Posts filed under ‘თეატრი’

მარჯანიშვილის თეატრის ისტორია

 ქეთევან ასათიანი

რამდენად ხშირად სტუმრობენ ქართველი ახალგაზრდები თეატრებს?.. ამ კითხვაზე პასუხი ყველამ კარგად ვიცით და ალბათ ამიტომაც გვრცხვენია.. შედეგად რა? პასუხისთვის თავის არიდება თუ თავის მართლება? –არა, მთლად მასეც არაა ჩვენი საქმე, ნაწილი ახალგაზრდებისა თეატრის გარეშე ვერ ცოცხლობსო. ფაქტი ჯიუტია, სიმართლე კი-მწარე. დღევანდელ დღეს, გარკვეულწილად, მივიწყებას მიეცნენ ჩვენი დიდი მსახიობები. (რეჟისორებზე რომ აღარაფერი ვთქვათ). სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა თბილისში მოქმედ ერთ-ერთ თეატრზე დამ მის დამაარსებელ- კოტე მარჯანიშვილზე.

კოტე მარჯანიშვილმა 1928 წელს შემოიკრიბა ნიჭიერი მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები, რეჟისორები და ქუთაისში შექმნა ქართული სახელმწიფო თეატრი. აღსანიშნავია ასევე ის, რომ ეს თეატრი ბათუმშიც წარადგენდა ხოლმე სპექტაკლებს. სწორედ აქ ჩატარდა “ყვარყვარე თუთაბერის” პრემიერა. პირველი სეზონისთვის მზადება ისეთი დაძაბული იყო, რომ უშანგი ჩხეიძე მას საბრძოლო მომზადებას ადარებდა. პრემიერამ იმდენად დიდი წარმატება ჰპოვა, რომ ხალხი თბილისიდან ქუთაისში არამხოლოდ პრემიერებზე, არამედ რიგით სპექტაკლებზე ჩადიოდა. პირველ სეზონში დადგეს ლოპე დე ვეგას “ცხვრის წყარო”, ბერნარდ შოუს “წმინდა ქალწული”, შალვა დადიანის “კაკალ გულში”, კარლო კალაძის “როგორ”, კარლ გუცკოვის “ურიელ აკოსტა” და პოლიკარპე კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”. პირველ წლებში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთა დასს, უამრავი ნიჭიერი და ცნობილი მსახიობი ამშვენებდა: ვერიკო ანჯაფარიძე, მერი დავითაშვილი, სოფიკო ვაჩნაძე, სესილია თაყაიშვილი, ტასო აბაშიძე, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, აკაკი კვანტალიანი, ალექსანდე ჟორჟოლიანი, უშანგი ჩხეიძე და სხვანი. ვგონებ, ამის შემდეგ ყველასთვის ნათელია, თუ რა დონის სპექტაკლები იდგმებოდა “მარჯანიშვილში”. ასეთ დასზე მხოლოდ თუ იოცნებებდა ბევრი იმდროინდელი თეატრი. თეატრმა პირველი ტურნე 1930 წელს ჩაატარა ხარკოვსა და მოსკოვში. საბჭოთა კავშირის პირველმა მეცნიერ-მინისტრმა, ანატოლი ლუნაჩარსკიმ, უმაღლესი შეფასება მისცა თეატრს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა კარლ გუცკოვის “ურიელ აკოსტამ”, რომლის დამდგმელი რეჟისორიც სწორედ კოტე მარჯანიშვილი გახლდათ.

მან 26 სპექტაკლი დადგა და ეს სულ რაღაც 5 სეზონში მოესწრო. ხარკოვისა და მოსკოვის შემდეგ თეატრმა გასტროლები თბილისში ჩაატარა. ამის შემდეგ კი მთავრობის 1930 წლის დადგენილებით, მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი თბილისში გადმოიყვანეს, სახელწოდებით- მეორე ქართული სახელმწიფო დრამის თეატრი კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. თეატრი ზუბალაშვილების სახალხო სახლში დასახლდა, სადაც ის დღემდე მდებარეობს. 1933 წელს კოტე მარჯანიშვილი გარდაიცვალა, რის შემდეგაც თეატრს სათავეში ჩაუდგნენ მისი მოწაფეები- უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი. მეორე მსოფლიო ომის წლებში თეატრში დაიდგა პატრიოტული პრესები: ლევან გოთუას “მეფე ერეკლე”, გიორგი მდივანის “პარტიზანები”, კონსტანტინე სიმონოვის “მელოდე”, მიხეილ ჯაფარიძის “ჟამთაბერის ასული” და ლევან გოთუას “უძლეველნი”. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ შექსპირის დრამატურგია მარჯანიშვილის თეატრში. იდგმებოდა “ოტელო”, “ჭირვეული ცოლის მორჯულება”, “რომეო და ჯულიეტა”, “მეთორმეტე ღამე”, “რიჩარდ მესამე”, “აურზაური არაფრის გამო”, “მაკბეტი” და ა.შ. მარჯანიშვილის თეატრში მოგვიანებით გიგა ლორთქიფანიძემ დადგა რამდენიმე სპექტაკლი. მათ შორის აღსანიშნავია კარლო გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი”, ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “მე ვხედავ მზეს”. თემურ ჩხეიძემ პირველი დადგმა 1976 წელს განახორციელა. ეს იყო ჰენრიკ იბსენის “მოჩვენებანი”. შემდეგ ის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს. 10 წლის განმავლობაში მან დადგა ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა”, მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”. ვფიქრობ, არ იყო ცუდი ძველი დროის გახსენება და იმ გზისთვის თვალის გადავლება, თუ როგორ მოვიდა მარჯანიშვილის თეატრი აქამდე.

იანვარი 12, 2010 at 1:12 PM 1 comment

რუსთაველის თეატრის მდიდარი ისტორია

ავტორი: უცნობი ბალიაშვილი

მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის ყველა მოვლენა თეატრის გარშემო ხდებოდა. ხალხი შემოდიოდა ქუჩის დემონსტრაციებიდან, რათა პასუხი ეპოვათ მათ შეკითხვებზე, ხალხი მოდიოდა მაშინაც კი, როცა ქალაქში ელექტროენერგია არ იყო და წარმოდგენები სანთლის შუქზე იმართებოდა. თეატრი ცხოვრების ნაწილი, ხოლო ცხოვრება კი თეატრის ნაწილი იყო. ყველაფერი ეს დღემდე გავლენას ახდენს რუსთაველის თეატრის ყოველ ახალ წარმოდგენაზე, ყოველ იდეაზე, ახალ ქმნილებაზე და კონცეფციაზე. ადრეულ 60-იან წლებში რუსთაველის თეატრში მოვიდა ადამიანი, რომელიც მისი სამუდამო და განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს იყო რობერტ სტურუა, თეატრის შემოქმედებითი ხელმძღვანელი 1980 წლიდან. ამავე პერიოდში თეატრში მუშაობდა კიდევ ერთი  რეჟისორი – თემურ ჩხეიძე. ის იყო ავტორი ფსიქოლოგიური დადგმების ხაზგასმული ქალური თემებით – “ქალის ტვირთი”, ბერნარდა ალბას სახლი”, “გუშინ” და სხვები.

1.თ.ჩხეიძე 2.რ.სტურუა

კონცეპტუალური იდელოგიის განვითარების ახალი ნაბიჯი რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სახელთან არის დაკავშირებული. 70-იან წლებში მის უმნიშვნელოვანეს ნამუშევართა შორის არის “ყვარყვარე”, “კავკასიური ცარცის წრე”, “რიჩარდ III” და სხვა ნაწარმოებები, რომლებმაც რუსთაველი მსოფლიო მნიშვნელობის თეატრი გახადა. 80-იანი და 90-იანი წლები თეატრში დაკავშირებულია ეპოქის, საუკუნის დასასრულთან, საზოგადოებებისა და პიროვნებების შექმნასა და გარდაქმნასთან.

“კავკასიური ცარცის წრე”

რუსთაველის თეატრს არსებობის განმავლობაში თავს მრავალი რომანტიული და ემოციური ისტორია გადახდა. დაფუძნებიდან მოკლე ხანში, 1882 წელს, დაიდგა დავით ერისთავის “სამშობლო”. ეს ნამდვილი მოვლენა გახდა რუსეთის იმპერიის მმართველობაში მყოფი საქართველოსთვის — სცენაზე პატრიოტული სიმღერები ისმოდა და ძველი ეროვნული დროშები ფრიალდებდა. ქართულენოვანმა სპექტაკლმა და “ბრწყინვალე დამოუკიდებელი წარსულის” სურათებმა მაყურებელი იმდენად მოხიბლა, რომ წარმოდგენა ნამდვილ მშვიდობიან დემონსტრაციად გადაიქცა. ამან იმპერიული რუსეთის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია: მოსკოვის კონსერვატიულმა პრესამ ქართველებს ურჩია “მათი ისტორიული დროშები გოდფრუას ცირკში წაეღოთ”. ქართულმა საზოგადოებამ ეს დიდ შეურაცხყოფად მიიღო და რუსების გამოხმაურებას მრავალი საპასუხო წერილი მიუძღვნა.[1]

ახალი თეატრი დაარსებიდანვე “ცინცხალი ამბების” ცენტრში იმყოფებოდა. მისი წარსულის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა რეფორმატორი დირექტორი კოტე მარჯანიშვილი იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის მრავალ ქალაქში მოღვაწეობდა და ასევე რუსეთის ხელოვნების თეატრთან თანამშრომლობდა. მისი ხელმძღვანელობით, 1923 წელს, შეიქმნა საარტისტო საზოგადოება “დურუჯი”.[2] საზოგადოებამ ჩამოაყალიბა განახლებული რუსთაველის თეატრის ახალი შემოქმედებითი პრინციპები, ახალ ექსპრესიონისტულ მანერაში. ეს კიდევ ერთი დიდი სკანდალის მიზეზი გახდა თეატრის ისტორიაში, რომელიც თაობათა შორის “შინა ომში” გადაიზარდა. მარჯანიშვილის თხოვნით გრიგოლ რობაქიძემ დაწერა “ლამარა”, რომელსაც მოგვიანებით რუსთაველის თეატრის “თოლია” შეარქვეს. ლამარას პირველი ვერსია ორივე თაობის წარმომადგენლებმა ერთობლივად დადგეს – კოტე მარჯანიშვილმა და მისმა სტუდენტმა სანდრო ახმეტელმა.

“ლამარა”

სანდრო ახმეტელი თეატრის შემოქმედებითი დირექტორი 1926-35 წლებში იყო და ადრეული კონცეპტუალური რეჟისურის პირველი წარმომადგენელი იყო რუსთაველის თეატრში. ახმეტელის იდეა ეფუძნებოდა მის მსოფმხედველობას განსაკუთრებული ფსიქო-ფიზიკური რასისა და ერის არსებობის შესახებ, რომელიც აყალიბებს ადამიანისა და კულტურის ფორმას. 1936 წელს ის ნაციონალისტად და საბჭოთა ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. მასთან ერთად გაუსწორდნენ თეატრის რამდენიმე თანამშრომელსა და მსახიობს. საბჭოთა იდეოლოგიამ ჩაახშო კონცეპტუალური მეთოდოლოგიის განვითარება, რომელიც მათი აზრით ინდივიდუალისტური იყო და საშიშროებას წარმოადგენდა კლასების თეორიის მთავარი პრინციპისთვის. ამ პერიოდში რუსთაველი ერთგვარი მემორიალური თეატრი გახდა, რომელიც ძველ ჰეროიკულ ტრადიციებს მისდევდა, გამოხატავდა რა ხალხის ბრძოლას პროგრესისთვის, სამართლიანობისა და უკეთესი მომავლისთვის ზოგად იდეალისტურ კლასობრივ დონეზე. შემოქმედებითი პროცესები იზოლირებული იყო ევროპული თეატრის განვითარების მთავარი მიმართულებებისგან; შეუძლებელი იყო 20-იანი და 30-იანი წლების მიღწევებთან ფეხდაფეხ სვლა.

შემდეგ, ქვეყანაში ე. წ. “დათბობის” პერიოდში, თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში ორი განსხვავებული მიმართულება განვითარდა. ერთი იყო დიმიტრი ალექსიძის[3] (შემოქმედებითი დირექტორი 1957-64 წწ.) რომანტიული მიმართულება. მისი ხელმძღვანელობით დადგმულ წარმოდგენებში ერთმანეთს მონაცვლეობდა ლირიკა, იუმორი და ნოსტალგია. “პიროვნების კულტის” პერიოდის მასების ბრწყინვალე და დიდი ჰეროიკული რომანტიზმი შეცვალა პიროვნების ლირიულმა მწუხარებამ. ამ დროის მეორე მიმართულება დაკავშირებული იყო მსახიობთა და რეჟისორთა მთელ თაობასთან, რომელსაც სამყაროს ახალი ხედვა აერთიანებდა. მათ შორის იყვნენ რეჟისორები მიხეილ თუმანიშვილი და აკაკი დვალიშვილი, მსახიობები მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, გიორგი გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, ბადრი კობახიძე, ეროსი მანჯგალაძე და სხვები. მათ შემოიტანეს პიროვნების სოციალური პასუხისმგებლობის იდეა სოციალური და ისტორიული ცხოვრების ყველა მოვლენაში, სიყვარულისა და მწუხარების ჰუმანური თემები, არჩევანის თავისუფლება და ტრაgიკული შეცდომა. ისინი მიუბრუნდნენ ქართველების მდიდარ, მხიარულ და გონებამახვილ ეროვნულ ფოლკლორს (“როცა ასეთი სიყვარულია”, “ჭინჭრაქა”, “სიბრძნე სიცრუისა”, “ანტიგონე”). მათში ყურადღება გამახვილებული იყო თანამედროვე ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან თემებზე.

იანვარი 10, 2010 at 1:15 PM დატოვე კომენტარი

შექსპირის უკვდავყოფილი თეატრის სიკვდილი “ალექსანდრეს ბაღში”

არდაფინანსებული თუ არშემდგარი

ხელოვნების ცენტრი თბილისში

ავტორი: მარგო ჯაფარიძე

მერია თბილისობის დღესასწაულისთვის აფუსფუსდა: “ექსტემალურ პირობებში” შედგა “ცხრა აპრილის ბაღის” რეკონსტრუქცია, რომელსაც არა მარტო ჩვენი, არამედ უფროსი თაობაც დღემდე “ალექსანდრეს ბაღს” უწოდებს. მართლაც, ამწვანდა ბაღი, ქვაფენილებით მოიკირწლა ბილიკები, გაიხსნა ბასეინი, გაკეთდა კიბეები,  დაიდგა ახალი სკამები და  ლამპიონებით განათდა ეზო, მაგრამ ამ ეზოზე მეტად დიდხანს მომწონდა პატარა მრგვალი შენობა, რომლის არცთუ მიმზიდველ გარეგნობას მე მაინც არაერთხელ მივუზიდივარ და მივუყვანივარ საცქერლად: ოცნებით წარმოვიდგენდი პატარა სცენას მსახიობებით, მათ არაბუნებრივ მოძრაობებს, შუბლზე ოფლი რომ ასკდებათ. ვხედავდი, როგორ ვაყოლებდი მათ ჩემს შურიან მზერას.

მეტეხის თეატრი, რომელიც 1974 წელს შეიქმნა, 1988 წელს ადგილი შეიცვალა და ათი წლით “ძველ სახლში” გადაბარგდა. ხოლო შემდეგ, რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის დაუღალავი შრომის შედეგად, თეატრისთვის შენობა აიგო “ალექსანდრეს ბაღში,” რომელიც გარეგნულად გლობუსის მსგავსია, იმ თეატრისა, რომელშიც ოდესღაც შექსპირი თავად თამაშობდა. ამ არქიტექტურის მიბაძვით მრავალ თეატრი აიგო მსოფლიოში და სახელიც იგივე დაერქვათ. შესაბამისად, ქართულ არქიტექტურულ “ნახევარსფეროსაც” გლობუსი უწოდეს. აქ  მრევლიშვილი წლების განმავლობაში დგამდა სპექტაკლებს, იწვევდა ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობებს, უთმობდა სცენას და აძლევდა ყველანაირ შანსს, გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები. 2004 წლიდან რეპერტუარში შედიოდა ისეთი სპექტაკლები, როგორიცაა “კვერცხი”, “იდიოტი”, “თეატრის მოტაცება” და სხვა. მათი დიდი ნაწილი დღეს რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგმება.

დადგა დრო და თეატრს ფინანსურად გაუჭირდა. თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, თეატრი დაეხურათ. მრევლიშვილს,  ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ჯაფა წყალში ჩაუყარეს: თეატრიდან  გაუშვეს.

2008 წელს იმავე მუნიციპალიტეტმა თეატრების რეორგანიზაცია წამოიწყო. გადაწყდა თეატრის აღდგენა. ამ პერიოდში საქართველოში ჩამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორი დავით პაპავა, რომელმაც  კარიერა განვლო ჯერ ლონდონის წამყვან თეატრებში, შემდეგ კოლუმბიაში, სადაც მან გაბრიელ გარსია მარკესისგან “მარტოობის ასი წელიწადის” ინსცენირების უფლება მიიღო. თეატრის ხელმძღვანელად სწორედ მისი კანდიდატურა დასახელდა. ორდღიანი ყოყმანის შემდეგ, რეჟისორი დათანხმდა და თავისი პირობაც წამოაყენა: თეატრი სახეცვლილი უნდა აღმდგარიყო. ეს იქნებოდა ლაბორატორია, რომელიც დაეთმობოდა არა მარტო მსახიობებს, არამედ ნიჭიერ რეჟისორებს, მხატვრებს, დიზაინერებს და საერთოდ, ხელოვნების რაიმე დარგით დაინტერესებულ ადამიანებს. მოეწყობოდა შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები, სტუდენტური ფილმების ჩვენებები, მოდის კვირეულები. რა თქმა უნდა, ამისთვის არც თუ მცირე თანხები იყო საჭირო, მაგრამ ამის პირობა მიიღეს.

პარკი კი გალამაზდა, მაგრამ თეატრს ცვლილება ვერ შევატყვე: იგივე გაშავებული ხის ფასადი და დაჟანგებული სახურავი ეჭვს კიდევ უფრო მიმძაფრებდა. ორჯერ ვესაუბრე დარაჯს, რომელიც ყოველდღე ელოდა მუშების გამოჩენას, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, შეღებეს კედლები, შეიძინეს ცოტაოდენი აპარატურა… და სეზონიც გაიხსნა. პრემიერა თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში შედგა.

იმ ერთი წლის განმალობაში, რაც პაპავა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დაიდგა ოთხი სპექტაკლი, იყო შემოთავაზებები, გამოფენები, მაგრამ აშკარა იყო, რომ თეატრს მაყურებლები აკლდა. ანკი, საერთოდ, იცოდა ვინმემ მისი ფუნქციონირების შესახებ?! ეჭვი მეპარება. აღფრთოვანება ვერ დავმალე, ერთადერთხელ რომ დავინახე აბაშიძის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის კარზე აკრული “გლობუსის” აფიშა.

სპექტაკლებზე ვნახე ის, რაც ჩემს წარმოსახვაში არსებობდა: თანამედროვე პიესებზე შექმნილი სპექტაკლები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ორიგინალური ხედვით. ცხადია, არ იყო სტურუას, ჩხეიძის, დოლიძის აკადემიური სტილი და საბჭოური ალეგორიები. სამაგიეროდ იყო თამამი ინტელექტუალური ინტერპრეტაციები. ეს არ ემსგავსებოდა ბალაგანს, რადგან არც რეჟისორებს, არც მსახიობებს არ ჰქონდათ “მაღალი მიზნები”, აცნობიერებდნენ, რომ ეს იყო ექსპერიმენტი, ჩვენც ვიცოდით და გაგებით ვეკიდებოდით.

მზრუნველი ხელი ყველაფერს ეტყობოდა, მაგრამ ნათელი იყო,  რომ ძველი სკამები რიგიანად არც კი შეეკეთებინათ, მსახიობის ყოველ შეხტომაზე კი ველოდი, რომ მორყეული იატაკი ჩაიმტვრეოდა და  მიწაში ჩაიტანდა. მაგრამ, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, შემოდგომის სუსხიან დღეებში აქ  საოცრად თბილობდა, მგონი, თეატრალებიც ათბობდნენ და იმიტომ.

ასეთ პირობებშიც კი “გლოუბსს” ესტუმრა ინგლისის ნაციონალური თეატრის ხელმძღვანელი ნიკ სთარი და ლონდონის ერთ-ერთი წარმატებული თეატრის, `იანვიკის,” სამხატვრო ხელმძღვანელი დევიდ ლანი. ექსპერიმენტული სცენიდან ტრეინინგებისთვის თან წაიყვანეს ერთი რეჟისორი და ერთიც მხატვარი.

ფაქტი იყო, რომ პაპავას დიდი ამბიციები ჰქონდა და მის ინტერესებს უპირისპირდებოდა სამინისტრო, რომელიც სულაც არ აპირებდა დიდი თანხები ჩაედო ამ პატარა, ასკაციანი დარბაზის თეატრში, რომელიც, სავარაუდოდ, მოგებას ვერ მოიტანდა და საკუთარი ფინანსებითაც ვერ შეძლებდა თავის გატანას. რეჟისორი ფაქტობრივად მოატყუეს და ერთი წლით თბილისს მიაჯაჭვეს.

ერთ დღესაც მან მოულოდნელად შეიტყო, რომ მისი თეატრი აღარ არსებობდა. აღარ არსებობდა არც ძველი “გლობუსი” და აღარც თანამედროვე “გლოუბი” (ასე უწოდა მან თავის ახალ ხელოვნების ცენტრს). რეჟისორი საქართველოდან “გაიქცა,” მაგრამ ის ახალგაზრდები ახლა სად არიან, ვინ იცის. ფაქტია, რომ  მათთვის თავისუფალი, ღია და სასწავლო სივრცე დაიხურა. შექსპირის “გლოუბის” იმიტაციას კი ისეთი პირი უჩანს რომ, მალე გაიყიდება. ყოველ შემთხვევაში, მრავალგზის სახეცვლილმა ჭორებმა ჩემამდე ასე მოაღწია.

დეკემბერი 27, 2009 at 6:15 PM 6 comments


კატეგორიები

Flickr Photos