Posts filed under ‘სოციალური’

კიდევ მიდიან

ავტორი: მარგო ჯაფარიძე
თურმე რატომ მრავლდება სამშენებლო

მასალების მაღაზიები ქუთაისში

ბავშვი ავად გახდა. ერთი წლის უშედეგო მკურნალობის შემდეგ სწორი დიაგნოზი დაუსვეს: ფენილკეტონური, ანუ ჭარბი ცილა ტვინის უჯრედებზე, რაც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობას აქვეითებს. თურმე შხამი ყოფილა დედის რძე, ერთი წელი რომ ასვამდა დედა. შედეგი გარდატეხის ასაკის გადალახვის შემდეგ გამოჩნდებოდა, მანმადე კი უნდა ეჭამა სპეციალური საკვები, რომელიც უცხოეთიდან შემოჰქონდათ და ერთი კვირის ულუფა სამოცდაათი დოლარი ღირდა. ოჯახში რომ აღარაფერი დარჩა გასაყიდი, მამამ გადაწყვიტა, საბერძნეთში წასულიყო სამუშაოდ, მითუმეტეს, რომ დები უკვე წელგამართულნი იყვნენ იქ. საკვები გაიაფდა, მერე უფასოდაც რიგდებოდა. მამა მაინც არ დაბრუნდა. რეკავდა სახლში, აგზვნიდა ფულს, ცოტას. ერთხელაც ირმას მულებმა დაურეკეს, საქმე ცუდადაა, ჩამოდი, თორემ ოჯახი დაგენგრევაო.
ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი ირმასთან და ვერ ვგრძნობდი სოფლის სიცარიელეს, იმიტომ, რომ იქ ცხოვრობდა სამი ახალგაზრდა დედა: ირმა, ბათია და ლიკა, და ბავშვები, რომლებთან ერთადაც მე ბევრი სასიამოვნო ზაფხული გამიტარებია. ირმა უკვე წავიდა, ლიკაც იგივე მიზეზით მიდის ქმართან. წელს აღარ ვაპირებ იქ ჩასვლას: საშინელი სანახავია იმერეთის ერთ-ერთი სოფელი, დიდველა, მოუვლელი მოხუცებითა და უდედმამო ბავშვებით.
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე რომ გაიაროთ თვალში გეცემათ უამრავი “ოფისი” (რომელიც წასულებს, წასვის მსურველებსა და აქ დარჩენილებს ემსახურება) და სამშენებლო მაღაზიები. ახლა მივხვდი, რატომ არის სამშენებლო მასალების მაღაზია მომგებიანი ბიზნესი ქუთაისში. იმიტომ, რომ ყველა ემიგრანტი სახლს იშენებს, იმერეთში კი თითო ოჯახში საშუალოდ თითო ემიგრანტია.
ამასწინად გადავწყვიტე, საბერძნეთში ავტობუსით წავსულიყავი და კარგი თანხაც დამეზოგა: 100 დოლარი ჯდება თბილისი-ათენის ავტობუსის ბილეთი, როცა თვითმფრინავით მგზავრობა ორას ორმოცდაათიდან სამას ორმოცდაათ ევრომდე მერყეობს. მერე გავიგე, თურმე ამ ავტობუსებით მგზავრობდნენ არალეგალებიც, რომლებსაც სავარძლის ქვეშ სპეციალურად გაკეთებულ სივრცეში მალავენ. ამ ბილეთის სანაცვლოდ 3 000 ევროს იხდიან. წარმოიდგინეთ, რა გრძნობაა, როცა შენი სავარძლის ქვეშ ვიღაც ძლივს სუნთქავს. ძლივს, იმიტომ, რომ საბაჟოებზე გადასვლისას ვენტილაციას გათიშავენ და შესაძლოა, უჰაერობამ გაგუდოს.


ერთი კვირის წინ მე და ირმამ ვიდეოთვალით ვისაუბრეთ. მშვიდობით ჩავიდა: ვენტილაცია დროზე მეტ ხანს იყო გამორთული ხანგრძლივი შემოწმების გამო, მაგრამ გადაურჩნენ. ეს არაფერია იმ მგზავრობასთან  შედარებით, ადრე რომ იყო ხოლმე: მისმა ნათესავებმა მუხლებზე დაჩოქილებმა იარეს ღამით ტყეში. დღისით ეშინოდათ, ვინმეს არ შეემჩნიათ, სამაგიეროდ ღამით არ ეპუებოდნენ მგლებს, სულ ახლოდან რომ ესმოდათ ყმუილი.
დღეს ბევრი “ოფისია” არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ თბილისშიც, ცენტრალურ ავტოსადგომზე, რამდენიც გინდათ იმდენი. იხვეწებიან ავტობუსის ბილეთს 100 დოლარად, ოთხმოცადაც იშოვით თუ არ დაიზარებთ და რამდენიმეს  ესტუმრებით. არავინ ინტერესდება, რეალურად რას საქმიანობენ ასეთი ტურისტული ოფისები. უფრო სწორედ, ყველამ იცის რისთვის არსებობენ ისინი, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს.
2006 წლის დაუზუსტებელი მონაცემებით საზღვარგარეთ მილიონზე მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. და ვინ იცის ზუსტად, რამდენი წავიდა კიდევ და რამდენი დაბრუნდა.  თუმცა არ არის საკამათო, რომ ყოველწლიურად სხვადასხვა განზრახვით უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ვიდრე უკან ბრუნდება.
“რომ იცოდე, რებს აკეთებენ აქ ქართველები”- მითხრა ირმამ- “რას აღარ! რომ უკვდებათ “ბებიები” და “ბაბუები”, ეზრდებათ “შვილობილები”, უმუშევრები რჩებიან. იქ ცალკე ოჯახები აქვთ: ისინი და მათი საყვარლები, ერთად ცხოვრობენ, ერთად არიან ყველგან და არც კი სცხვენიათ იქ მყოფი ახლობლების”. ერიდებიან უცნობ ქართველებს. მამაკაცების სამსახური ჭირს, ალბათ, ცოტა ქართველი თუ წარმოგვიდგენია მებაღე, სარწყავით ან დამტარებლად პიცებით ხელში. ამიტომ ზოგიერთი სამსახურს ვერ ეგუება და ოჯახებს ქურდობით არჩენს.
გამარტივდა დროებითი მოქალაქის საბუთის აღება. ამიტომ  უფრო ცივილიზებული ფორმით უწევთ ცხოვრება. აღარ ეშინიათ ქუჩაში სიარულის, ჩამოდიან ახლობლების სანახავად და მერე უკან ბრუნდებიან.

ახლა ირმას შვილები ცალ-ცალკე ცხოვრობენ: ერთი დედასთან, მეორე- დედამთილთან. ის სანამ ჩამოვა, ბავშვები გაიზრდებიან, აბა, მეორე სართულის გარემონტებას ცოტა დრო უნდა?! მანმადე კი დამპირდა, რომ გამომიგზავნის ახალ KAPPA-ს ჩანთას, ნაღდი ALL STAR-ის კედებს, ZARA-სა და MANGO-ს ზედებს, იქ ცენტებად რომ ყრია.

Advertisements

იანვარი 8, 2010 at 3:16 PM 6 comments

ვარდისფერი “სისხლი”

ავტორი: მარგო ჯაფარიძე

სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზოციურმა პარტიებმა 2009 წლის 7 ნოემბერი მშვიდობიანი აქციებითა და  მსვლელობებით აღნიშნეს. მათი ორგანიზებით შაბათ დილიდან რამდენიმე აქცია გაიმართა. დასკვნითი ნაწილი კი პარლამენტის წინ შედგა. დადგეს მოკრძალებული ტრიბუნა, ისეთი რომ ნანა კაკაბაძეს ორი მხრიდან თანამოაზრეები ეშველებოდნენ, მოიტანეს გენერატორი, რომელიც ნახევარ საათში გაუთვალისწინებელი პროცესების შედეგად და საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით გაითიშა, დაამონტაჟეს ხმის აპარატურა, რომელიც არადა არ ამუშავდა (მუშაობდა, მაგრამ სუსტი აკუსტიკურობის გამო, მხოლოდ ახლოს მდგომთ ესმოდათ გამომსვლელთა სიტყვა)
ჩემი სამოყვარულო მისია გახლდათ, ფოტოები გადამეღო საინტერესო ადამიანებისთვის. ვერც პირდაპირ, ვერც პაპარაცულად ჩვენს თანამოქალაქეებთან ვერაფერს გავხდი. ფოტოაპარატებისა და კამერების დანახვაზე ხალხს პანიკური შიში ეწყება: იმ დროს ახსენდებათ, რომ ბავშვი სადღაც ყავთ მარტო დატოვებული, ან სამსახურში ეჩქარება, ან ხასიათზე არ არის, ან სასურათედ არ მისულა იქ, ან შეკითხვას თუ დაუსვამ, საერთოდ იმ თემის აზრზე არ არის და არც აინტერესებს და ასე შემდეგ… რამდენიმე გადავიღე, მაგრამ რაღაც გაუგებრად ჩაიბურტყუნეს არასასიამოვნო კონტექსტში და შევეშვი. ვნანობდი რომ მივედი და თან არ ვნანობდი, იმიტიმ, რომ  შემთხვევით დავინახე სავარაუდოდ ჟურნალისტური მისიით ჩამოსული ჩვენი კოლეგა, გერმანელი  “რაინდი”, რომელმაც ჩემი და თანმხლები მეგობრების გული წამში მოინადირა. ჰოდა იმას მაინც გადავუღე.  როგორღაც გადავურჩი ლევან გაჩეჩილაძის რისხვას, ფოტოაპარატი ლამის სახეზე რომ ავაფარე. მერე ეროსი კიწმარიშვილმა ისეთი მზერა გვესროლა, რომ კამერები ჰაერში გაგვიშეშდა, ხოლო ერთმანეთთან გამოლაპარაკების შემდეგ აღმოვაჩინეთ, იმ მომენტში მისთვის არც ერთს ფოტო რომ არ გვქონდა გდანაღები.
გამოსვლები არ იყო ხანგრძლივი. გლოვის ნიშნად ახალგაზრდებს აფრიალებული დროშები დააშვებინეს, ყველას სანთლები დაანთებინეს. ვერ გავიგე, სად წამეღო ერთი მუჭა სანთელი, რომელიც მეც მომაწოდეს. მართლა გავოცდი და მეგობარს ვკითხე: მე არ მახსოვს თუ 7 ნოემბერს რომელიმე აქტივისტი დაიღუპა მეთქი?!
ბედნიერი სახეები მოაწყდა გია გაჩეჩილაძეს. ლამობდნენ, მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ და ისიც ცდილობდა, ას ოცდამერვედაც ისეთივე ენთუზიაზმით  გაეღიმა, როგორც თავდაპირველად. შემდეგ მოიტანეს ის ავადსახსენებელი “სისხლი”, რომელმაც დიდი აურზაური და შფოთი გამოიწვია რიგებში. რიგებში იმიტომ რომ, ორგანიზატორების იდეა იყო, ერთ ბანერზე მომიტინგეებს  დაეტოვებინათ თავიანთი ხელის მტევნის ანაბეჭდი, რაც ასეთ გზავნილს შეიცავდა: “არა ძალადობას”. რა თქმა უნდა, აფუთფუთდა საზოგადოება, მიაწყდა ბანერს. ქართულმა მოთმინების კულტურამ აქაც იჩინა თავი: აირია რიგები, ხალხი ერთმანეს მიაწვა, ააყირავეს “სისხლი”, სასწრაფოდ გამორთეს აპარატურა. დუსველდათ ფეხები, თავის შესამაგრებლად ჩასჭიდეს ერთმანეთს გასვრილი ხელები. დაიხედეს ქურთუკებზე და ახლა კი დაიწყო ნამდვილი აყალმაყალი, გალანძღეს ერთმანეთი და განიკითხეს მტყუან-მართალი. შეხალვათდნენ, დაიწყეს ლაქების მოშორება და ყველა ერთსადაიმავეს  კითხულობდა: მოშორდება თუ იცით?!

ვიდექი “სისხლის” გუბეში, ვაკვირდერბოდი და ვერაფრით მივმხვდარიყავი, რატომ ეცვათ ადამიანებს ვარდისფრად მოთხვრილი ქურთუკები, რატომ ჰქონდათ ვარდისფერი ხელები ან  რატომ ვიდექი ვარდისფერ ტბორში?!

იანვარი 5, 2010 at 2:30 PM 5 comments

შეუზღუდავი შეზღუდეს

ნინო ახალაძე

2009 წლის პირველი ნოემბერი… სცენა პირველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი… კედელზე გაკრული ნიშანი _ “მოწევა აკრძალულია”… ამ ნიშნის ქვეშ ლექტორი ეწევა…
2009 წლის პირველი დეკემბერი… სცენა მეორე: იგივე უნივერსიტეტი… უკვე ნაცნობი ნიშანი… ისევ ლექტორი-სიგარეტით ხელში… იღებს პირველ გაფრთხილებას – ჯარიმას 15 ლარის ოდენობით. კიდევ ორი ასეთი გაფრთხილება და მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ.


სწორედ 2009 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “მოწევის აკრძალვის მარეგულირებელი წესები”. წესების მესამე მუხლი გულისხმობს უნივერსიტეტის პერსონალის კონტროლს და 15-, 35- და 75-ლარიანი ჯარიმების შემდეგ მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ხოლო მეოთხე მუხლის მიხედვით, სტუდენტს, რომელიც სამი გაფრთხილების (5, 10, და 50 ლარის ოდენობით) შემდეგ დაარღვევს წესებს, უწყდება სტუდენტის სტატუსი. ამ ყველაფერზე “კონტროლის განხორციელება ევალება ფაკულტეტებს”. შეზღუდვებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ სტუდენტები. თაკო, მესამე კურსი: “არ არის გამოყოფილი მოსაწევი ადგილები. ამითი მაიძულებენ, რომ ქუჩაში გავიდე და იქ მოვწიო. ჩემი აზრით, ეს უსამართლობაა”. უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნოდარ ბელქანია აღნიშნავს, რომ ამ საკითხმა იმედნად დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რომ ის განათლების სამინისტროს საბჭოებზე ბევრ სხვა მწვავე პრობლემასთან ერთად განიხილება. სწორედ ამიტომ ექცევა დიდი ყურადღება ამ წესების მკაცრად დაცვას.
2003 წლის 6 ივნისს მიღებული კანონი საქართველოში თამბაქოს მოწევის შესახებ, ითვალისწინებს: ”სკოლამდელი აღზრდის, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში თამბაქოს აკრძალვას”. თუმცა, კანონის მეოთხე მუხლში, ასევე, აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული ”ობიექტების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან გამოყონ თამბაქოს მოწევისთვის სპეციალური ადგილები”. ამ პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება არ სრულდება თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში. მეტიც, ბევრ უნივერსიტეტში თამბაქოსთან დაკავშირებული აკრძალვები საერთოდ არ მოქმედებს.
2008 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა “თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონში. ერთერთი ცვლილების თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ ბარებსა და რესტორნებში ადგილების, მინიმუმ, 50% უნდა ეთმობოდეს არამწეველებს. თბილისის მასშტაბით ჩატარებულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ კანონის აღნიშნული მუხლი, ძირითადად, არ მუშაობს. მაგალითად, რესტორან “ნიკალაში” მოწევა არ იზღუდება და, ამასთანავე, არამწეველებისთვის გამოყოფილი სპეციალური ზონებიც არ არსებობს. იქ კი, სადაც მოწევის ამკრძალავი ნიშნებია, მხოლოდ პერიოდულად ამოწმებენ სრულდება თუ არა ეს პირობა. რესტორან “ბარაქას” თანამშრომელი, თეა აღნიშნავს: ”გარდა იმისა, რომ ჩვენთან არის ეს ნიშანი, გვაქვს შესაბამისი სერთიფიკატიც… რაც შეეხება შემოწმებას, ხანდახან მოდიან და ამოწმებენ, მაგრამ ეს არ არის ხშირი”.
კანონში 2008 წელს შეტანილი მორიგი ცვლილების მიხედვით: “თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს სამისნისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნებზე თამბაქოს გაყიდვა აკრძალულია. ასეთი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს არანაკლებ A4 ფორმატზე”. დღესდღეობით, საქართველოში, ამ კანონის შემსრულებელი მაღაზია პრაქტიკულად არ არსებობს. ხოლო, რაც შეეხება, ერთერთ ქვეპუნქტს, რომ “თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია აკრძალულია სიგარეტის ერთეული ღერებით, ერთეული შეფუთვით (კოლოფით) თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია”, აღმოჩნდა, რომ თამბაქოს რეალიზაციის ადგილებში საერთოდ არ სმენიათ მსგავსი კანონის არსებობის შესახებ. გამყიდველ, მანანას თქმით: ”8 წელია ამ მაღაზიაში ვმუშაობ და ცალობითაც ვყიდი სიგარეტს ისე, რომ ჯერ არავინ მომდავებია, კანონს არღვევო”.


“თამბაქოს შესახებ” კანონის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს მიყიდვა არასრულწლოვანი პირებისთვის. “რეალიზატორს უფელბა აქვს თამბაქოს მყიდველი პირის არასრულწლოვნებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში მოითხოვოს სრულსწლოვნობის დამადასტურებელი დოკუმენტი”. იმის გასარკვევად, იცავენ თუ არა ამ კანონს თამბაქოს რეალიზატორები, ჩავატარეთ ექსპერიმენტი: თბილისის ერთერთ მაღაზიაში სიგარეტის შესაძენად შევუშვით 13 წლის ნიკუშა. რამდენიმე წუთში ის სიგარეტის კოლოფით დაბრუნდა. მისი თქმით: “გამყიდველს არაფერი არ უკითხავს: არც ასაკი და არც პირადობის მოწმობა”. ექსპერიმენტის შედეგი ნათელია…

კანონი საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ, მასში შესული  შესწორებებით, ძალაში 2009 წლის პირველი იანვრიდან შევიდა… ახლა დეკემბერია… შესაძლოა, საზოგადოებისთვის კანონის მიღებიდან ერთი წელი ძალიან მცირე პერიოდია მის გასათავისებლად. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ათწლეულების მანძილზე ამ საკითხს მკაცრად არავინ აკონტროლებდა. თუმცა, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გატარებული “მოწევის ამკრძალავი” წარმატებული რეფორმა გვაძლევს საფუძველს გვქონდეს იმედი, რომ მომავალი თაობა უფრო კანონმორჩილი იქნება და მომავალში საქართველოს ყველა მოქალაქე დაემორჩილება მოწევის ერთობ შეუზღუდავი ჩვევის ერთობ შემზღუდველ კანონს”.

დეკემბერი 28, 2009 at 9:15 AM 12 comments


კატეგორიები

Flickr Photos