ნისლიანი ლაშქრობა – – გზა ,,ტობავარჩხილისაკენ“. . .

სოფო პერტაია

უამრავი კარვით დაგეგმილი ლაშქრობა კრახით დასრულდა, მაგრამ ხანდახან დგება დღე, როცა მიზანს აღწევ და უცნობი საშიში სამყაროს დაპყრობის დაუოკებელი სურვილი გიჩნდება. მზად ხარ შენივე თვალებით ჩახედო სიკვდილს თვალებში ადრენალინისა და შიშის განცდის სანაცვლოდ. და დგება დღე, როდესაც რეალურ სამყაროში ბუნების სილამაზის საცქერლად მიემგზავრები ძალზე საშიშ ლაშქრობაში. შეიქმნა ლაშქრობის ჯგუფი : ყველა ერთმანეთზე მეტად მოუნმენლობით შებყრობილი, გულში შიშისა და სურვილის გრძნობით აღრეული მოლაშქრეები. ერთმენეთის მოკრძალებული გაცნობა, გაზიარებული განცდები და კვლავ მოუთმენლობა. Dდა აი დაიძრა ავტობუსი, უკვე მრავალჯერ დაგეგმილი ნანატრი ლაშქრობის პირველი წუთები, რეალობისა და წარმოსახვის სინთეზი და გზა შორეული ნისლიანი უცნობი ადგილისაკენ. სიჩუმე ტრანსპორტში და აჩქარებული გულისცემა ძარღვებში. დაძაბულობა და გაურკვევლობა, თუმცა მოულოდნელად სიმღერის ნასროლი პირველი ფრაზები და ამღერებული მოკლაშქრეები. ცეკვა, სიმღერა, სიცილი, იუმორი _ მხოლოდ დადებითი ემოციები სუფევს. ყველა წევრმა იცის, რომ იქ ჯუნგლის კანონი მოქმედებს, გადარჩენა მხოლოდ საკუთარ ინსტიქტებზე გამოცდაა, თუმცა მზად არიან დაუსრულებელ წვიმებში, ნისლში, ბურუსში, კლდეებზე, თოვლში , ყინვასა და სიცივეში საკუთარი თავისა და ერთმანეთის გასატანად. დაგეგმილი ლაშქრობა ჯერ მხოლოდ პირველ საათებს ითვლის. დანიშნულების პირველი ადგილი :

ლუგელას ხეობა, ირგვლივ მთები, ხეები და მდინარეების ნაპირი. მოწყურებული მოლაშქრეები მინერალური წყლის დასალევად გაეშურნენ და გამხიარულებულნი ერთმენეთს პირველობაში ექიშპებოდნენ. და აი ,,პირველი~ მოლაშქრე და უცებ იმედგაცრუება, ჩვეულებრივი წყლისაგან განსხვავებული, კალცით გაჯერებული წყალი და მისი დიდი ჯავლი, რომელმაც ,,უშიშარი~ მოულოდნელად მდინარეში გადაისროლა. პირველი დაბრკოლების გადალახვა სულაც არ გასჭირვებიათ. თუმცა სიფრხილის ფასი კი ნამდვილად გაიგეს. გზა წინ სპეციალური დიდი ტრანსორტით გრძელდება. Bბუნების სილამაზე მართლაც რომ ღირდა გარისკვად. უმარავი გადაღებული სურათი და კვლავ და კვლავ მხოლოდ კარგი განწყობა.

ალბათ ცოტამ თუ იცის საქართველოში ულამაზესი ალპური ტბის არსებობის შესახებ, რომელიც სამეგრელოში ზღვის დონიდან 2650 მეტრზე, ალპურ სარტყელში მდებარეობს.

ამ ტბამდე მისაღწევად მოლაშქრეებს უამრევი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ. ნისლი გადაადგილებას უშლიდა ხელს, ბურუსი ხილვადობას ართულებდა, მოყინული ქვები დასრიალებას იწვევდა და რამდენჯერმე მოლაშქრეებმა მხოლოდ ერთმანეთის დახმარებით შეძლეს გადარჩენა. ღამე დანთებული კოცონი, გათოშილი ხელები და შემოლეული საჭმლის მარაგი . .…… წინ კი ბურუსით მოცული ,,ტობავარჩხილის“  ტბა იყო . რამდენჯერმე დაბრუნებაც სცადეს, თუმცა საბოლოოდ ყველაფრის მიუხედავად მე-3 დღეს დანიშნულების ადგილს მიაღწიეს.

,,ტობავარჩხილი: ტბა~, რომელიც ქართულად ვერცხლის ტბას ნიშნავს :

მე-5 დღე. კვლავ ავტობუსი და კვლავ მხიარულება, თუმცა ამჯერად მოლაშქრეთა ჟინის დაკმაყოფილებით გამოწვეული, საკუთარ ძალებში მეტად დარწმუნებული ექსტრემალები აღნიშნავდნენ მიღწეულ წარმატებას. ისე მართლაც, არც ისე მარტივია სიკვდილს უყურო თვალებში, დაცურდე მთიდან და ბურუსში გაიკვლიო გზა შენი სურვიკლისაკენ. დაოკებული სურვილი, ბუნების სილამაზით მოხიბლული ლაშქრობის მონაწილენი და დაპყრობილი ,,ევერესტი~ ამჯერად ,,ტობავარჩხილის~ სახით მოლაშქრეებს დაღლილი სხეულის, განცდილი შიშისა და ერთი მონაწილის გაბზარული ხელის ფასად დაუჯდათ. თუმცა ნისლიანმა ლაშქრობამ მაინც მშვიდად ჩაიარა და მომავალ ზაფხულს მომავალ მსურველ ექსტრემალებს კვლავ ელოდება.

იანვარი 12, 2010 at 12:22 PM დატოვე კომენტარი

გაიცანით…სპორტთა სპორტი

ნინო ახალაძე
 

“Some people think football is a matter of life and death. I assure you, it’s much more serious than that”.

ეს არის სიტყვები, რომელიც ფეხბურთის ერთერთმა გულშემატკივარმა თქვა და ამ ფრაზით, ალბათ, არამარტო თავისი დამოკიდებულება გამოხატა ამ სპორტის მიმართ. მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი, უბრალოდ, ცხოვრობს ამ სპორტით. “ის” მოდის სამსახურიდან დაღლილი, კოსტიუმის ნაცვლად იცვამს ფეხბურთის მაისურს, რთავს ტელევიზორს და ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირის საყვარელი გუნდის სახელს-სახლიდან “ეხმარება” მას თამაში მოიგოს; ანდა “ის” ათასობით უცნობ ადამიანთან ერთად დგას თავსხმა წვიმაში, სტადიონზე და სუნთქვაშეკრული ელოდება პატარა სასწაულს, რომ 90-ე წუთზე 3:3 4:3-ად გადაიქცევა… “ის” ფეხბურთის გულშემატკივარია. სპორტის, რომელიც ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ წარმოიშვა. …
ისტორიულად, ფეხბურთი მიეკუთვნებოდა იმ ევროპული სპორტის სახეობებს, რომლებიც ფეხით ბურთის თამაშს გულისხმობდა. ამ თამაშებში, ჩვეულებისამებრ, გლეხები მონაწილეობდნენ, რადგან არისტოკრეტები ცხენზე ამხედრებულები ამჯობინებდნენ შეჯიბრებას.
 
 ფეხბურთს უკავშირდება მასთან მონათესავე მრავალი სპორტის ჩამოყალიბება. ბევრი მათგანი დღეს დამოუკიდებელ სპორტის სახეობად ითვლება: რაგბი, კალათბურთი და ა.შ. თვით ფეხბურთთან დაკავშირებული სახეობებია: პლაჟის ფეხბურთი; ქუჩის ფეხბურთი (ნაკლებად მკაცრი წესებით), ჭაობის ფეხბურთი; ფეხბურთი შეზღუდული შესაძლებობების მქონე ადამიანებისთვის: დაქვეითებული მხედველობით ან სმენით, ცერებრალური დამბლით, ამპუტირებული კიდურით ან ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული სპორტსმენებისთვის. 
 სულ გამოიყოფა ირლანდიური და ავსტარლიური ფეხბურთის 13 სახეობა, ბრიტანულის-10, ფეხბურთთან მონათესავე სპორტის ჰიბრიდული სახეობების 9 სახეობა. მეტიც, არსებობს ე.წ. მაგიდის ფეხბურთიც, “ფენტეზი ფეხბურთი”, “ქაღალდის ფეხბურთი”.
 

ფეხბურთის მსგავსი თამაშის აღწერილობას ვხვდებით ჩინურ სამხედრო სახლელმძღვანელოში, რომელი ქრისტეს შობამდე მესამე-პირველ საუკუნეებს მოიცავს. “ქუიუს” დროს საჭირო იყო მიწიდან 9 მეტრის სიმაღლეზე დაკიდებული აბრეშუმის ნაჭერში ტყავის ბურთის მოხვედრება. მალე თამაში იაპონიასა და კორეაშიც გავრცელდა და “კემარის” სახელით და იმდენად პროფესიონალურ დონეს მიაღწია, რომ მალე ბევრი მოთამაშის ერთადერთი საარსებო წყარო გახდა.
 
 თანდათან ამ სპორტის მიმდევრები ბევრი ქვეყნის ადგილობრივი მკვიდრები გახდნენ. მგალითად, 1586 წელს ინგლისელი მკვლევარი ჯონ დევისი გრენლადნიაში ესკიმოსებთან ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდა გემიდან.
 ძველი ბერძნები და რომაელებიც თამაშობდნენ ფეხბურთის მსგავს სპორტის სახეობას. რომაელმა პოლიტიკოსმა, ციცერონმა აღწერა შემთხვევა ადამიანზე, რომელიც გარდაიცვალა გაპარსვის დროს, როდესაც მოხვდა სადალაქოს ფანჯარაში შევარდნილი ბურთი.
 
 

შუა საუკუნეებში ინგლისში გავრცელდა ე.წ. “ბრბოს ფეხბურთი”, როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ მეზობელი ქალაქები და სოფლები თითოეულ მხარეს მოთამაშეთა რაოდენობას არ ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარი იყო მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევა და გარკვეულ გეოგრაფიულ ობიექტამდე, მაგალითად, ეკლესიამდე მიტანა.
 
 

დროთა განმავლობაში, სპორტის ეს სახეობა, გარკვეულწილად, შემაწუხებელი გახდა საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის.
 

1314 წელს მეფე ედვარდ მეორემ გასცა ბრძანება იმდროინდელი იგლისელი არისტოკრატებისთვის ფეხბურთის თამაშის აკრძალვის შესახებ: “ვინაიდან, დედაქალაქში არის გაუსაძლისი ხმაური, გამოწვეული მოედნებზე ბურთისთვის ჭიდაობით, რასაც ღმერთისგან აკრძალული მრავალი ბოროტება შეიძლება მოჰყვეს. მომავალში ქალაქში ეს თამაში დაპატიმრებით დაისჯება”…
  
 მეფე ედვარდ მესამემაც უკანონოდ გამოაცხადა ფეხბურთის თამაში და ჯარიმა, 4 პენსი დააწესა კანონის დამრღვევთათვის.
სიტყვა “ფეხბურთი” უარყოფითი მნიშვნელობით აქვს გამოყენებული უილიამ შექსპირსაც კი, “მეფე ლირში”:   “Nor tripped neither, you base football player” (“…შენ სულმდაბალო, ფეხბურთის მოთამაშევ”)
 მე-15 საუკუნის ლათინური წყაროების მიხედვით, ფეხბურთს თამაშობდნენ ნოთინგჰემშირში. აქ პირველადაა აღწერილი ბურთის ტარების პროცესი: ”ესაა თამაში, როდესაც ახალგაზრდები საწინააღმდეგო მხარეს მიიწევენ არა ბურთის ჰაერში აგდებით, არამედ მისი მიწაზე გორაობით. მოედნის საზღვრები კი დადგენილი და მონიშნულია”.
აღსანიშნავია, რომ:
•პირველი საფეხბურთო “ბუცები” ინგლისისი მეფე ჰენრი მეშვიდემ შეუკვეთა.

•ქალთა პირველი გუნდი 1580 წელს გამოჩნდა.
•პირველად, სიტყვა “გოლი” მე-16 საუკუნეში ახსენა რიჩარდ ქერეუმ. მანვე აღწერა მეკარის ფუნქციები და ბურთის მოთამაშეებს შორის გატარების ტექნიკა.
•პირველი ოფიციალური საფეხბურთო კლუბი დაარსდა შოტლანდიაში, ედინბურგში, 1824-41 წლებში.
•პირველი და ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო შეჯიბრება 1858 წელს მელბურნში გაიმართა და მას შემდეგ, ის ყოველწლიურად ტარდება.
•პირველი საპრიზო ტურნირი Caledonian Challenge Cup, 1861 წელს გაიმართა კალედონიური სამეფო საზოგადოების მიერ, მელბურნის წესების მიხედვით.
 

•მე-16 საუკუნეში, ფლორენციაში, აბრეშუმში გამოწყობილი არისტოკრატები ფეხბურთს თამაშობდნენ. მათ მოწინააღმდეგის ხელის კვრის, მუშტით ცემის და წელს ქვემოთ დარტყმის უფლებაც კი ჰქონდათ. ეს თამაში ერთგვარ სამხედრო სავარჯიშოდ ითვლებოდა. 1580 წელს ჯოვანი დე ბარდიმ დაწერა ფეხბურთის წესები, რომელიც მიჩნეულია ამ სპორტის კანონთა უძველეს კრებულად. 
      ბრიტანეთში ფეხბურთის სხვადასხვა სახეობას თამაშობდნენ, თუმცა კერძო სკოლებში მისი განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამან “ბრბოს ფეხბურთის” ორგანიზებულ, გუნდურ სპორტად გადაქცევას შეუწყო ხელი. წესები სხვადასხვა სკოლაში განსხვავებული იყო. ამის ერთერთ მიზეზად ითვლება ის გარემოება, რომ ყველა სასწავლებელს არ ჰქონდა თანაბარი სათამაშო ფართი და პირობები. ასე რომ, 1840 წელს, სარკინიგზო ტრანსპორტის ბუმის პერიოდში, როდესაც მიმოსვლა უფრო ადვილი გახდა და დაიწყო საერთაშორისო სასკოლო შეჯიბრებები, გუნდების თამაშის განსხვავებული წესების გამო, მატჩი იყოფოდა ორ ნახევრად: პირველ ნახევარში თამაშობდნენ მასპინძელი გუნდის წესების მიხედვით, მეორეში კი-სტუმრის წესებით.         ევროპაში, პირველი ფეხბურთის ბურთები კეთდებოდა საქონლის, ყველაზე ხშირად, ღორის შარდის ბუშტისგან, რომლებსაც ჰაერით ავსებდნენ. შემდგომში, მათ ტყავს აკრავდნენ გარშემო, რათა ბურთს მეტ ხანს შეენარჩუნებინა ფორმა.
 

მოგვიანებით, ფეხსაცმლის მკერავებმა რიჩარდ ლინდონმა და უილიამ გილბერტმა, ქალაქი რაგბიდან, ლონდონის დიდ გამოფენაზე წარმოადგინეს ტყავის მრგვალი და ოვალური ბურთები. ამბობენ, რომ რიჩარდ ლინდონის მეუღლე ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ეს კი გამოიწვია დიდი რაოდენობით ღორის შარდის ბუშტების გაბერვამ.

             ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ჩამოეყალიბებინა ოფიციალური საერთაშორისო გაერთიანება, თუმცა უშედეგოდ. ამის მიღწევა მხოლოდ 1904 წლის 21 მაისს მოხერხდა, პარიზში. სწორედ ამ დღეს დაარსდაFédération Internationale de Football Association(FIFA), რომელშიც ევროპის შვიდი ქვეყანა გაერთიანდა: საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. ასოციაციის პირველი პრეზიდენტი რობერტ გურენი იყო.
            ფეხბურთი საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და იხვეწებოდა. აკრძალვებისა და სხვა წინააღმდეეგობების მიუხედავად, დროთა განმავლობაში მის გულშემატკივართა რიცხვი იზრდებოდა. დღესდღეობით ის ერთერთ ყველაზე პოპულარულ სპორტად ითვლება. მატჩის განმავლობაში იშლება ყველა სოციალური, ეკონომიკური და გეოგრაფიული საზღვარი. ყველა ერთადაა 90 წუთის მანძილზე. ბევრისთვის ფეხბურთი, უბრალოდ, მთელი ცხოვრებაა… 

“Football Is an honest game. It’s true to life . It’s a game about sharing. Football is a team game. So is life.”

იანვარი 11, 2010 at 10:00 PM 8 comments

“ალილო”

ავტორი: ქეთი ასათიანი

ვარდების მოედანი.. 13 სთ და 50 წთ.. უამრავი ადამიანი, რომლებსაც საზეიმო განწყობა და საყოველთაო სიხარული აერთიანებს.. ირგვლივ ჩოხითა და ფაფახით შემოსილი ბიჭები.. ხატები.. ახალგაზრდებს ხელში დროშები უჭირავთ, რომლებზედაც ჯვრებია გამოსახული. გოგო-ბიჭები თეთრი კვართებით შემოსილან, რომლებსაც ასევე ჯვრები ამშვენებს. შეკრებილნი არიან როგორც საეკლესიო, ისე საერო პირები. აქა-იქ განლაგებულია ურიკები, სადაც შემოწირული სურსათ-სანოვაგე გროვდება. აღსანიშნავია, რომ იმ დიდი გზის მიუხედავად, რომელიც წინ გველის მსვლელობის მონაწილეებს, უამრავმა ბავშვმა მოიყარა თავი. ისინი თეატრალიზებულ დასთან ირთობენ თავს. სპილოს, აქლემის, კუს და ჟირაფის ფიგურებთან დგანან და ფოტოებს იღებენ. ვარდების მოედანზე თითქოს იღვიძებს მიძინებული ქართული სული, ტრადიციებს ვუბრუნდებით. ბიჭები ჩოხა-ახალუხით არიან შემოსილნი, გოგონები კი- ჩიხტიკოპით… ამინდი მზიანია- ისევე, როგორც აქ შეკრებილი ხალხის განწყობა. ირგვლივ მგალობლების მიერ შესრულებული საგალობლები ისმის. სანამ 2 საათი შესრულდება და მსვლელობას დავიწყებთ, ამასობაში მითითებაც მივიღეთ. ვინც სტიქარით არაა შემოსილი, არ შეიძლება შეუერთდეს სტიქაროსნებს. მრევლი სამღვდელოებასთან და ჩოხოსნებთან ერთად უნდა წამოვიდეს. ამ დროს ყველა გალობს- “ქრისტეს შობას მოგილოცავთ.” სადაცაა მსვლელობაც დაიწყება. ყველამ ჩვენ-ჩვენი ადგილი დავიკავეთ, ანუ ჩავმწკივდით შემდეგი თანმიმდევრობით- წინ ანგელოზები, შემდეგ ურიკები, მათ უკან- მანქანები, სტიქრით შემოსილები, თეატრალიზებული ნაწილი, სამღვდელოება, ჩოხოსნები და ბოლოს- მრევლი. უკვე 3-ის 10 წუთია და ჩვენც დავიძარით. ქუჩა გადაკეტილია ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე. გზად ფოტოაპარატებით შეიარაღბეული უამრავი უცხოელი გვხვდება. მივდივართ და თან მოგვყვება გალობა –“იესო დაბადებულა, ალილო”, ასევე ისმის “მრავალჟამიერიც”. ვინც არ იღებს მსვლელობაში მონაწილეობას, ისინი გვერდიდან გვაკვირდებიან და კამერით გვაფიქსირებენ, მათს სახეებზეც მხოლოდ ღიმილს და აღფრთოვანებას ვხედავთ. გზადაგზა ვჩერდებით.. ჩვენი წინამძღვრები საკმეველს ანთებენ და მისი სასამოვნო სუნი მთელ ქუჩაზე რჩება..არც ისე პატარა გზის მიუხედავად, დაღლილობის გამო არავინ წუწუნებს, ალბათ იმიტომ, რომ არავინ დაღლილა. აი, შესრულდა 5-ის ნახევარიც. უკვე მივუახლოვდით დანიშნულების ადგილს-სამების ტაძარს. ეკლესიის კიბე ხალხითაა სავსე, ხალხი კი-სიხარულით.                                                                                                      

   რა იყო ადრე…

  სიტყვა “ალილო” “ალილუიადან” მომდინარეობს, რაც “დიდება შენდა ღმერთოს” ნიშნავს და საშობაო სამახარობლოს ხალხური ვარიანტია. მოციქულთა დროიდან შობა და ნათლისღება ერთად აღინიშნებოდა. მე-3-4 საუკუნეებში მოხდა მათი გაყოფა. მომღერალთა ჯგუფი სოფელს შუაღამეს ჩამოივლიდა და “ალილოს” სიმღერით ულოცავდა ოჯახებს შობის დადგომას. მეალილოეთა ჯგუფის წევრებს თან კალათები და ღვინის ან არყის ჭურჭელი ეჭირათ, რითაც მასპინძლისგან შემოწირულ ძღვენს აგროვებდნენ. “ალილო” სიმღერა-დალოცვაა, რომელიც მრავალ კუთხეში სხვადასხვა ვარიანტითაა ცნობილი. ვხვდებით კახურ, იმერულ, გურულ, მეგრულ, ლეჩხუმურ, სვანურ და რაჭულ ვარიანტებს. რაჭული “ალილო” მიჩნეულია მუსიკალური აზროვნების მაღალი საფეხურის გამოხატულებად. ერწო-თიანეთში შობის წინა საღამოს ოჯახში მზადდებოდა ფაფა, ე.წ. ქრისტეს კორკოტი. ამავე საღამოს იმართებოდა “ფხოჭაობა”: უფროსები ბავშვებს თხილ-კაკალს უყრიდნენ. თითოეული ბავშვი ცდილობდა სხვაზე მეტი მოეგროვებინა, რაც ბედნიერების მომასწავებელი იქნებოდა. ამ საღამოსვე ახალგაზრდები კარდაკარ ჩამოივლიდნენ “ალილოს” სიმღერით. (ღამბაშიძე 1987) ახალი წლის მიგებება საინგილოში: “ინგილოების სოფელში ატყდა თოფის სროლა, ხმაურობა, ძაღლების ყეფა. მთელი სოფელი ხმად გადაიქცა. რა ამბავია? ნუთუ ლეკის შემოსევამა და სისხლის ღვრამ ასტეხა ესრეთი ღრიანცელი?- არა, ინგილონი არაფერს შეუშინებია, ისინი ეგებებიან შობას. ინგილოები ერთმანეთს მკლავზე შემოუტარებენ ძაფს, გაკვანძავენ. ამ ძაფს აბამენ ყოველ ჭურჭელს. ეს ძაფი მოგვაგონებს რგოლსა, რომელიც ძველადგანვე ცნობილია, როგორც სიმბოლო ღვთის დაუსაბამობისა და ერთარსებისა. ამ ჩვეულებით ინგილო გამოთქვამს სურვილს, რომ დაუსაბამო ღმერთმა ყველა ოჯახის წევრი და ყოველივე მათი ქონება ახალ წელიწადს შეინახოს მთლიანად, დაუზიანებლად და დაურღვევლად. ძაფის რგოლს ისინი 3 დღეში იხსნიდნენ. მერე დაამზადებენ ხონჩს: დააწყობენ ზედ პურებსა, ნაზუქებსა, დასდგამენ ჯამით თაფლსა, ერბოსა, ღვინოსა, ბამბის წითელს და თეთრს ძაფებსა და სახლის უფალთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. უფროსი ვაზის ძირში დაჰკლავს წითელ ფრთოსან მამალსა, ფრთებს მოჰგლეჯავს, ვაზზედ მიაკრავს და იტყვის: “ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა.” (მ. ჯანაშვილი, გაზეთი “ივერია” 1887) ფერხაობა სამაგრელოში: “მჭადს ტეხავს ქალი და კაცი. ერთმა ერთის მხრით უნდა მოკიდოს ხელი, მეორემ-მეორე მხრით. თითოელი ცდილობს, უფროსი ნატეხი მისკენ დარჩეს. თუ ქალისკენ იქნა მეტი ნატეხი, აბრეშუმი ბლომად მოვა. თუ ვაჟისკენ, ჭირნახული მოვა ბლომად. ჩიჩილაკის დამტარელი უფროსი მაფეხურად ითვლება და მთელ დღეს მხოლოდ ერთი და იმავე სკამზე ჯდება. ეს იმის მომასწავებელია, რომ ქათმები კვერცხების გამოჩეკის დროს არ აირევიან და კარგადაც გამოსჩეკენო. შობის დღეს ვინმემ რამე თუ გთხოვა, უარი არ უნდა უთხრა, რადგან უარის მთქმელი მთელი წელი ხელდაცარიელებული დარჩება. სამეგრელოში იციან თმაშობა- “ტყაპობა”. მოზელენ სიმინდის ფქვილისგან ცომს და მეზობლები ერთმანეთს უგლესენ თავ-პირს.” (ტრიფონ კალანდარიშვილი, გაზეთი “ივერია” 1890) “დადგება შობის დღესასწაული და ჩვენ ქალაქებში და უმეტესად, დაბა-სოფლებში მოგროვდებიან ყმაწვილები და ზოგჯერ მოხუცებულებიც, ჩამოუვლიან ოჯახებს და გალობით დღესასწაულს ულოცავენ. ამ მისალოც საგალობლებს უწოდებენ “ალილოს” და “ჭონას”. ჩვენდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, ეს ძველებური მამაპაპური მილოცვის საგალობელი, ზოგიერთს, მეტიჩრობის წყალობით, გარდაქმნეს და გადაცვალეს სრულიად სხვა, გაუგებარ კილოზედ და ენაზედ. შობის წინა დღეს “ალილოს” მაგივრად გალობენ შობის დღესასწაულის “ტროპარს”. აღდგომის წინა კვირებში “ჭონის” მაგივრად “განათლდა, განათლდა”-ს სლავიანურად, რომელიც დამახინჯებულია როგორც შინაარსით, ასევე კილოთი. არ იქნება ურიგო, რომ ისეთს შეუფერებელ ადგილებზედ, როგორიც სმიკიტონებია, აღეკრძალოს პატარა ყმაწვილებს სიარული გალობით, თორემ ეს წმინდა საგალობელი იბღალება ერთის მხრით კილოს და სიტყვების ათასნაირად დამახინჯებით, მეორეთ “ლოთი კამპანიის” სიცილ-ხარხარით”. (ბ. ვაშაძე, “ალილო და ჭონა”, გაზეთი “ივერია”, 1902) “ყველას უხარია, საქმის კაციც მოსვენებულია და ქეიფს ეძლევა. ჩვენს ქალაქს გუშინვე სადღესასწაულო სახე დაედო. ხალხი საღამოს ჟამს მრავლად დაიარებოდა ქუჩებში. მაღაზიებს გამოეფინათ თავის საქონელი, რომელსაც გაფაციცებით შინჯავდნენ ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილნი ქალნი და კაცნი. დიდძალი სანოვაგე და სხვადასხვაგვარი ხილი იყო გამოფენილი. ზოგს მაღაზიაში იმოდენა ხალხი შეგროვილიყო, სასახლის ქუჩაზედ სავაჭროდ, რომ ტევა აღარ იყო. უხაროდა ხალხს შობის გათენება. იმართება მრავლად ყოველგვარი წარმოდგენები, ოპერები და ხალხიც მიდის იქ დროს გასატარებლად. თეატრების დარბაზი ივსება საზოგადოებით. ცირკის ხის შენობა გაჭედილია სადღესასწაულოდ მოსულის ხალხით. ხვალ ცონცერტს გამართავენ 25 კაცი მომღერალი სულ ქულაჯებით იქნება მორთული.” (შობა დღესასწაულისთვის მზადება, გაზეთი “ივერია”, 1886) “ქრისტეს შობა- ეს 2 სიტყვა თითქოს არაფერს ეუბნება თანამედროვე პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანს. საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიდიადით გამოირჩევიან, როგორც პიველშობას. შობის დღეს იმსხვრევა საკვლელნი ჯოჯოხეთისანი, სიკვდილი ითრგუნება, სამოთხის კარი იღება, ჭეშმარიტება კვლავ ცხადდება და მადლი ღვთისა ყველა ადგილს მოეფინება.” (მარინე სამხარაძე, გაზეთი “თბილისი”, 1997) “ალილოთი ხვდებიან შობას, ის 7 იანვარს 12 საათზე დაიწყება. ყველა ტაძართან შეგროვდებიან მღვდელმსახურები, მგალობლები და მრევლი, რომლებიც ხატებით, ჯვრებითა და ნაკურთხი წყლით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას შემოივლიან და საშობაო საგალობლებს იგალობებენ. მორწმუნეები სამღვდელო პირებთან ერთად ყველა თბილისის ტაძარს მოივლიან. ძირითადი მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. მეალილოებს ყველგან მიეგებებიან მოქალაქეები და გაიღებენ ძღვენს. კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები კი ამ დღეს ძღვნად თავიანთ შემოქმედებას შესწირავენ.” (ინტერპრესი, გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” 2005)

იანვარი 11, 2010 at 5:37 PM 10 comments

ტანგო, რომელიც უნივერსიტეტის აუდიტორიაშიც აღწევს

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, რომ ეს კაცი (კაცები?) ქუჩის მუსიკოსია. უკრავს შარდენზე და ჭავჭავაძეზე, პირველი კორპუსის წინ. სწორედ მაგიტომაც ახალი მედიის ლექცია 212-ში ტანგოს (სულ მაგას უკრავს) ფონზე ბევრჯერ მომისმენია. ისე, კარგად უკრავს ვიოლინოზე და გულგრილად მართლა ვერ ჩაუვლით


იანვარი 10, 2010 at 8:02 PM 5 comments

რუსთაველის თეატრის მდიდარი ისტორია

ავტორი: უცნობი ბალიაშვილი

მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის ყველა მოვლენა თეატრის გარშემო ხდებოდა. ხალხი შემოდიოდა ქუჩის დემონსტრაციებიდან, რათა პასუხი ეპოვათ მათ შეკითხვებზე, ხალხი მოდიოდა მაშინაც კი, როცა ქალაქში ელექტროენერგია არ იყო და წარმოდგენები სანთლის შუქზე იმართებოდა. თეატრი ცხოვრების ნაწილი, ხოლო ცხოვრება კი თეატრის ნაწილი იყო. ყველაფერი ეს დღემდე გავლენას ახდენს რუსთაველის თეატრის ყოველ ახალ წარმოდგენაზე, ყოველ იდეაზე, ახალ ქმნილებაზე და კონცეფციაზე. ადრეულ 60-იან წლებში რუსთაველის თეატრში მოვიდა ადამიანი, რომელიც მისი სამუდამო და განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს იყო რობერტ სტურუა, თეატრის შემოქმედებითი ხელმძღვანელი 1980 წლიდან. ამავე პერიოდში თეატრში მუშაობდა კიდევ ერთი  რეჟისორი – თემურ ჩხეიძე. ის იყო ავტორი ფსიქოლოგიური დადგმების ხაზგასმული ქალური თემებით – “ქალის ტვირთი”, ბერნარდა ალბას სახლი”, “გუშინ” და სხვები.

1.თ.ჩხეიძე 2.რ.სტურუა

კონცეპტუალური იდელოგიის განვითარების ახალი ნაბიჯი რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სახელთან არის დაკავშირებული. 70-იან წლებში მის უმნიშვნელოვანეს ნამუშევართა შორის არის “ყვარყვარე”, “კავკასიური ცარცის წრე”, “რიჩარდ III” და სხვა ნაწარმოებები, რომლებმაც რუსთაველი მსოფლიო მნიშვნელობის თეატრი გახადა. 80-იანი და 90-იანი წლები თეატრში დაკავშირებულია ეპოქის, საუკუნის დასასრულთან, საზოგადოებებისა და პიროვნებების შექმნასა და გარდაქმნასთან.

“კავკასიური ცარცის წრე”

რუსთაველის თეატრს არსებობის განმავლობაში თავს მრავალი რომანტიული და ემოციური ისტორია გადახდა. დაფუძნებიდან მოკლე ხანში, 1882 წელს, დაიდგა დავით ერისთავის “სამშობლო”. ეს ნამდვილი მოვლენა გახდა რუსეთის იმპერიის მმართველობაში მყოფი საქართველოსთვის — სცენაზე პატრიოტული სიმღერები ისმოდა და ძველი ეროვნული დროშები ფრიალდებდა. ქართულენოვანმა სპექტაკლმა და “ბრწყინვალე დამოუკიდებელი წარსულის” სურათებმა მაყურებელი იმდენად მოხიბლა, რომ წარმოდგენა ნამდვილ მშვიდობიან დემონსტრაციად გადაიქცა. ამან იმპერიული რუსეთის მთავრობის შეშფოთება გამოიწვია: მოსკოვის კონსერვატიულმა პრესამ ქართველებს ურჩია “მათი ისტორიული დროშები გოდფრუას ცირკში წაეღოთ”. ქართულმა საზოგადოებამ ეს დიდ შეურაცხყოფად მიიღო და რუსების გამოხმაურებას მრავალი საპასუხო წერილი მიუძღვნა.[1]

ახალი თეატრი დაარსებიდანვე “ცინცხალი ამბების” ცენტრში იმყოფებოდა. მისი წარსულის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა რეფორმატორი დირექტორი კოტე მარჯანიშვილი იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის მრავალ ქალაქში მოღვაწეობდა და ასევე რუსეთის ხელოვნების თეატრთან თანამშრომლობდა. მისი ხელმძღვანელობით, 1923 წელს, შეიქმნა საარტისტო საზოგადოება “დურუჯი”.[2] საზოგადოებამ ჩამოაყალიბა განახლებული რუსთაველის თეატრის ახალი შემოქმედებითი პრინციპები, ახალ ექსპრესიონისტულ მანერაში. ეს კიდევ ერთი დიდი სკანდალის მიზეზი გახდა თეატრის ისტორიაში, რომელიც თაობათა შორის “შინა ომში” გადაიზარდა. მარჯანიშვილის თხოვნით გრიგოლ რობაქიძემ დაწერა “ლამარა”, რომელსაც მოგვიანებით რუსთაველის თეატრის “თოლია” შეარქვეს. ლამარას პირველი ვერსია ორივე თაობის წარმომადგენლებმა ერთობლივად დადგეს – კოტე მარჯანიშვილმა და მისმა სტუდენტმა სანდრო ახმეტელმა.

“ლამარა”

სანდრო ახმეტელი თეატრის შემოქმედებითი დირექტორი 1926-35 წლებში იყო და ადრეული კონცეპტუალური რეჟისურის პირველი წარმომადგენელი იყო რუსთაველის თეატრში. ახმეტელის იდეა ეფუძნებოდა მის მსოფმხედველობას განსაკუთრებული ფსიქო-ფიზიკური რასისა და ერის არსებობის შესახებ, რომელიც აყალიბებს ადამიანისა და კულტურის ფორმას. 1936 წელს ის ნაციონალისტად და საბჭოთა ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. მასთან ერთად გაუსწორდნენ თეატრის რამდენიმე თანამშრომელსა და მსახიობს. საბჭოთა იდეოლოგიამ ჩაახშო კონცეპტუალური მეთოდოლოგიის განვითარება, რომელიც მათი აზრით ინდივიდუალისტური იყო და საშიშროებას წარმოადგენდა კლასების თეორიის მთავარი პრინციპისთვის. ამ პერიოდში რუსთაველი ერთგვარი მემორიალური თეატრი გახდა, რომელიც ძველ ჰეროიკულ ტრადიციებს მისდევდა, გამოხატავდა რა ხალხის ბრძოლას პროგრესისთვის, სამართლიანობისა და უკეთესი მომავლისთვის ზოგად იდეალისტურ კლასობრივ დონეზე. შემოქმედებითი პროცესები იზოლირებული იყო ევროპული თეატრის განვითარების მთავარი მიმართულებებისგან; შეუძლებელი იყო 20-იანი და 30-იანი წლების მიღწევებთან ფეხდაფეხ სვლა.

შემდეგ, ქვეყანაში ე. წ. “დათბობის” პერიოდში, თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში ორი განსხვავებული მიმართულება განვითარდა. ერთი იყო დიმიტრი ალექსიძის[3] (შემოქმედებითი დირექტორი 1957-64 წწ.) რომანტიული მიმართულება. მისი ხელმძღვანელობით დადგმულ წარმოდგენებში ერთმანეთს მონაცვლეობდა ლირიკა, იუმორი და ნოსტალგია. “პიროვნების კულტის” პერიოდის მასების ბრწყინვალე და დიდი ჰეროიკული რომანტიზმი შეცვალა პიროვნების ლირიულმა მწუხარებამ. ამ დროის მეორე მიმართულება დაკავშირებული იყო მსახიობთა და რეჟისორთა მთელ თაობასთან, რომელსაც სამყაროს ახალი ხედვა აერთიანებდა. მათ შორის იყვნენ რეჟისორები მიხეილ თუმანიშვილი და აკაკი დვალიშვილი, მსახიობები მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, გიორგი გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, ბადრი კობახიძე, ეროსი მანჯგალაძე და სხვები. მათ შემოიტანეს პიროვნების სოციალური პასუხისმგებლობის იდეა სოციალური და ისტორიული ცხოვრების ყველა მოვლენაში, სიყვარულისა და მწუხარების ჰუმანური თემები, არჩევანის თავისუფლება და ტრაgიკული შეცდომა. ისინი მიუბრუნდნენ ქართველების მდიდარ, მხიარულ და გონებამახვილ ეროვნულ ფოლკლორს (“როცა ასეთი სიყვარულია”, “ჭინჭრაქა”, “სიბრძნე სიცრუისა”, “ანტიგონე”). მათში ყურადღება გამახვილებული იყო თანამედროვე ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან თემებზე.

იანვარი 10, 2010 at 1:15 PM დატოვე კომენტარი

დაუვიწყარი საირმე

ავტორი: ირმა ზარნაძე
საირმე მდებარეობს 55 კმ-ზე სამხრეთით ქ. ქუთაისიდან მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ეკუთვნის ბაღდათის რაიონს. ზღვის დონიდან 950 მ-ის სიმაღლეზე, მდ. წაბლარისწყალის ხეობაში. გარშემო მდებარე ფერდობები დაფარულია ფოთლოვანი და წიწვიანი ტყეებით(ნაძვი, მუხა, წიფელი და სხვა). გვხვდება როგორც მარტო წიწვნარი, ასევე, შერეული ტყეებიც. ამიტომ განსაკუთრებულად ლამაზია შემოდგომით. მაგრამ მკაცრი კლიმატისა და რთული გზის გამო, დამსვენებლები აქ ზაფხულობით ჩამოდიან და მტანჯველ სიცხეს თავს აფარებენ.  კლიმატი განისაზღვრება კურორტის მდებარეობით სუბტროპიკული სარტყელის ტყიან ზონაში. ზამთარი რბილია და მცირეთოვლიანი, ზაფხული ზომიერად თბილია და ზომიერად ტენიანი. ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყლები, რომლებიც ცნობილი გახდა XIX საუკუნის დასასრულიდან. აქ რამდენიმე სახის წყალია, რომელითაც სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით მკურნალობენ. არის რამდენიმე წყარო მინერალების განსხვავებული  შემადგენლობით. ამიტომ გემოც განსხვავებულია: თუ ერთი არ მოგეწონათ, ხელს ნუ ჩაიქნევთ, ყველა გასინჯეთ. წყაროები დანომრილია.
საირმის ტყეები განსაკუთრებით უყვართ ნადირობის მოყვარულებს. ბუდობს დათვი,  თხა, ირემი. ზოგადად, მდიდარია გარეული ცხოველებით, ამიტომ მოგზაურებს დიდი სიფრთხილე მართებთ. წაბლარასწყალში უხვად ბუდობს კალმახი. ამიტომ თევზაობის მოყვარულებო, თუ არ დაიზარებთ, ხელცარიელი არა და დიდად კმაყოფილი დაბრუნდებით. ენდეთ ჩემს გემოვნებას, ეს კალმახი უგემრიელესია.

თვითონ კურორტის ტერიტორია ბორჯომის მსგავსად მთებს შორის არის მოქცეული და ჩაკეტილია. ისე, კლაუსტროფობიით შეპყრობილებს მაინცდამაინც არ გირჩევთ ამ ადგილას დასვენებას. არც განსაკუთრებულად აქტიური ცხოვრების მოყვარულებს. ისევდაისევ მკაცრი ამინდების გამო, მუდმივი მოსახლეობა იშვიათად გვხვდება. არც სასტუმროებით არის განებივრებული კურორტი. მოქმედებს სანატორიუმი, სადაც ერთი ღამე მინიმუმ 50 ლარი დაგიჯდებათ. აქ შეძლებთ, სრულ სიმშვიდეში იკითხოთ წიგნი, ისარგებლოთ მხოლოდ მობილური ინტერნეტით, შეხვიდეთ საბილიარდოში ან მოიგონოთ გართობის რაიმე ალტერნატიული საშუალება. ისე, თუ დიდი ხნით გეგმავთ აქ ამოსვლას, გირჩევთ მეგობრებიც დაითანხმოთ, მოგვიანებით მაინც რომ შემოგიერთდნენ: რადგან არ გამოვრიცხავ, მოწყენილობამ რომ ხელი დაგრიოთ. ამიტომ გააჩაღეთ მეგობრებთან ერთად კოცონი  (ტყეში არა, თავი არ გაიგიჟოთ, არ გარისკოთ ), მოამზადეთ ნანადირევი (თუ დაიზარებთ, შეიძინეთ ჭეშმარიტი მონადირეებისგან) და გაერთეთ თქვენებურად.

თუ ვილისსაც იქირავებთ, მშვენიერ გასეირნებას მოაწყობთ წითელ მინდოზე, რომელიც საირმიდან ორი საათის სავალ გზაზე მდებარებს. მიდიხართ სულ მაღლა, ექცევით ღრუბლებს ზემოდან. მძიმე და დამქანცველი გზის ბოლოს იხილავთ ცხვრებით გადათეთრებულ მინდორს. აქ უგემრიელესი სულგუნით გაგიმასპინძლებიან მწყემსები. შეგიძლიათ კარავში დარჩეთ ან იმდღესვე უნდა დაბრუნდეთ. ეცადეთ, შებინდებამ არ მოგასწროთ, თორემ პირველად ნამყოფ მძღოლს მეგზურობა გაუჭირდება. თუ დახმარება დაგჭირდებათ, უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება, შემთხვევითი გამვლელი ორი დღეც კი არ გამოჩნდეს. ამ მთებში მობილურიც არ იჭერს. მე, როგორც ყველა ამ ხიფათის საკუთარ თავზე გადამტანი, ადრენალინის მოყვარულებს გირჩევთ, თავი არ შეიკავოთ, რადგან საირმის მთებში ნამდვილად დაუვიწყარი დღეები გელოდებათ.

იანვარი 9, 2010 at 8:01 PM დატოვე კომენტარი

კიდევ მიდიან

ავტორი: მარგო ჯაფარიძე
თურმე რატომ მრავლდება სამშენებლო

მასალების მაღაზიები ქუთაისში

ბავშვი ავად გახდა. ერთი წლის უშედეგო მკურნალობის შემდეგ სწორი დიაგნოზი დაუსვეს: ფენილკეტონური, ანუ ჭარბი ცილა ტვინის უჯრედებზე, რაც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობას აქვეითებს. თურმე შხამი ყოფილა დედის რძე, ერთი წელი რომ ასვამდა დედა. შედეგი გარდატეხის ასაკის გადალახვის შემდეგ გამოჩნდებოდა, მანმადე კი უნდა ეჭამა სპეციალური საკვები, რომელიც უცხოეთიდან შემოჰქონდათ და ერთი კვირის ულუფა სამოცდაათი დოლარი ღირდა. ოჯახში რომ აღარაფერი დარჩა გასაყიდი, მამამ გადაწყვიტა, საბერძნეთში წასულიყო სამუშაოდ, მითუმეტეს, რომ დები უკვე წელგამართულნი იყვნენ იქ. საკვები გაიაფდა, მერე უფასოდაც რიგდებოდა. მამა მაინც არ დაბრუნდა. რეკავდა სახლში, აგზვნიდა ფულს, ცოტას. ერთხელაც ირმას მულებმა დაურეკეს, საქმე ცუდადაა, ჩამოდი, თორემ ოჯახი დაგენგრევაო.
ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი ირმასთან და ვერ ვგრძნობდი სოფლის სიცარიელეს, იმიტომ, რომ იქ ცხოვრობდა სამი ახალგაზრდა დედა: ირმა, ბათია და ლიკა, და ბავშვები, რომლებთან ერთადაც მე ბევრი სასიამოვნო ზაფხული გამიტარებია. ირმა უკვე წავიდა, ლიკაც იგივე მიზეზით მიდის ქმართან. წელს აღარ ვაპირებ იქ ჩასვლას: საშინელი სანახავია იმერეთის ერთ-ერთი სოფელი, დიდველა, მოუვლელი მოხუცებითა და უდედმამო ბავშვებით.
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე რომ გაიაროთ თვალში გეცემათ უამრავი “ოფისი” (რომელიც წასულებს, წასვის მსურველებსა და აქ დარჩენილებს ემსახურება) და სამშენებლო მაღაზიები. ახლა მივხვდი, რატომ არის სამშენებლო მასალების მაღაზია მომგებიანი ბიზნესი ქუთაისში. იმიტომ, რომ ყველა ემიგრანტი სახლს იშენებს, იმერეთში კი თითო ოჯახში საშუალოდ თითო ემიგრანტია.
ამასწინად გადავწყვიტე, საბერძნეთში ავტობუსით წავსულიყავი და კარგი თანხაც დამეზოგა: 100 დოლარი ჯდება თბილისი-ათენის ავტობუსის ბილეთი, როცა თვითმფრინავით მგზავრობა ორას ორმოცდაათიდან სამას ორმოცდაათ ევრომდე მერყეობს. მერე გავიგე, თურმე ამ ავტობუსებით მგზავრობდნენ არალეგალებიც, რომლებსაც სავარძლის ქვეშ სპეციალურად გაკეთებულ სივრცეში მალავენ. ამ ბილეთის სანაცვლოდ 3 000 ევროს იხდიან. წარმოიდგინეთ, რა გრძნობაა, როცა შენი სავარძლის ქვეშ ვიღაც ძლივს სუნთქავს. ძლივს, იმიტომ, რომ საბაჟოებზე გადასვლისას ვენტილაციას გათიშავენ და შესაძლოა, უჰაერობამ გაგუდოს.


ერთი კვირის წინ მე და ირმამ ვიდეოთვალით ვისაუბრეთ. მშვიდობით ჩავიდა: ვენტილაცია დროზე მეტ ხანს იყო გამორთული ხანგრძლივი შემოწმების გამო, მაგრამ გადაურჩნენ. ეს არაფერია იმ მგზავრობასთან  შედარებით, ადრე რომ იყო ხოლმე: მისმა ნათესავებმა მუხლებზე დაჩოქილებმა იარეს ღამით ტყეში. დღისით ეშინოდათ, ვინმეს არ შეემჩნიათ, სამაგიეროდ ღამით არ ეპუებოდნენ მგლებს, სულ ახლოდან რომ ესმოდათ ყმუილი.
დღეს ბევრი “ოფისია” არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ თბილისშიც, ცენტრალურ ავტოსადგომზე, რამდენიც გინდათ იმდენი. იხვეწებიან ავტობუსის ბილეთს 100 დოლარად, ოთხმოცადაც იშოვით თუ არ დაიზარებთ და რამდენიმეს  ესტუმრებით. არავინ ინტერესდება, რეალურად რას საქმიანობენ ასეთი ტურისტული ოფისები. უფრო სწორედ, ყველამ იცის რისთვის არსებობენ ისინი, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს.
2006 წლის დაუზუსტებელი მონაცემებით საზღვარგარეთ მილიონზე მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. და ვინ იცის ზუსტად, რამდენი წავიდა კიდევ და რამდენი დაბრუნდა.  თუმცა არ არის საკამათო, რომ ყოველწლიურად სხვადასხვა განზრახვით უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ვიდრე უკან ბრუნდება.
“რომ იცოდე, რებს აკეთებენ აქ ქართველები”- მითხრა ირმამ- “რას აღარ! რომ უკვდებათ “ბებიები” და “ბაბუები”, ეზრდებათ “შვილობილები”, უმუშევრები რჩებიან. იქ ცალკე ოჯახები აქვთ: ისინი და მათი საყვარლები, ერთად ცხოვრობენ, ერთად არიან ყველგან და არც კი სცხვენიათ იქ მყოფი ახლობლების”. ერიდებიან უცნობ ქართველებს. მამაკაცების სამსახური ჭირს, ალბათ, ცოტა ქართველი თუ წარმოგვიდგენია მებაღე, სარწყავით ან დამტარებლად პიცებით ხელში. ამიტომ ზოგიერთი სამსახურს ვერ ეგუება და ოჯახებს ქურდობით არჩენს.
გამარტივდა დროებითი მოქალაქის საბუთის აღება. ამიტომ  უფრო ცივილიზებული ფორმით უწევთ ცხოვრება. აღარ ეშინიათ ქუჩაში სიარულის, ჩამოდიან ახლობლების სანახავად და მერე უკან ბრუნდებიან.

ახლა ირმას შვილები ცალ-ცალკე ცხოვრობენ: ერთი დედასთან, მეორე- დედამთილთან. ის სანამ ჩამოვა, ბავშვები გაიზრდებიან, აბა, მეორე სართულის გარემონტებას ცოტა დრო უნდა?! მანმადე კი დამპირდა, რომ გამომიგზავნის ახალ KAPPA-ს ჩანთას, ნაღდი ALL STAR-ის კედებს, ZARA-სა და MANGO-ს ზედებს, იქ ცენტებად რომ ყრია.

იანვარი 8, 2010 at 3:16 PM 6 comments

ძველი პოსტები Newer Posts


კატეგორიები

Flickr Photos