Posts filed under ‘მუსიკა’

გიტარა

ავტორი: გიგა ხახუტაშვილი

წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა Blues  ან როკმუსიკა გიტარის გარეშე? სწორედ ამის გამო დავინტერესდი ამ საკრავის ისტორიით და, თუ ნებას მომცემთ, მოძიებულ მასალას თქვენც გაგაცნობთ.
სიტყვა “გიტარა” არაბული წარმოშობისაა და უფრო გვიანდელი ტერმინია, ვიდრე თვით საკრავი.
გიტარის ფორმის მუსიკალური საკრავის გამოსახულებები ჯერ კიდევ ეგვიპტის უძველეს პირამიდებზე გვხვდება. მისი წინამორბედები გავრცელებული იყო აზიაში, კერძოდ სირიაში, ბაბილონსა და ფინიკიაში.
გიტარის ისტორიის საკითხებზე ორგვარი აზრია გამოთქმული:
1. გიტარა წარმოიშვა ასირიული ლუთნისგან, რომელიც გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში, სპარსეთსა და არაბეთში. შემდეგ მავრებმა შეიტანეს ესპანეთში.
2. გიტარა მომდინარეობს ბერძნული კითარიდან, მას ჯერ “კიტარა” ერქვა, შემდეგ “ფიდიკულა” და მხოლოდ 16-ე საუკუნეში მიიღო ის სახელწოდება, რომლითაც დღეს ვიცნობთ.

საგიტარო მუსიკამ უდიდეს განვითარებას მიაღწია პორტუდალიის მეფის დონ პიედროს (15-ე საუკუნე) მმართველობის ხანაში, რაც მომდევნო საუკუნეებშიც გაგრძელდა. 16 – 17-ე საუკუნეებში გიტარა დიდი მოწონებით სარგებლობდა საფრანგეთში და ცნობილია, რომ “მეფე მზე” ლუი მეთოთხმეტე ხელს უწყობდა და მფარველობდა შემსრულებლებს.
მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან საესტრადო ხელოვნების ცხოვრებაში ახალი ეპოქა დადგა. ტექნიკურმა პროგრესმა აღმოფხვრა გიტარის ერთადერთი ნაკლი – დაბალხმოვნობა – რაც მას საუკუნეების მანძილზე ჩრდილში აყენებდა. ექვსსიმიანმა გიტარამ შეაღწია საესტრადო და ჯაზურ მუსიკაში, წამყვანი ინსტრუმენტი გახდა როკ-ბენებში. მსოფლიომ გაიცნო ბლუზისა და როკის დიდოსტატები, ელექტროგიტარის ვირტუოზი შემსრულებლები.

გიტარამ დიდი გავლენა მოახდინა ჯაზის და ბლუზის განვითარებაში. მსოფლიოს ტალღასავით გადაუარა მისმა რითმებმა. აღსანიშნავია, რომ ფაშისტური დიქტატურის პირობებში გერმანიში აკრძალული იყო ჯაზური მუსიკა, როგორც “დაბალი რასის ბარბაროსული ხელოვნება”. თუმცა 50-იანი წლებიდან არიული რასის წარმომადგენლებიც დაინტერესდენენ მუსიკის ამ ახალი მიმდინარეობით.
მუსიკის ისტორიამ მრავლად შემოგვინახა გიტარის ჯადოქრები, რომელთაც მსმენელი აღტაცებაში მოჰყავდა. მათ შორის კი გამორჩეულები არიან ჯიმი ჰენდრიქსი, ჰადი ლიტბეტერა, ლონი ჯონსონი, ბლაიდ ბლეიკი და ა.შ.

Advertisements

იანვარი 12, 2010 at 2:08 PM 1 comment

რობერტ პლანტი

ავტორი: გიგა ხახუტაშვილი

 რობერტ ანტონი პლანტი დაიბადა 1948 წლის 20 აგვისტოს ვესტ ბრომვიჩში, ბირმინგემის მახლობლად. დაახლოებით 15 წლის იყო როდესაც აღმოაჩინა, რომ ძალიან იზიდავდა მუსიკა და განსაკუთრებით ბლუზი, რომელიც ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა ინგლისში. რობერტმა 1964 წელს მიატოვა სკოლაში სწავლა, რათა მხოლოდ მუსიკით დაკავებულიყო, თუმცა ამ ნაბიჯს უარყოფითად მოეკიდნენ მისი მშობლები.
 ახლგაზრდა პლანტი მოყვარულთა ჯგუფებში გამოდიოდა, მაგალითად The Delta Blues Band ან The Crawling King Snakes. სწორედ მაშინ გაიცნო ლედ ზეპელინის მომავალი დრამერი ჯონ ბონემი. იყო რამდენიმე წარუმატებელი კონტრაქტი, დაშლილი ჯგუფები, თუმცა, საბოლოოდ რობერტ პლანტი დათანხმდა ჯიმი პეიჯის შემოთავაზებას და შეუერთდა ჯგუფს სახელწოდებით Yardbirs, რომელსაც უწოდეს The New Yardbirds, ხოლო უფრო მოგვიანებით  Led Zeppelin. დიდი თავგადასავალი იწყებოდა.

     1969 წლის 9 ნოემბერს პლანტმა იქორწინა მორენზე, ანგლო-ინდიელ მეტისზე, რომელსაც აგერ უკვე 3 წელია რაც იცნობდა. მორენმა მას სამი ბავშვი აჩუქა: კარმენი, კარასი და ლოგან რომერო.
 70-იან წლებში პლანტმა მიაღწია დიდების მწვერვალს ლედ ზეპპელინ-თან ერთად, მაგრამ ბედისწერამ მაინც მოახერხა მისთვის სიხარულის ჩამწარება – 75 წლის აგვისტოში პლანტი და მორენი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვნენ, ხოლო 77 წლის ივლისში ავადმყოფობისგან ვაჟიშვილი კარასი დაეღუპა. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა – 1980 წლის 25 სექტემბერს, სრულიად მოულოდნელად, გარდაიცვალა ჯგუფის დრამერი ჯონ ბონემი, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ლედ ზეპელინის დაშლაში.
 ამის შემდეგ რობერტ პლანტმა სოლო კარიერა აიწყო და გამოუშვა წარმატებული ალბომები Pictures At Eleven (1982) და “The Principle Of  Moments” (1983), რომლებმაც დიდი აღიარება მოიპოვეს ინგლისსა და შეერთებულ შტატებში.

  2007 წლის ლედ ზეპელინის კონცერტი ნამდვილი ღვთის საჩუქარი იყო მსოფლიო მელომანებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინტერნეტსივრცეში ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით კონცერტზე დასწრების სურვილი გამოთქვა 20 000 000 მეტმა ადამიანმა. ინტენსიურად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ლეგენდარული ლედ ზეპელინი აღდგებოდა, თუმცა საბოლოოდ მსოფლიოს საუკეთესო ვოკალისტმა ამაზე უარი განაცხადა და ლეგენდის გაცოცხლება არ ისურვა.

იანვარი 5, 2010 at 6:27 PM დატოვე კომენტარი


კატეგორიები

Flickr Photos