Posts filed under ‘რეპორტაჟი’

გზა ,,გოლგოთამდე” :)

სოფო პერტაია

ნაძალდევის რაიონიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსამდე არც ისე მცირე მანძილია. სახლიდან გამოსული უცნაურად ვათვალიერებ არემარეს და თითქოს პირველად დავაკვირდი ასე დაჟინებით გარემოს. ჩემ მიერ ამ ერთი შეხედვით ,,დატკეპნილ’’ ქუჩას უამრავი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონია. დადიანის ქუჩა საკმაოდ გრძელია. მივყვები მას და ძალიან ბევრ ვისთვის საინტერესო, ვისთვის კი სრულიად უინტერესო ფაქტს ვაწყდები. აქ დიდი Vissol-ის ბენზინგასამართი სადგურია, სადაც მანქანების გამუდმებულ რიგს აუცილებლად მიაქცევთ ყურადღებას, თუმცა საინტერესოა რატომ არის აქ გამუდმებით ამდენი მანქანა. ფასები? მხოლოდ დიზელის ფასია მითითებული, 1.05 თ, როგორც ჩანს მომხმარებლისათვის მათი ფასები მისაღებია, ალბათ სწორედ ამიტომაა დიდი რაოდენობით რომ ითხოვენ საწვავს. მომსახურებაც არცთუ ისე ცუდია… ამ მცირე თუ დიდი ბიზნესის კერას რომ გავცდებით ერთი პატარა ბუტიკი დგას, სადაც ასე შუახნის ქალბატონი გამუდმებით კლიენტს ელოდება და თითქმის ცარიელ მაღაზიაში იწვევს გამვლელს. ბუტიკს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის კვალი დასტყობია. ქალბატონს ჩემი გამოჩენა გაუხარდა , სათნო სახითა და მშვიდი ხმით მეც ,,მიმიპატიჟა’’ ნახევრად ცარიელ მაღაზიაში და შემოსათავაზებელი რომ ვერაფერი შეარჩია მზესუმზირაზე მანიშნა და შეაქო კიდეც… ზრდილობისათვის რამდენიმე ჭიქა ვიყიდე და ნავაჭრით მცირედით გახარებული ქალბატონი უკან მოვიტოვე. მანქანების მოძრაობა ხმაურს იწვევს, ქალაქისათვის დამახასიათებელი მტვერი კი სასუნთქ გზებს კრავს… გაჩერებებზე ავტობუსის მოლოდინში მოქალაქეთა დიდი რაოდენობა შეკრებილა, ზოგი ტელეფონზე საუბრობს, ზოგი მუსიკის მოსმენით ცდილობს დროის გაყვანას, ზოგიც კი ხმამაღლა გამოთქვამს უკმაყოფილებას ავტობუსის დაგვიანების გამო. გზის მეორე მხარეს გადავედი. აქეთ განსხვავებული სიტუაცია და ატმოსფეროა. სუპერმარკეტს ბანკი მოსდევს, ბანკს ხილ-ბოსტნის მაღაზია… ხალხმრავლობა და ფუსფუცი აშკარად შეიმჩნევა.

ერთი ქალბატონი კი გარეთ სავაჭროდ გამოსულ გამყიდველს მწვანილის ფასის დაკლებას სთხოვს, დათანხმების შემდეგ მცირედით გახარებულმა კლიენტმა გამყიდველს ხურდები ჩაუთვლა. ,,სახალხო ბანკში“ რიგები შესასვლელიდან იწყება, პენსიებს არიგებენ და განსაკუთრებული მოთხვონა სწორედ ამით აიხსნება… რეკლამებს უკეთებენ ყველაფერს: ყველს, ხორცს, ფარშს, ჯიგარს… პოსტერის შეკვეთა ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც კლიენტის მოსაზიდად სუპერმარკეტის მფლობელებს ყურადღების მისაქცევად ,,ხელთნაკეთი’’ წარწერები აქვთ გაკრული, სადაც ახალი ხორცისა და ყველის რეკლამის გარდა მათ დაბალ ფასებზე აქვთ აქცენტი გაკეთებული… ნაძალადევის მეტროსთან ჩვეულებრისამებრ ხალმხრავლობაა. მზესუმზირის გამყიდველი ქალბატონი სიცივისაგან შეშმუშნულა და ხელებს იფშვნეტს. ახალგაზრდა ყმაწვილი კი გამუდმებისთ საათზე იხედება, აშკარაა რომ ვიღაცას ელოდება. გზას განვაგრძობ და ვფიქრობ რომ უნივერსიტეტამდე კიდევ ბევრ ფაქტს წავაწყდები. სათამაშო კლუბები, ავტოსკოლები, სალონები,მაღაზიები ერთმანეთს ენაცვლება, სწარაფი ობიექტების სიმრავლეც აშკარად თვალშისაცემია. დაინტერესებულმა შევიხედე, ასე ორმოციოდე მომხმარებელი იქნებოდა, ძირითადად ახალგაზრდები. ერთ დროს ძალიან პოპულარულ მაღაზიებში კი, ,,მარჩელოსა’’ და ,,ჟოზეფინაში’’, მხოლოდ მომსახურე პერსონალია. წარწერებია ყველგან: კედლლებზე, სახლის ფანჯრების ქვეშ და ხეებზეც კი…


სახლების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების გარდა სასწავლო დაწესებულების მისამართი და პირობებია აღწერილი, შეასწავლიან გიტარასა და პიანინოზე დაკვრას, კომპიუტერულ პროგრამებს და ბუღალტერიასაც და აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ 15 დღეში. ასე რომ ამ ყველაფრის შემხედვარე მე ჩემი დასკვნებიც გავაკეთე მათ ხარისხზე… კედლებზე ვისთვის უცნაურ, ვისთვის კი ძალიან დიდი გრძნობის გამომხატველ ფრაზებს წავაწყდი. ბანალური ფრაზები და სიყვარულის ახსნის განსხვავებული ხერხები, ბავშვურად გამოხატული გატაცებები, პლუსისთ დაკავშირებული ორი ადამიანის სახელები და დაბადების დღეების მილოცვები… ამასობაში გადასასვლელ ხიდათან მივედი. აქ სათამაშო აპარატებთან ათეულობით ახალგაზრდა დგას მოგების მოლოდინში. გარე მოვაჭრეებს კი საქონელი გამოუტანიათ და გამვლელებს სთავაზობენ მათი თქმისა არ იყოს ,,ხელსაყრელ ფასად’’. გადასასვლელ ხიდზე მატარებლისათვის დამახასიათებელი სუნით გაჟღენთილ ატმოსფეროს მუსიკალურად პატარა ე.წ. ,,Mუსიც შტორყ“ აფორმებს. ხიდი გადავიარე, ბაზრობის ტერიტორიასაც გვერდი ავუქციე და თამარ მეფის გამზირისაკენ გავეშურე. აქ განსაკუთრებულმა ხმაურმა და სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელმა დიალექტმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ალბათ ყველაზე მეტი მაინც სამეგრელოს რეგიონიდან სტუმრობს დედაქალაქს. რამდენიმემ მეგრულად გადაულაპარაკა ერთმანეთს, ალბათ სურდა ხმადაბლა გამოსვლოდა, თუმცა რამდენად გამოუვიდა ეს უკვე სადავოა… ერთი პატარა, მაგრამ საკმაოდ ლამაზი, გაზაფხულზე ბავშვების ჟრიამულით აკლებული ბაღი დღეს დაცარიელებულია, მხოლოდ ერთი მამაკაცი ჩამომჯდარა სკამზე და ხაჭაპურსა და კოკა-კოლას აგემოვნებს. დაჟინებით რომ ვაკვირდებოდი უცნაურად გამომხედა, მე კი მზერა ავარიდე და ,,დანიური სახლისაკენ“ გავეშურე, სადაც 40-70 პროცენტამდე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას მინაზე გაკრული ,,შალე 40-70’’ გვაძლევს. ,,დანიურ სახლს“ გვერდით ,,პრო-კრედიტ ბანკის’’ მრავალსართულიანი შენობა დგას… მე კი გაჩერებასთან გავჩერდი და ავტობუსით გადავწყვიტე გზის გაგრძელება შემდგომი არასასურველი ფაქტების თავიდან ასაცილებლად. (თამარ მეფის ხიდის გადავლას და ცირკთან ჩავლას ვგულისხმობ…) ამცირე ხნის ლოდინის შემდეგ ავტობუსიც მოვიდა და ნახევრად ცარიელ სამგზავრო ტრანსპორტში მეც დიდი სიამოვნებით ავედი (ჩვეულებრისამებრ გადაჭედილია ხოლმე), ახლად დაყენებულ ე.წ. ,,ტიცკეტ ბოხ-თან’’ მივედი და სტუდენტური ბილეთი ავიღე. ამჟერად გარემოს თვალიერება ავოტობუსიდან დავიწყე. აქაც ნაცნობი სიტუაციაა: გაჩერებებზე კვლავ ხალხის დიდი რაოდენობა, კვლავ წარწერები და საცობები… ხიდზე დღეს უკვე წარსულისაგან განსხვავებით სიცარიელეა და არც საეჭვო ჩანს რამე. ავტობუსი ვარაზის ხევს აუყვა, საშინელი საცობია და ალბათ კიდევ სულ მცირე 7 წუთი ვერ მივაღწევ დანიშნულების ადგილს. ტრანსპორტში მსხდომ მგზავრებს სახეზე გადაღლა და უხასიათობის ელემენტები შეპარვიათ. ორი პატარა ბავშვი კი სრულიად უდარდელად, გარემოს აღუქმელად,ეთამაშება ერთმანეთს და ბავშვებისათვის ჩვეული კისკისით მცირედით მაინც ახერხებენ მგზავრების გახალისებას. დრო სწრაფად გავიდა, როგორც იქნა ავტობუსმა ჭავჭავაძის გამზირს მიაღწია, მეც ჩამოვედი და ჩემი მზერა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შევავლე. ყველაფრის მიუხედავად იგი მაინც ,,ცოდნის ტაძარია’’ და ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემს, როგორც ჟურნალისტის, ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.

იანვარი 12, 2010 at 1:07 PM დატოვე კომენტარი

“ალილო”

ავტორი: ქეთი ასათიანი

ვარდების მოედანი.. 13 სთ და 50 წთ.. უამრავი ადამიანი, რომლებსაც საზეიმო განწყობა და საყოველთაო სიხარული აერთიანებს.. ირგვლივ ჩოხითა და ფაფახით შემოსილი ბიჭები.. ხატები.. ახალგაზრდებს ხელში დროშები უჭირავთ, რომლებზედაც ჯვრებია გამოსახული. გოგო-ბიჭები თეთრი კვართებით შემოსილან, რომლებსაც ასევე ჯვრები ამშვენებს. შეკრებილნი არიან როგორც საეკლესიო, ისე საერო პირები. აქა-იქ განლაგებულია ურიკები, სადაც შემოწირული სურსათ-სანოვაგე გროვდება. აღსანიშნავია, რომ იმ დიდი გზის მიუხედავად, რომელიც წინ გველის მსვლელობის მონაწილეებს, უამრავმა ბავშვმა მოიყარა თავი. ისინი თეატრალიზებულ დასთან ირთობენ თავს. სპილოს, აქლემის, კუს და ჟირაფის ფიგურებთან დგანან და ფოტოებს იღებენ. ვარდების მოედანზე თითქოს იღვიძებს მიძინებული ქართული სული, ტრადიციებს ვუბრუნდებით. ბიჭები ჩოხა-ახალუხით არიან შემოსილნი, გოგონები კი- ჩიხტიკოპით… ამინდი მზიანია- ისევე, როგორც აქ შეკრებილი ხალხის განწყობა. ირგვლივ მგალობლების მიერ შესრულებული საგალობლები ისმის. სანამ 2 საათი შესრულდება და მსვლელობას დავიწყებთ, ამასობაში მითითებაც მივიღეთ. ვინც სტიქარით არაა შემოსილი, არ შეიძლება შეუერთდეს სტიქაროსნებს. მრევლი სამღვდელოებასთან და ჩოხოსნებთან ერთად უნდა წამოვიდეს. ამ დროს ყველა გალობს- “ქრისტეს შობას მოგილოცავთ.” სადაცაა მსვლელობაც დაიწყება. ყველამ ჩვენ-ჩვენი ადგილი დავიკავეთ, ანუ ჩავმწკივდით შემდეგი თანმიმდევრობით- წინ ანგელოზები, შემდეგ ურიკები, მათ უკან- მანქანები, სტიქრით შემოსილები, თეატრალიზებული ნაწილი, სამღვდელოება, ჩოხოსნები და ბოლოს- მრევლი. უკვე 3-ის 10 წუთია და ჩვენც დავიძარით. ქუჩა გადაკეტილია ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე. გზად ფოტოაპარატებით შეიარაღბეული უამრავი უცხოელი გვხვდება. მივდივართ და თან მოგვყვება გალობა –“იესო დაბადებულა, ალილო”, ასევე ისმის “მრავალჟამიერიც”. ვინც არ იღებს მსვლელობაში მონაწილეობას, ისინი გვერდიდან გვაკვირდებიან და კამერით გვაფიქსირებენ, მათს სახეებზეც მხოლოდ ღიმილს და აღფრთოვანებას ვხედავთ. გზადაგზა ვჩერდებით.. ჩვენი წინამძღვრები საკმეველს ანთებენ და მისი სასამოვნო სუნი მთელ ქუჩაზე რჩება..არც ისე პატარა გზის მიუხედავად, დაღლილობის გამო არავინ წუწუნებს, ალბათ იმიტომ, რომ არავინ დაღლილა. აი, შესრულდა 5-ის ნახევარიც. უკვე მივუახლოვდით დანიშნულების ადგილს-სამების ტაძარს. ეკლესიის კიბე ხალხითაა სავსე, ხალხი კი-სიხარულით.                                                                                                      

   რა იყო ადრე…

  სიტყვა “ალილო” “ალილუიადან” მომდინარეობს, რაც “დიდება შენდა ღმერთოს” ნიშნავს და საშობაო სამახარობლოს ხალხური ვარიანტია. მოციქულთა დროიდან შობა და ნათლისღება ერთად აღინიშნებოდა. მე-3-4 საუკუნეებში მოხდა მათი გაყოფა. მომღერალთა ჯგუფი სოფელს შუაღამეს ჩამოივლიდა და “ალილოს” სიმღერით ულოცავდა ოჯახებს შობის დადგომას. მეალილოეთა ჯგუფის წევრებს თან კალათები და ღვინის ან არყის ჭურჭელი ეჭირათ, რითაც მასპინძლისგან შემოწირულ ძღვენს აგროვებდნენ. “ალილო” სიმღერა-დალოცვაა, რომელიც მრავალ კუთხეში სხვადასხვა ვარიანტითაა ცნობილი. ვხვდებით კახურ, იმერულ, გურულ, მეგრულ, ლეჩხუმურ, სვანურ და რაჭულ ვარიანტებს. რაჭული “ალილო” მიჩნეულია მუსიკალური აზროვნების მაღალი საფეხურის გამოხატულებად. ერწო-თიანეთში შობის წინა საღამოს ოჯახში მზადდებოდა ფაფა, ე.წ. ქრისტეს კორკოტი. ამავე საღამოს იმართებოდა “ფხოჭაობა”: უფროსები ბავშვებს თხილ-კაკალს უყრიდნენ. თითოეული ბავშვი ცდილობდა სხვაზე მეტი მოეგროვებინა, რაც ბედნიერების მომასწავებელი იქნებოდა. ამ საღამოსვე ახალგაზრდები კარდაკარ ჩამოივლიდნენ “ალილოს” სიმღერით. (ღამბაშიძე 1987) ახალი წლის მიგებება საინგილოში: “ინგილოების სოფელში ატყდა თოფის სროლა, ხმაურობა, ძაღლების ყეფა. მთელი სოფელი ხმად გადაიქცა. რა ამბავია? ნუთუ ლეკის შემოსევამა და სისხლის ღვრამ ასტეხა ესრეთი ღრიანცელი?- არა, ინგილონი არაფერს შეუშინებია, ისინი ეგებებიან შობას. ინგილოები ერთმანეთს მკლავზე შემოუტარებენ ძაფს, გაკვანძავენ. ამ ძაფს აბამენ ყოველ ჭურჭელს. ეს ძაფი მოგვაგონებს რგოლსა, რომელიც ძველადგანვე ცნობილია, როგორც სიმბოლო ღვთის დაუსაბამობისა და ერთარსებისა. ამ ჩვეულებით ინგილო გამოთქვამს სურვილს, რომ დაუსაბამო ღმერთმა ყველა ოჯახის წევრი და ყოველივე მათი ქონება ახალ წელიწადს შეინახოს მთლიანად, დაუზიანებლად და დაურღვევლად. ძაფის რგოლს ისინი 3 დღეში იხსნიდნენ. მერე დაამზადებენ ხონჩს: დააწყობენ ზედ პურებსა, ნაზუქებსა, დასდგამენ ჯამით თაფლსა, ერბოსა, ღვინოსა, ბამბის წითელს და თეთრს ძაფებსა და სახლის უფალთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. უფროსი ვაზის ძირში დაჰკლავს წითელ ფრთოსან მამალსა, ფრთებს მოჰგლეჯავს, ვაზზედ მიაკრავს და იტყვის: “ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა.” (მ. ჯანაშვილი, გაზეთი “ივერია” 1887) ფერხაობა სამაგრელოში: “მჭადს ტეხავს ქალი და კაცი. ერთმა ერთის მხრით უნდა მოკიდოს ხელი, მეორემ-მეორე მხრით. თითოელი ცდილობს, უფროსი ნატეხი მისკენ დარჩეს. თუ ქალისკენ იქნა მეტი ნატეხი, აბრეშუმი ბლომად მოვა. თუ ვაჟისკენ, ჭირნახული მოვა ბლომად. ჩიჩილაკის დამტარელი უფროსი მაფეხურად ითვლება და მთელ დღეს მხოლოდ ერთი და იმავე სკამზე ჯდება. ეს იმის მომასწავებელია, რომ ქათმები კვერცხების გამოჩეკის დროს არ აირევიან და კარგადაც გამოსჩეკენო. შობის დღეს ვინმემ რამე თუ გთხოვა, უარი არ უნდა უთხრა, რადგან უარის მთქმელი მთელი წელი ხელდაცარიელებული დარჩება. სამეგრელოში იციან თმაშობა- “ტყაპობა”. მოზელენ სიმინდის ფქვილისგან ცომს და მეზობლები ერთმანეთს უგლესენ თავ-პირს.” (ტრიფონ კალანდარიშვილი, გაზეთი “ივერია” 1890) “დადგება შობის დღესასწაული და ჩვენ ქალაქებში და უმეტესად, დაბა-სოფლებში მოგროვდებიან ყმაწვილები და ზოგჯერ მოხუცებულებიც, ჩამოუვლიან ოჯახებს და გალობით დღესასწაულს ულოცავენ. ამ მისალოც საგალობლებს უწოდებენ “ალილოს” და “ჭონას”. ჩვენდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, ეს ძველებური მამაპაპური მილოცვის საგალობელი, ზოგიერთს, მეტიჩრობის წყალობით, გარდაქმნეს და გადაცვალეს სრულიად სხვა, გაუგებარ კილოზედ და ენაზედ. შობის წინა დღეს “ალილოს” მაგივრად გალობენ შობის დღესასწაულის “ტროპარს”. აღდგომის წინა კვირებში “ჭონის” მაგივრად “განათლდა, განათლდა”-ს სლავიანურად, რომელიც დამახინჯებულია როგორც შინაარსით, ასევე კილოთი. არ იქნება ურიგო, რომ ისეთს შეუფერებელ ადგილებზედ, როგორიც სმიკიტონებია, აღეკრძალოს პატარა ყმაწვილებს სიარული გალობით, თორემ ეს წმინდა საგალობელი იბღალება ერთის მხრით კილოს და სიტყვების ათასნაირად დამახინჯებით, მეორეთ “ლოთი კამპანიის” სიცილ-ხარხარით”. (ბ. ვაშაძე, “ალილო და ჭონა”, გაზეთი “ივერია”, 1902) “ყველას უხარია, საქმის კაციც მოსვენებულია და ქეიფს ეძლევა. ჩვენს ქალაქს გუშინვე სადღესასწაულო სახე დაედო. ხალხი საღამოს ჟამს მრავლად დაიარებოდა ქუჩებში. მაღაზიებს გამოეფინათ თავის საქონელი, რომელსაც გაფაციცებით შინჯავდნენ ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილნი ქალნი და კაცნი. დიდძალი სანოვაგე და სხვადასხვაგვარი ხილი იყო გამოფენილი. ზოგს მაღაზიაში იმოდენა ხალხი შეგროვილიყო, სასახლის ქუჩაზედ სავაჭროდ, რომ ტევა აღარ იყო. უხაროდა ხალხს შობის გათენება. იმართება მრავლად ყოველგვარი წარმოდგენები, ოპერები და ხალხიც მიდის იქ დროს გასატარებლად. თეატრების დარბაზი ივსება საზოგადოებით. ცირკის ხის შენობა გაჭედილია სადღესასწაულოდ მოსულის ხალხით. ხვალ ცონცერტს გამართავენ 25 კაცი მომღერალი სულ ქულაჯებით იქნება მორთული.” (შობა დღესასწაულისთვის მზადება, გაზეთი “ივერია”, 1886) “ქრისტეს შობა- ეს 2 სიტყვა თითქოს არაფერს ეუბნება თანამედროვე პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანს. საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიდიადით გამოირჩევიან, როგორც პიველშობას. შობის დღეს იმსხვრევა საკვლელნი ჯოჯოხეთისანი, სიკვდილი ითრგუნება, სამოთხის კარი იღება, ჭეშმარიტება კვლავ ცხადდება და მადლი ღვთისა ყველა ადგილს მოეფინება.” (მარინე სამხარაძე, გაზეთი “თბილისი”, 1997) “ალილოთი ხვდებიან შობას, ის 7 იანვარს 12 საათზე დაიწყება. ყველა ტაძართან შეგროვდებიან მღვდელმსახურები, მგალობლები და მრევლი, რომლებიც ხატებით, ჯვრებითა და ნაკურთხი წყლით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას შემოივლიან და საშობაო საგალობლებს იგალობებენ. მორწმუნეები სამღვდელო პირებთან ერთად ყველა თბილისის ტაძარს მოივლიან. ძირითადი მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. მეალილოებს ყველგან მიეგებებიან მოქალაქეები და გაიღებენ ძღვენს. კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები კი ამ დღეს ძღვნად თავიანთ შემოქმედებას შესწირავენ.” (ინტერპრესი, გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” 2005)

იანვარი 11, 2010 at 5:37 PM 10 comments


კატეგორიები

Flickr Photos