“ალილო”

იანვარი 11, 2010 at 5:37 PM 10 comments

ავტორი: ქეთი ასათიანი

ვარდების მოედანი.. 13 სთ და 50 წთ.. უამრავი ადამიანი, რომლებსაც საზეიმო განწყობა და საყოველთაო სიხარული აერთიანებს.. ირგვლივ ჩოხითა და ფაფახით შემოსილი ბიჭები.. ხატები.. ახალგაზრდებს ხელში დროშები უჭირავთ, რომლებზედაც ჯვრებია გამოსახული. გოგო-ბიჭები თეთრი კვართებით შემოსილან, რომლებსაც ასევე ჯვრები ამშვენებს. შეკრებილნი არიან როგორც საეკლესიო, ისე საერო პირები. აქა-იქ განლაგებულია ურიკები, სადაც შემოწირული სურსათ-სანოვაგე გროვდება. აღსანიშნავია, რომ იმ დიდი გზის მიუხედავად, რომელიც წინ გველის მსვლელობის მონაწილეებს, უამრავმა ბავშვმა მოიყარა თავი. ისინი თეატრალიზებულ დასთან ირთობენ თავს. სპილოს, აქლემის, კუს და ჟირაფის ფიგურებთან დგანან და ფოტოებს იღებენ. ვარდების მოედანზე თითქოს იღვიძებს მიძინებული ქართული სული, ტრადიციებს ვუბრუნდებით. ბიჭები ჩოხა-ახალუხით არიან შემოსილნი, გოგონები კი- ჩიხტიკოპით… ამინდი მზიანია- ისევე, როგორც აქ შეკრებილი ხალხის განწყობა. ირგვლივ მგალობლების მიერ შესრულებული საგალობლები ისმის. სანამ 2 საათი შესრულდება და მსვლელობას დავიწყებთ, ამასობაში მითითებაც მივიღეთ. ვინც სტიქარით არაა შემოსილი, არ შეიძლება შეუერთდეს სტიქაროსნებს. მრევლი სამღვდელოებასთან და ჩოხოსნებთან ერთად უნდა წამოვიდეს. ამ დროს ყველა გალობს- “ქრისტეს შობას მოგილოცავთ.” სადაცაა მსვლელობაც დაიწყება. ყველამ ჩვენ-ჩვენი ადგილი დავიკავეთ, ანუ ჩავმწკივდით შემდეგი თანმიმდევრობით- წინ ანგელოზები, შემდეგ ურიკები, მათ უკან- მანქანები, სტიქრით შემოსილები, თეატრალიზებული ნაწილი, სამღვდელოება, ჩოხოსნები და ბოლოს- მრევლი. უკვე 3-ის 10 წუთია და ჩვენც დავიძარით. ქუჩა გადაკეტილია ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე. გზად ფოტოაპარატებით შეიარაღბეული უამრავი უცხოელი გვხვდება. მივდივართ და თან მოგვყვება გალობა –“იესო დაბადებულა, ალილო”, ასევე ისმის “მრავალჟამიერიც”. ვინც არ იღებს მსვლელობაში მონაწილეობას, ისინი გვერდიდან გვაკვირდებიან და კამერით გვაფიქსირებენ, მათს სახეებზეც მხოლოდ ღიმილს და აღფრთოვანებას ვხედავთ. გზადაგზა ვჩერდებით.. ჩვენი წინამძღვრები საკმეველს ანთებენ და მისი სასამოვნო სუნი მთელ ქუჩაზე რჩება..არც ისე პატარა გზის მიუხედავად, დაღლილობის გამო არავინ წუწუნებს, ალბათ იმიტომ, რომ არავინ დაღლილა. აი, შესრულდა 5-ის ნახევარიც. უკვე მივუახლოვდით დანიშნულების ადგილს-სამების ტაძარს. ეკლესიის კიბე ხალხითაა სავსე, ხალხი კი-სიხარულით.                                                                                                      

   რა იყო ადრე…

  სიტყვა “ალილო” “ალილუიადან” მომდინარეობს, რაც “დიდება შენდა ღმერთოს” ნიშნავს და საშობაო სამახარობლოს ხალხური ვარიანტია. მოციქულთა დროიდან შობა და ნათლისღება ერთად აღინიშნებოდა. მე-3-4 საუკუნეებში მოხდა მათი გაყოფა. მომღერალთა ჯგუფი სოფელს შუაღამეს ჩამოივლიდა და “ალილოს” სიმღერით ულოცავდა ოჯახებს შობის დადგომას. მეალილოეთა ჯგუფის წევრებს თან კალათები და ღვინის ან არყის ჭურჭელი ეჭირათ, რითაც მასპინძლისგან შემოწირულ ძღვენს აგროვებდნენ. “ალილო” სიმღერა-დალოცვაა, რომელიც მრავალ კუთხეში სხვადასხვა ვარიანტითაა ცნობილი. ვხვდებით კახურ, იმერულ, გურულ, მეგრულ, ლეჩხუმურ, სვანურ და რაჭულ ვარიანტებს. რაჭული “ალილო” მიჩნეულია მუსიკალური აზროვნების მაღალი საფეხურის გამოხატულებად. ერწო-თიანეთში შობის წინა საღამოს ოჯახში მზადდებოდა ფაფა, ე.წ. ქრისტეს კორკოტი. ამავე საღამოს იმართებოდა “ფხოჭაობა”: უფროსები ბავშვებს თხილ-კაკალს უყრიდნენ. თითოეული ბავშვი ცდილობდა სხვაზე მეტი მოეგროვებინა, რაც ბედნიერების მომასწავებელი იქნებოდა. ამ საღამოსვე ახალგაზრდები კარდაკარ ჩამოივლიდნენ “ალილოს” სიმღერით. (ღამბაშიძე 1987) ახალი წლის მიგებება საინგილოში: “ინგილოების სოფელში ატყდა თოფის სროლა, ხმაურობა, ძაღლების ყეფა. მთელი სოფელი ხმად გადაიქცა. რა ამბავია? ნუთუ ლეკის შემოსევამა და სისხლის ღვრამ ასტეხა ესრეთი ღრიანცელი?- არა, ინგილონი არაფერს შეუშინებია, ისინი ეგებებიან შობას. ინგილოები ერთმანეთს მკლავზე შემოუტარებენ ძაფს, გაკვანძავენ. ამ ძაფს აბამენ ყოველ ჭურჭელს. ეს ძაფი მოგვაგონებს რგოლსა, რომელიც ძველადგანვე ცნობილია, როგორც სიმბოლო ღვთის დაუსაბამობისა და ერთარსებისა. ამ ჩვეულებით ინგილო გამოთქვამს სურვილს, რომ დაუსაბამო ღმერთმა ყველა ოჯახის წევრი და ყოველივე მათი ქონება ახალ წელიწადს შეინახოს მთლიანად, დაუზიანებლად და დაურღვევლად. ძაფის რგოლს ისინი 3 დღეში იხსნიდნენ. მერე დაამზადებენ ხონჩს: დააწყობენ ზედ პურებსა, ნაზუქებსა, დასდგამენ ჯამით თაფლსა, ერბოსა, ღვინოსა, ბამბის წითელს და თეთრს ძაფებსა და სახლის უფალთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. უფროსი ვაზის ძირში დაჰკლავს წითელ ფრთოსან მამალსა, ფრთებს მოჰგლეჯავს, ვაზზედ მიაკრავს და იტყვის: “ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა.” (მ. ჯანაშვილი, გაზეთი “ივერია” 1887) ფერხაობა სამაგრელოში: “მჭადს ტეხავს ქალი და კაცი. ერთმა ერთის მხრით უნდა მოკიდოს ხელი, მეორემ-მეორე მხრით. თითოელი ცდილობს, უფროსი ნატეხი მისკენ დარჩეს. თუ ქალისკენ იქნა მეტი ნატეხი, აბრეშუმი ბლომად მოვა. თუ ვაჟისკენ, ჭირნახული მოვა ბლომად. ჩიჩილაკის დამტარელი უფროსი მაფეხურად ითვლება და მთელ დღეს მხოლოდ ერთი და იმავე სკამზე ჯდება. ეს იმის მომასწავებელია, რომ ქათმები კვერცხების გამოჩეკის დროს არ აირევიან და კარგადაც გამოსჩეკენო. შობის დღეს ვინმემ რამე თუ გთხოვა, უარი არ უნდა უთხრა, რადგან უარის მთქმელი მთელი წელი ხელდაცარიელებული დარჩება. სამეგრელოში იციან თმაშობა- “ტყაპობა”. მოზელენ სიმინდის ფქვილისგან ცომს და მეზობლები ერთმანეთს უგლესენ თავ-პირს.” (ტრიფონ კალანდარიშვილი, გაზეთი “ივერია” 1890) “დადგება შობის დღესასწაული და ჩვენ ქალაქებში და უმეტესად, დაბა-სოფლებში მოგროვდებიან ყმაწვილები და ზოგჯერ მოხუცებულებიც, ჩამოუვლიან ოჯახებს და გალობით დღესასწაულს ულოცავენ. ამ მისალოც საგალობლებს უწოდებენ “ალილოს” და “ჭონას”. ჩვენდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, ეს ძველებური მამაპაპური მილოცვის საგალობელი, ზოგიერთს, მეტიჩრობის წყალობით, გარდაქმნეს და გადაცვალეს სრულიად სხვა, გაუგებარ კილოზედ და ენაზედ. შობის წინა დღეს “ალილოს” მაგივრად გალობენ შობის დღესასწაულის “ტროპარს”. აღდგომის წინა კვირებში “ჭონის” მაგივრად “განათლდა, განათლდა”-ს სლავიანურად, რომელიც დამახინჯებულია როგორც შინაარსით, ასევე კილოთი. არ იქნება ურიგო, რომ ისეთს შეუფერებელ ადგილებზედ, როგორიც სმიკიტონებია, აღეკრძალოს პატარა ყმაწვილებს სიარული გალობით, თორემ ეს წმინდა საგალობელი იბღალება ერთის მხრით კილოს და სიტყვების ათასნაირად დამახინჯებით, მეორეთ “ლოთი კამპანიის” სიცილ-ხარხარით”. (ბ. ვაშაძე, “ალილო და ჭონა”, გაზეთი “ივერია”, 1902) “ყველას უხარია, საქმის კაციც მოსვენებულია და ქეიფს ეძლევა. ჩვენს ქალაქს გუშინვე სადღესასწაულო სახე დაედო. ხალხი საღამოს ჟამს მრავლად დაიარებოდა ქუჩებში. მაღაზიებს გამოეფინათ თავის საქონელი, რომელსაც გაფაციცებით შინჯავდნენ ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილნი ქალნი და კაცნი. დიდძალი სანოვაგე და სხვადასხვაგვარი ხილი იყო გამოფენილი. ზოგს მაღაზიაში იმოდენა ხალხი შეგროვილიყო, სასახლის ქუჩაზედ სავაჭროდ, რომ ტევა აღარ იყო. უხაროდა ხალხს შობის გათენება. იმართება მრავლად ყოველგვარი წარმოდგენები, ოპერები და ხალხიც მიდის იქ დროს გასატარებლად. თეატრების დარბაზი ივსება საზოგადოებით. ცირკის ხის შენობა გაჭედილია სადღესასწაულოდ მოსულის ხალხით. ხვალ ცონცერტს გამართავენ 25 კაცი მომღერალი სულ ქულაჯებით იქნება მორთული.” (შობა დღესასწაულისთვის მზადება, გაზეთი “ივერია”, 1886) “ქრისტეს შობა- ეს 2 სიტყვა თითქოს არაფერს ეუბნება თანამედროვე პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანს. საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიდიადით გამოირჩევიან, როგორც პიველშობას. შობის დღეს იმსხვრევა საკვლელნი ჯოჯოხეთისანი, სიკვდილი ითრგუნება, სამოთხის კარი იღება, ჭეშმარიტება კვლავ ცხადდება და მადლი ღვთისა ყველა ადგილს მოეფინება.” (მარინე სამხარაძე, გაზეთი “თბილისი”, 1997) “ალილოთი ხვდებიან შობას, ის 7 იანვარს 12 საათზე დაიწყება. ყველა ტაძართან შეგროვდებიან მღვდელმსახურები, მგალობლები და მრევლი, რომლებიც ხატებით, ჯვრებითა და ნაკურთხი წყლით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას შემოივლიან და საშობაო საგალობლებს იგალობებენ. მორწმუნეები სამღვდელო პირებთან ერთად ყველა თბილისის ტაძარს მოივლიან. ძირითადი მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. მეალილოებს ყველგან მიეგებებიან მოქალაქეები და გაიღებენ ძღვენს. კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები კი ამ დღეს ძღვნად თავიანთ შემოქმედებას შესწირავენ.” (ინტერპრესი, გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” 2005)

Advertisements

Entry filed under: რეპორტაჟი.

ტანგო, რომელიც უნივერსიტეტის აუდიტორიაშიც აღწევს გაიცანით…სპორტთა სპორტი

10 Comments Add your own

  • 1. gorgiladze  |  იანვარი 11, 2010, 6:36 PM

    მომწონს ეს ბლოგი. ინფორმაციულია, იცი რაზეც წერ. სტილი აკადემიური, ნორმები დაცული. ასეთი ბლოგები მომწონს

    პასუხი
  • 2. iako  |  იანვარი 11, 2010, 6:43 PM

    dzalian sainteresoa…. inpormaciuli statiaaa… momewona.. 🙂

    პასუხი
  • 3. gia  |  იანვარი 11, 2010, 6:45 PM

    albat dz rtuli misiaa shesasrulebeli roca aset dgesaswaulzeunda dawero rame… dzaliaan momewonaa dzaliaaann…

    პასუხი
  • 4. sofo  |  იანვარი 11, 2010, 7:24 PM

    ra kargi reportajia… es marto blogze ki ara, gazetshic unda daibechdos 🙂

    პასუხი
  • 5. tiko  |  იანვარი 12, 2010, 8:48 AM

    msoplio qristianebistvis yvelaze mnishvenolavani dgesaswaulia shoba,statiashi dzalian kargad aris gadmocemuli shobis dgesaswaulis agnishvnis tavisebureba…madloba avtors aseti kargi statiistvis 🙂

    პასუხი
  • 6. nato  |  იანვარი 12, 2010, 9:05 AM

    statiis avotors amomwuravad aqvs agwerili shobis dgesaswauli saqartveloshi…dzalian bevri ragac gagvige shobis shesaxeb,rac manamde ar vicodi…dzalian momewona es statia

    პასუხი
  • 7. nodo  |  იანვარი 12, 2010, 5:12 PM

    momewona statia…qartvelebistivis umnishvenelovanesi dgesaswaulia shoba.didi siamovnebit gavecani statias

    პასუხი
  • 8. vano  |  იანვარი 12, 2010, 5:15 PM

    dzalian kargi martla, bevr rame gavige rac ar vicodi. keti asatiani unda gavicno dzaan kargad wers

    პასუხი
  • 9. nodo  |  იანვარი 12, 2010, 5:16 PM

    momewona satatia…qartvelebistvis umnishvenelovanesi dgesaswaulia shoba.dzalian sainteresod aris dawerili

    პასუხი
  • 10. nodo  |  იანვარი 12, 2010, 5:18 PM

    qartvelebistvis umnishvenelovanesi dgesaswaulia shoba.dzalian sainteresod aris agwerili es dgesaswauli saqartveloshi

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


კატეგორიები

Flickr Photos


%d bloggers like this: