჩემს შურიან მზერას.

მეტეხის თეატრი, რომელიც 1974 წელს შეიქმნა, 1988 წელს ადგილი შეიცვალა და ათი წლით “ძველ სახლში” გადაბარგდა. ხოლო შემდეგ, რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის დაუღალავი შრომის შედეგად, თეატრისთვის შენობა აიგო “ალექსანდრეს ბაღში,” რომელიც გარეგნულად გლობუსის მსგავსია, იმ თეატრისა, რომელშიც ოდესღაც შექსპირი თავად თამაშობდა. ამ არქიტექტურის მიბაძვით მრავალ თეატრი აიგო მსოფლიოში და სახელიც იგივე დაერქვათ. შესაბამისად, ქართულ არქიტექტურულ “ნახევარსფეროსაც” გლობუსი უწოდეს. აქ  მრევლიშვილი წლების განმავლობაში დგამდა სპექტაკლებს, იწვევდა ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობებს, უთმობდა სცენას და აძლევდა ყველანაირ შანსს, გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები. 2004 წლიდან რეპერტუარში შედიოდა ისეთი სპექტაკლები, როგორიცაა “კვერცხი”, “იდიოტი”, “თეატრის მოტაცება” და სხვა. მათი დიდი ნაწილი დღეს რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგმება.

დადგა დრო და თეატრს ფინანსურად გაუჭირდა. თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, თეატრი დაეხურათ. მრევლიშვილს,  ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ჯაფა წყალში ჩაუყარეს: თეატრიდან  გაუშვეს.

2008 წელს იმავე მუნიციპალიტეტმა თეატრების რეორგანიზაცია წამოიწყო. გადაწყდა თეატრის აღდგენა. ამ პერიოდში საქართველოში ჩამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორი დავით პაპავა, რომელმაც  კარიერა განვლო ჯერ ლონდონის წამყვან თეატრებში, შემდეგ კოლუმბიაში, სადაც მან გაბრიელ გარსია მარკესისგან “მარტოობის ასი წელიწადის” ინსცენირების უფლება მიიღო. თეატრის ხელმძღვანელად სწორედ მისი კანდიდატურა დასახელდა. ორდღიანი ყოყმანის შემდეგ, რეჟისორი დათანხმდა და თავისი პირობაც წამოაყენა: თეატრი სახეცვლილი უნდა აღმდგარიყო. ეს იქნებოდა ლაბორატორია, რომელიც დაეთმობოდა არა მარტო მსახიობებს, არამედ ნიჭიერ რეჟისორებს, მხატვრებს, დიზაინერებს და საერთოდ, ხელოვნების რაიმე დარგით დაინტერესებულ ადამიანებს. მოეწყობოდა შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები, სტუდენტური ფილმების ჩვენებები, მოდის კვირეულები. რა თქმა უნდა, ამისთვის არც თუ მცირე თანხები იყო საჭირო, მაგრამ ამის პირობა მიიღეს.

პარკი კი გალამაზდა, მაგრამ თეატრს ცვლილება ვერ შევატყვე: იგივე გაშავებული ხის ფასადი და დაჟანგებული სახურავი ეჭვს კიდევ უფრო მიმძაფრებდა. ორჯერ ვესაუბრე დარაჯს, რომელიც ყოველდღე ელოდა მუშების გამოჩენას, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, შეღებეს კედლები, შეიძინეს ცოტაოდენი აპარატურა… და სეზონიც გაიხსნა. პრემიერა თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში შედგა.

იმ ერთი წლის განმალობაში, რაც პაპავა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დაიდგა ოთხი სპექტაკლი, იყო შემოთავაზებები, გამოფენები, მაგრამ აშკარა იყო, რომ თეატრს მაყურებლები აკლდა. ანკი, საერთოდ, იცოდა ვინმემ მისი ფუნქციონირების შესახებ?! ეჭვი მეპარება. აღფრთოვანება ვერ დავმალე, ერთადერთხელ რომ დავინახე აბაშიძის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის კარზე აკრული “გლობუსის” აფიშა.

სპექტაკლებზე ვნახე ის, რაც ჩემს წარმოსახვაში არსებობდა: თანამედროვე პიესებზე შექმნილი სპექტაკლები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ორიგინალური ხედვით. ცხადია, არ იყო სტურუას, ჩხეიძის, დოლიძის აკადემიური სტილი და საბჭოური ალეგორიები. სამაგიეროდ იყო თამამი ინტელექტუალური ინტერპრეტაციები. ეს არ ემსგავსებოდა ბალაგანს, რადგან არც რეჟისორებს, არც მსახიობებს არ ჰქონდათ “მაღალი მიზნები”, აცნობიერებდნენ, რომ ეს იყო ექსპერიმენტი, ჩვენც ვიცოდით და გაგებით ვეკიდებოდით.

მზრუნველი ხელი ყველაფერს ეტყობოდა, მაგრამ ნათელი იყო,  რომ ძველი სკამები რიგიანად არც კი შეეკეთებინათ, მსახიობის ყოველ შეხტომაზე კი ველოდი, რომ მორყეული იატაკი ჩაიმტვრეოდა და  მიწაში ჩაიტანდა. მაგრამ, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, შემოდგომის სუსხიან დღეებში აქ  საოცრად თბილობდა, მგონი, თეატრალებიც ათბობდნენ და იმიტომ.

ასეთ პირობებშიც კი “გლოუბსს” ესტუმრა ინგლისის ნაციონალური თეატრის ხელმძღვანელი ნიკ სთარი და ლონდონის ერთ-ერთი წარმატებული თეატრის, `იანვიკის,” სამხატვრო ხელმძღვანელი დევიდ ლანი. ექსპერიმენტული სცენიდან ტრეინინგებისთვის თან წაიყვანეს ერთი რეჟისორი და ერთიც მხატვარი.

ფაქტი იყო, რომ პაპავას დიდი ამბიციები ჰქონდა და მის ინტერესებს უპირისპირდებოდა სამინისტრო, რომელიც სულაც არ აპირებდა დიდი თანხები ჩაედო ამ პატარა, ასკაციანი დარბაზის თეატრში, რომელიც, სავარაუდოდ, მოგებას ვერ მოიტანდა და საკუთარი ფინანსებითაც ვერ შეძლებდა თავის გატანას. რეჟისორი ფაქტობრივად მოატყუეს და ერთი წლით თბილისს მიაჯაჭვეს.

ერთ დღესაც მან მოულოდნელად შეიტყო, რომ მისი თეატრი აღარ არსებობდა. აღარ არსებობდა არც ძველი “გლობუსი” და აღარც თანამედროვე “გლოუბი” (ასე უწოდა მან თავის ახალ ხელოვნების ცენტრს). რეჟისორი საქართველოდან “გაიქცა,” მაგრამ ის ახალგაზრდები ახლა სად არიან, ვინ იცის. ფაქტია, რომ  მათთვის თავისუფალი, ღია და სასწავლო სივრცე დაიხურა. შექსპირის “გლოუბის” იმიტაციას კი ისეთი პირი უჩანს რომ, მალე გაიყიდება. ყოველ შემთხვევაში, მრავალგზის სახეცვლილმა ჭორებმა ჩემამდე ასე მოაღწია.

Advertisements

Entry filed under: თეატრი.

ZeniT

6 Comments Add your own

  • 1. Natia  |  დეკემბერი 28, 2009, 8:10 AM

    რომ იცოდეთ, არ ვიცოდი და ახლა ვიცი 🙂

    პასუხი
  • 2. Sidze  |  იანვარი 4, 2010, 7:32 PM

    dzalian magaria.. yochag saqartvelos momavalo jurnalisto..

    პასუხი
  • 3. ანანე  |  იანვარი 9, 2010, 9:49 PM

    მახსოვს ამ თემაზე რომ მუშაობდი და მაშIნ ვერ გავაცნობიერე ამ საკითხის მნიშვნელობა ისე კარგად როგორც ახლა. სამწუხაროა, რომ არასოდეს ვყოფილვარ გლობუსში… ისე მომინდა ახლა ლამის აქცია წამოვიწყო “დაგვიბრუნეთ გლობუსი”. კი არ ვხუმრობ მართლა ვამბობ, მთელი ჩჩემი გულწრფელობით.

    პასუხი
    • 4. newwwmedia  |  იანვარი 10, 2010, 2:26 PM

      მარგო: ეგ მეც მინდა, ჩემო კარგო, გვიბრუნებენ მგონი 🙂 მაგრამ იქ ის აღარ იქნება, ვინც მე მინდა 😦

      პასუხი
  • 5. LoLa  |  იანვარი 12, 2010, 10:30 AM

    Vaime margoo, akac magaze saubrebi? ver gavudzleb 😀 tema kargia , kargadac giweria, ragatkmaunda, magram am sakitxze jer kidev daweramde imdeni vicodi, vfikrobdi wamekitxa tu ara 😀 kargi xar dzalian :*

    პასუხი
  • 6. newwwmedia  |  იანვარი 12, 2010, 11:10 AM

    მარგო: 😀

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


კატეგორიები

Flickr Photos


%d bloggers like this: