Posts filed under ‘სპორტი’

გაიცანით…სპორტთა სპორტი

ნინო ახალაძე
 

“Some people think football is a matter of life and death. I assure you, it’s much more serious than that”.

ეს არის სიტყვები, რომელიც ფეხბურთის ერთერთმა გულშემატკივარმა თქვა და ამ ფრაზით, ალბათ, არამარტო თავისი დამოკიდებულება გამოხატა ამ სპორტის მიმართ. მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი, უბრალოდ, ცხოვრობს ამ სპორტით. “ის” მოდის სამსახურიდან დაღლილი, კოსტიუმის ნაცვლად იცვამს ფეხბურთის მაისურს, რთავს ტელევიზორს და ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირის საყვარელი გუნდის სახელს-სახლიდან “ეხმარება” მას თამაში მოიგოს; ანდა “ის” ათასობით უცნობ ადამიანთან ერთად დგას თავსხმა წვიმაში, სტადიონზე და სუნთქვაშეკრული ელოდება პატარა სასწაულს, რომ 90-ე წუთზე 3:3 4:3-ად გადაიქცევა… “ის” ფეხბურთის გულშემატკივარია. სპორტის, რომელიც ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ წარმოიშვა. …
ისტორიულად, ფეხბურთი მიეკუთვნებოდა იმ ევროპული სპორტის სახეობებს, რომლებიც ფეხით ბურთის თამაშს გულისხმობდა. ამ თამაშებში, ჩვეულებისამებრ, გლეხები მონაწილეობდნენ, რადგან არისტოკრეტები ცხენზე ამხედრებულები ამჯობინებდნენ შეჯიბრებას.
 
 ფეხბურთს უკავშირდება მასთან მონათესავე მრავალი სპორტის ჩამოყალიბება. ბევრი მათგანი დღეს დამოუკიდებელ სპორტის სახეობად ითვლება: რაგბი, კალათბურთი და ა.შ. თვით ფეხბურთთან დაკავშირებული სახეობებია: პლაჟის ფეხბურთი; ქუჩის ფეხბურთი (ნაკლებად მკაცრი წესებით), ჭაობის ფეხბურთი; ფეხბურთი შეზღუდული შესაძლებობების მქონე ადამიანებისთვის: დაქვეითებული მხედველობით ან სმენით, ცერებრალური დამბლით, ამპუტირებული კიდურით ან ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული სპორტსმენებისთვის. 
 სულ გამოიყოფა ირლანდიური და ავსტარლიური ფეხბურთის 13 სახეობა, ბრიტანულის-10, ფეხბურთთან მონათესავე სპორტის ჰიბრიდული სახეობების 9 სახეობა. მეტიც, არსებობს ე.წ. მაგიდის ფეხბურთიც, “ფენტეზი ფეხბურთი”, “ქაღალდის ფეხბურთი”.
 

ფეხბურთის მსგავსი თამაშის აღწერილობას ვხვდებით ჩინურ სამხედრო სახლელმძღვანელოში, რომელი ქრისტეს შობამდე მესამე-პირველ საუკუნეებს მოიცავს. “ქუიუს” დროს საჭირო იყო მიწიდან 9 მეტრის სიმაღლეზე დაკიდებული აბრეშუმის ნაჭერში ტყავის ბურთის მოხვედრება. მალე თამაში იაპონიასა და კორეაშიც გავრცელდა და “კემარის” სახელით და იმდენად პროფესიონალურ დონეს მიაღწია, რომ მალე ბევრი მოთამაშის ერთადერთი საარსებო წყარო გახდა.
 
 თანდათან ამ სპორტის მიმდევრები ბევრი ქვეყნის ადგილობრივი მკვიდრები გახდნენ. მგალითად, 1586 წელს ინგლისელი მკვლევარი ჯონ დევისი გრენლადნიაში ესკიმოსებთან ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდა გემიდან.
 ძველი ბერძნები და რომაელებიც თამაშობდნენ ფეხბურთის მსგავს სპორტის სახეობას. რომაელმა პოლიტიკოსმა, ციცერონმა აღწერა შემთხვევა ადამიანზე, რომელიც გარდაიცვალა გაპარსვის დროს, როდესაც მოხვდა სადალაქოს ფანჯარაში შევარდნილი ბურთი.
 
 

შუა საუკუნეებში ინგლისში გავრცელდა ე.წ. “ბრბოს ფეხბურთი”, როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ მეზობელი ქალაქები და სოფლები თითოეულ მხარეს მოთამაშეთა რაოდენობას არ ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარი იყო მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევა და გარკვეულ გეოგრაფიულ ობიექტამდე, მაგალითად, ეკლესიამდე მიტანა.
 
 

დროთა განმავლობაში, სპორტის ეს სახეობა, გარკვეულწილად, შემაწუხებელი გახდა საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის.
 

1314 წელს მეფე ედვარდ მეორემ გასცა ბრძანება იმდროინდელი იგლისელი არისტოკრატებისთვის ფეხბურთის თამაშის აკრძალვის შესახებ: “ვინაიდან, დედაქალაქში არის გაუსაძლისი ხმაური, გამოწვეული მოედნებზე ბურთისთვის ჭიდაობით, რასაც ღმერთისგან აკრძალული მრავალი ბოროტება შეიძლება მოჰყვეს. მომავალში ქალაქში ეს თამაში დაპატიმრებით დაისჯება”…
  
 მეფე ედვარდ მესამემაც უკანონოდ გამოაცხადა ფეხბურთის თამაში და ჯარიმა, 4 პენსი დააწესა კანონის დამრღვევთათვის.
სიტყვა “ფეხბურთი” უარყოფითი მნიშვნელობით აქვს გამოყენებული უილიამ შექსპირსაც კი, “მეფე ლირში”:   “Nor tripped neither, you base football player” (“…შენ სულმდაბალო, ფეხბურთის მოთამაშევ”)
 მე-15 საუკუნის ლათინური წყაროების მიხედვით, ფეხბურთს თამაშობდნენ ნოთინგჰემშირში. აქ პირველადაა აღწერილი ბურთის ტარების პროცესი: ”ესაა თამაში, როდესაც ახალგაზრდები საწინააღმდეგო მხარეს მიიწევენ არა ბურთის ჰაერში აგდებით, არამედ მისი მიწაზე გორაობით. მოედნის საზღვრები კი დადგენილი და მონიშნულია”.
აღსანიშნავია, რომ:
•პირველი საფეხბურთო “ბუცები” ინგლისისი მეფე ჰენრი მეშვიდემ შეუკვეთა.

•ქალთა პირველი გუნდი 1580 წელს გამოჩნდა.
•პირველად, სიტყვა “გოლი” მე-16 საუკუნეში ახსენა რიჩარდ ქერეუმ. მანვე აღწერა მეკარის ფუნქციები და ბურთის მოთამაშეებს შორის გატარების ტექნიკა.
•პირველი ოფიციალური საფეხბურთო კლუბი დაარსდა შოტლანდიაში, ედინბურგში, 1824-41 წლებში.
•პირველი და ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო შეჯიბრება 1858 წელს მელბურნში გაიმართა და მას შემდეგ, ის ყოველწლიურად ტარდება.
•პირველი საპრიზო ტურნირი Caledonian Challenge Cup, 1861 წელს გაიმართა კალედონიური სამეფო საზოგადოების მიერ, მელბურნის წესების მიხედვით.
 

•მე-16 საუკუნეში, ფლორენციაში, აბრეშუმში გამოწყობილი არისტოკრატები ფეხბურთს თამაშობდნენ. მათ მოწინააღმდეგის ხელის კვრის, მუშტით ცემის და წელს ქვემოთ დარტყმის უფლებაც კი ჰქონდათ. ეს თამაში ერთგვარ სამხედრო სავარჯიშოდ ითვლებოდა. 1580 წელს ჯოვანი დე ბარდიმ დაწერა ფეხბურთის წესები, რომელიც მიჩნეულია ამ სპორტის კანონთა უძველეს კრებულად. 
      ბრიტანეთში ფეხბურთის სხვადასხვა სახეობას თამაშობდნენ, თუმცა კერძო სკოლებში მისი განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამან “ბრბოს ფეხბურთის” ორგანიზებულ, გუნდურ სპორტად გადაქცევას შეუწყო ხელი. წესები სხვადასხვა სკოლაში განსხვავებული იყო. ამის ერთერთ მიზეზად ითვლება ის გარემოება, რომ ყველა სასწავლებელს არ ჰქონდა თანაბარი სათამაშო ფართი და პირობები. ასე რომ, 1840 წელს, სარკინიგზო ტრანსპორტის ბუმის პერიოდში, როდესაც მიმოსვლა უფრო ადვილი გახდა და დაიწყო საერთაშორისო სასკოლო შეჯიბრებები, გუნდების თამაშის განსხვავებული წესების გამო, მატჩი იყოფოდა ორ ნახევრად: პირველ ნახევარში თამაშობდნენ მასპინძელი გუნდის წესების მიხედვით, მეორეში კი-სტუმრის წესებით.         ევროპაში, პირველი ფეხბურთის ბურთები კეთდებოდა საქონლის, ყველაზე ხშირად, ღორის შარდის ბუშტისგან, რომლებსაც ჰაერით ავსებდნენ. შემდგომში, მათ ტყავს აკრავდნენ გარშემო, რათა ბურთს მეტ ხანს შეენარჩუნებინა ფორმა.
 

მოგვიანებით, ფეხსაცმლის მკერავებმა რიჩარდ ლინდონმა და უილიამ გილბერტმა, ქალაქი რაგბიდან, ლონდონის დიდ გამოფენაზე წარმოადგინეს ტყავის მრგვალი და ოვალური ბურთები. ამბობენ, რომ რიჩარდ ლინდონის მეუღლე ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ეს კი გამოიწვია დიდი რაოდენობით ღორის შარდის ბუშტების გაბერვამ.

             ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ჩამოეყალიბებინა ოფიციალური საერთაშორისო გაერთიანება, თუმცა უშედეგოდ. ამის მიღწევა მხოლოდ 1904 წლის 21 მაისს მოხერხდა, პარიზში. სწორედ ამ დღეს დაარსდაFédération Internationale de Football Association(FIFA), რომელშიც ევროპის შვიდი ქვეყანა გაერთიანდა: საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. ასოციაციის პირველი პრეზიდენტი რობერტ გურენი იყო.
            ფეხბურთი საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და იხვეწებოდა. აკრძალვებისა და სხვა წინააღმდეეგობების მიუხედავად, დროთა განმავლობაში მის გულშემატკივართა რიცხვი იზრდებოდა. დღესდღეობით ის ერთერთ ყველაზე პოპულარულ სპორტად ითვლება. მატჩის განმავლობაში იშლება ყველა სოციალური, ეკონომიკური და გეოგრაფიული საზღვარი. ყველა ერთადაა 90 წუთის მანძილზე. ბევრისთვის ფეხბურთი, უბრალოდ, მთელი ცხოვრებაა… 

“Football Is an honest game. It’s true to life . It’s a game about sharing. Football is a team game. So is life.”

Advertisements

იანვარი 11, 2010 at 10:00 PM 8 comments

სამბო

ავტორი: გიგა ხახუტაშვილი

  სამბო არის საბრძოლო ხელოვნება, ტიპიურად რუსული. იგი შეიქმნა საბჭოთა კავშირში 1930-იან წლებში ძიუდოსა და ჭიდაობის პრინციპებზე დაყრდნობით., შემდეგ უკვე დაიმატა კიდურებით დარტყმები და საბოლოოდ ბრძოლის თავისუფალ სახეობად ჩამოყალიბდა.
 სამბო იშიფრება როგორც – თავდაცვა უიარაღოდ (რუსულად: cамозащита без оружия). მისი შექმნა დაკავშირებულია სამი ადამიანის სახელთან: ვიქტორ აფანაშევიჩ სპირიდონოვ, რომელიც იყო 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომის ვეტერანი, ვასილი სერგეევიჩ ოშჩეპკოვ, სამხედრო, საბჭოთა ძიუდოს პიონერი 1910-იან წლებში და ანატოლი არკადევიჩ ხარლამპიევ.
 სამბომ შექმნა მთელი საბრძოლო ეპოქა. იგი აიტაცეს როგორც წითელი არმიის წარმომადგენლებმა – ასევე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმაც, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მის განვითარებაში.
 დღეს უკვე არსებობს “სამბოს მოყვარულთა საერთაშორისო ფედერაცია” რომელიც განთავსებულია მოსკოვში და სისტემატიურად იმართება მსოფლიო ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში. პირველი შეჯიბრი სპორტულ სამბოში ჩატარდა 1938 წლის 16 ნოემბერს, ხოლო დაახლოებით ერთ წელში მოეწყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი.
 სამბოს შეუძლია დაიკვეხოს ილეთების სიმრავლით (5000 მეტი) და სამი კატეგორიით:
1.სპორტული სამბო
2.საბრძოლო სამბო
3.თავდაცვითი სამბო
 მის ცნობილ მიმდევრებს შორის მოიხსენიებიან ვლადიმირ პუტინი, ოლეგ ტაკტაროვი და სერგეი ხარიტონოვი.

პუტინი თავის სტიქიაში

პუტინი თავის სტიქიაში

იანვარი 6, 2010 at 1:05 PM 2 comments

გაუჩო

 

როდესაც საუბრობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე, იქ აუცილებლად ახსენებენ რონალდინიო გაუჩოსაც. თუმცა ბოლო წლებში ნამდვილად გაგვიჭირდებოდა მასში იმ ადამიანის ამოცნობა, რომელსაც კატალონიელმა გულშემატკივარმა “el maestro” უწოდა. 2005-2006 წლის ტრიუმფის შემდეგ იგი მატჩიდან მატჩამდე უკლებდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მისი ადგილი “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების რიგებში სხვა ფეხბურთელებმა დაიკავეს.
 რამ გამოიწვია მისი მოტივაციის ასეთი უეცარი ვარდნა? მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს – კატალონიის “ბარსელონასთან” ერთად თითქმის ყველა გუნდური და ინდივიდუალური პრიზების მოგება, უამრავი სარეკლამო გადაღება და ძალიან დატვირთული გრაფიკი, ღამის ცხოვრება და რაც, ყველაზე მთავარია, “ბრაზილიური სიზარმაცე”.
 დღესდღეობით რონალდინიომ მოახერხა “როსონერის” ძირითადში ადგილის დამკვიდრება და ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ყალიბდება მილანური გრანდისთვის. დარჩა კიდევ ერთი მისია შესასრულებელი – ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე.
 როგორც ოპტიმისტი, მივიჩნევ რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია (თუ მან ასეთი ტემპით გააგრძელა საკუთარ თავთან მუშაობა) და ძალიან მალე საფეხბურთო გურმანები კვლავ მიიღებენ წარმოუდგენელ სიამოვნებას მისი თამაშისგან.

დეკემბერი 29, 2009 at 7:20 PM 4 comments

საფეხბურთო იუმორი

ფეხბურთში რომ მრავლად გვხვდება უცნაური, და ცოტა არ იყოს, უხერხული მომენტები, ალბათ, ბევრისთვის ნამდვილად არ იქნება აღმოჩენა. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ ფოტოს…

დეკემბერი 29, 2009 at 3:15 PM დატოვე კომენტარი


კატეგორიები

Flickr Photos