იანვარი 14, 2010 at 3:48 PM დატოვე კომენტარი

თორნიკე ჭელიძე

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი, ჩიტის სკლინტზე აშენებული ქვეყანა, რომ გამართლებულიყო სიტყვა ნათქვამი: ჩიტის სკლინტზე ქალაქი აშენდებაო.” – ბესიკ ხარანაულის მიერ დაწერილი ეს ფრაზა, მე პირადად, რატომღაც, დღევანდელ საქართველოს მაგონებს. შესაძლოა, ამ სტატიის მკითხველ, ვინმე “ჩოხიან დადაისტს” საკუთარი სამშობლოს აწმყოს ასეთი გაბაიბურება არ მოეწონოს და რიტორიკულად იკითხოს, თუ რად გავუჩნდი, მე, ჩემს დედას, მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და სკლინტით აშენებულ ქვეყანაში თუ არა, აკაკის მიერ შეფურთხებულ საქართველოში ისევ ისეთი სრული განცხრომით ვცხოვრობთ (ყველა თუ არა, ძალიან ბევრი) და მხოლოდ სუფრაზე გვახსენდება, რომ არსებობს მცნებები: სამშობლო, ადამიანობა, ერთმანეთის გატანა და მოყვაისის სიყვარული, რომელსაც ზოგი წინაპრების შემდეგ ადღეგრძელებს, ზოგი კი – მიცვალებულებისა და სიცოცხლის შემდეგ მოილევს ამ საქმეს. (თამადას გააჩნია, სხვა ვარიანტებიც არის). მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აბზაცის წაკითხვის დროს, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რას ვროშავ, მაგრამ ეხლა კონკრეტულ ფაქტებს მოვიხმობ და…

ახალი წელი მოახლოვდა და თბილისი ისეა მორთული, როგორც საბავშვო ზეიმზე დადგმული ნაძვის ხე. მერე რა?! ამაში ხო არაფერია ცუდი?! – არა, მაგრამ ცუდი იქ არის, სადაც ჯერ არს… ალბათ, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს ყველას ახსოვს, (თუმცა ჯურნალისტიკაში მიღებულია პრინციპი, რომ არავის არაფერი ახსოვს და ჩვენ უნდა გავახსენოთ) თუ როგორი აღტაცებით დაამონტაჟეს წმინდა გიორგის მონუმენტი თავისუფლების მოედანზე, მაშინ მთელ ერს ეგონა, რომ ეს ქმნილება დარჩებოდა, როგორც სიმბოლო საქართველოს მართლმორწმუნეობისა და წმინდა გიორგის მფარველობისა ჩვენზე, თუმცა სულ რაღაც ორი კვირის წინ, ეს მონუმენტი საახალწლო მანათობლებით მორთეს და გავიგეთ, რომ წელიწადში ერთხელ ბრჭყვიალა, დიდი სათამაშოს ფუნქციასაც ითავსებს, ხოლო სვეტის თავზე მდგარი წმინდა გიორგის ქანდაკება საბჭოთა “Элка” ზე დამაგრებულ ვარსკვლავს მოგვაგონებს. (იდეურად და არა ვიზუალურად). რწმენის ასეთ დონეზე დაყვანას, სჯობს, რომ არ გწამდეს!

დღესასწაულებთან დაკავშირებით, რესტორნებსა და ბარებში ისეთი ფასები დაწესდა, რომ კარგი იქნება, თუ იქ შესულ ადამიანებს ფულის მომჭრელი მანქანაც თან ექნებათ. მაგრამ თუ ეს დანადგარი არ მოეპოვება და ვინმეს იმდენად დიდი ჯიბე აქვს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი მიაბარეს, მანდ შეინახეო, მაშინ შეუძლია “მენიუ” მოითხოვოს.
აი, აქ უკვე მეორე პრობლემა გამოდის ასპარეზზე. რადგან მარხვაა და საქართველოში ათეისტიც მარხულობს, (მოდაზე აყოლით, ან გახდომის სურვილით) ისინი ხორცის მირთმევას ერიდებიან, მაგრამ აბა რა ქნან? წყალზე და პურზე, თუნდაც მარხის დროს, ვის უნავას ქართველი კაცი?! (ფსევდოქართველი) ამიტომ შეუკვეთავენ სამარხვო ხინკალს, სამარხვო კატლეტს, სამარხვო ხბოს ნეკნებს და ასე დაითენებენ თავზე ახალ წელს. არადა, ახლა მომაგონდა, როდესაც მამა გაბრიელთან მრევლის წევრი მივიდა მარხვის დროს, მამა გაბრიელმა გამოიღო ხორცი, შეწვა და ჭამა დაიწყო, ხოლო მრევლის კითხვაზე თუ რატომ მიირთმევდა ბერი ხორცს ასეთ ჟამს, მამა გაბრიელმა უპასუხა, რომ მთავარი არ არის, ადამიანი რას მიირთმევს და რას არა, მარხვის დროს, იმ ადამიანზე გადმოდის მადლი, ვინც ჩაუფიქრდება თავის ცხოვრებას, ცოდვებს, ვინც ეცდება შეიცნოს გზა უფლისა და გაყვეს მას, ხოლო ამის შემდეგ უნდა დაიცვას საკვების მიღების წესი… დღევანდელ რეალობაში კი,რატომღაც, პირიქითაა.

მე უკვე წარმოდგენილი მაქვს დაახლოებით როგორი სახის დღესასწაულს შემოგვთავაზებენ ტელე გადაცემებიც 31 დეკემბერს. ალბათ ხუანი და კასანდრა (ან მარია) დაქორწინდებიან 8 საატის ინფორმაციამდე, შემდეგ დაიწყება სახალისო ინფორმაციები და ერთი უარყოფითი ხასიათის ნიუსიც კი არ მოხვდება სიუჟეტების ბადეში, იფიქრებ კიდეც, რომ ნეტა სულ ახალი წელი იყოსო. დაახლოებით 10 საათიდან დაიწყება “პროფილი”, “ნანუკას შოუ” და სხვა “რაღაცები”. ბევრს იხტუნებენ, იცეკვებენ, სიმღერითაც დაიღლიან ხმის იოგებს და კიდევ მეტად მოგვაჩვენებენ, რომ ცხოვრება მშვენიერია, რომ საკმარისია იცოცხლო და იმღერო – ტრალა ლა ლა ლა ლაააა ! და შენნაირ მოკვდავს ესეც ეყოფა. გვიან ღამით, პრეზიდენტის პირდაპირი ჩართვა დაიწყება პალიასტომის ტბიდან, ქვემო ფარცხანაყანებიდან ან პენსიონერთა საოჯახო სუფრიდან, შესაძლოა, ლაპლანდიაშიც ჩავიდეს და, თოვლის ბაბუასთან ერთად, მოგვილოცოს ახალი წელი, რომ ჩვენი ქვეყანა იმდენად წინ წავიდა, სიკვდილიც აღარაა საჭირო, რადგან პირდაპირ სამოთხეში ვცხოვრობთ. ასეთ გამოსვლებზე ყოველთვის მახსენდება სადღაც ამოკითხული სტალინის ფრაზა, როდესაც 1938 წლის დამდეგს, რადიოს პირდაპირი ეთერით, მან მიმართა საბჭოთა მოსახლეობას: Товарищи, жизнь стало лучше, жизнь стало весельее…

არის უამრავი თემა, რითაც მართლაც ამ დღესასწაულებზე, არც მე გავიფუჭებ ხასიათს და არც სხვას ავაფორიაქებ, მაგრამ ისევ და ისევ…

შესაძლოა ამ ფრაზას გამართლებაც მოუძებნონ და თქვან, რომ ასეც რომ იყოს, ხომ ნათქვამია: “ვარდთა და ნეხვთა, ვინათგან მზე სწორედ მოეფინებისო”, მაგრამ დღევანდელი ყოფა მაინც ერთ რამეს მაგონებს ჯიუტად: –

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი, ჩიტის სკლინტზე აშენებული ქვეყანა, რომ გამართლებულიყო სიტყვა ნათქვამი: ჩიტის სკლინტზე ქალაქი აშენდებაო.”

თორნიკე ჭელიძე

28. 12. 2009.

Advertisements

Entry filed under: Uncategorized.

ვაიმარის ფაიფური

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


კატეგორიები

Flickr Photos


%d bloggers like this: