დაუვიწყარი საირმე

იანვარი 9, 2010 at 8:01 PM დატოვე კომენტარი

ავტორი: ირმა ზარნაძე
საირმე მდებარეობს 55 კმ-ზე სამხრეთით ქ. ქუთაისიდან მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ეკუთვნის ბაღდათის რაიონს. ზღვის დონიდან 950 მ-ის სიმაღლეზე, მდ. წაბლარისწყალის ხეობაში. გარშემო მდებარე ფერდობები დაფარულია ფოთლოვანი და წიწვიანი ტყეებით(ნაძვი, მუხა, წიფელი და სხვა). გვხვდება როგორც მარტო წიწვნარი, ასევე, შერეული ტყეებიც. ამიტომ განსაკუთრებულად ლამაზია შემოდგომით. მაგრამ მკაცრი კლიმატისა და რთული გზის გამო, დამსვენებლები აქ ზაფხულობით ჩამოდიან და მტანჯველ სიცხეს თავს აფარებენ.  კლიმატი განისაზღვრება კურორტის მდებარეობით სუბტროპიკული სარტყელის ტყიან ზონაში. ზამთარი რბილია და მცირეთოვლიანი, ზაფხული ზომიერად თბილია და ზომიერად ტენიანი. ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყლები, რომლებიც ცნობილი გახდა XIX საუკუნის დასასრულიდან. აქ რამდენიმე სახის წყალია, რომელითაც სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით მკურნალობენ. არის რამდენიმე წყარო მინერალების განსხვავებული  შემადგენლობით. ამიტომ გემოც განსხვავებულია: თუ ერთი არ მოგეწონათ, ხელს ნუ ჩაიქნევთ, ყველა გასინჯეთ. წყაროები დანომრილია.
საირმის ტყეები განსაკუთრებით უყვართ ნადირობის მოყვარულებს. ბუდობს დათვი,  თხა, ირემი. ზოგადად, მდიდარია გარეული ცხოველებით, ამიტომ მოგზაურებს დიდი სიფრთხილე მართებთ. წაბლარასწყალში უხვად ბუდობს კალმახი. ამიტომ თევზაობის მოყვარულებო, თუ არ დაიზარებთ, ხელცარიელი არა და დიდად კმაყოფილი დაბრუნდებით. ენდეთ ჩემს გემოვნებას, ეს კალმახი უგემრიელესია.

თვითონ კურორტის ტერიტორია ბორჯომის მსგავსად მთებს შორის არის მოქცეული და ჩაკეტილია. ისე, კლაუსტროფობიით შეპყრობილებს მაინცდამაინც არ გირჩევთ ამ ადგილას დასვენებას. არც განსაკუთრებულად აქტიური ცხოვრების მოყვარულებს. ისევდაისევ მკაცრი ამინდების გამო, მუდმივი მოსახლეობა იშვიათად გვხვდება. არც სასტუმროებით არის განებივრებული კურორტი. მოქმედებს სანატორიუმი, სადაც ერთი ღამე მინიმუმ 50 ლარი დაგიჯდებათ. აქ შეძლებთ, სრულ სიმშვიდეში იკითხოთ წიგნი, ისარგებლოთ მხოლოდ მობილური ინტერნეტით, შეხვიდეთ საბილიარდოში ან მოიგონოთ გართობის რაიმე ალტერნატიული საშუალება. ისე, თუ დიდი ხნით გეგმავთ აქ ამოსვლას, გირჩევთ მეგობრებიც დაითანხმოთ, მოგვიანებით მაინც რომ შემოგიერთდნენ: რადგან არ გამოვრიცხავ, მოწყენილობამ რომ ხელი დაგრიოთ. ამიტომ გააჩაღეთ მეგობრებთან ერთად კოცონი  (ტყეში არა, თავი არ გაიგიჟოთ, არ გარისკოთ ), მოამზადეთ ნანადირევი (თუ დაიზარებთ, შეიძინეთ ჭეშმარიტი მონადირეებისგან) და გაერთეთ თქვენებურად.

თუ ვილისსაც იქირავებთ, მშვენიერ გასეირნებას მოაწყობთ წითელ მინდოზე, რომელიც საირმიდან ორი საათის სავალ გზაზე მდებარებს. მიდიხართ სულ მაღლა, ექცევით ღრუბლებს ზემოდან. მძიმე და დამქანცველი გზის ბოლოს იხილავთ ცხვრებით გადათეთრებულ მინდორს. აქ უგემრიელესი სულგუნით გაგიმასპინძლებიან მწყემსები. შეგიძლიათ კარავში დარჩეთ ან იმდღესვე უნდა დაბრუნდეთ. ეცადეთ, შებინდებამ არ მოგასწროთ, თორემ პირველად ნამყოფ მძღოლს მეგზურობა გაუჭირდება. თუ დახმარება დაგჭირდებათ, უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება, შემთხვევითი გამვლელი ორი დღეც კი არ გამოჩნდეს. ამ მთებში მობილურიც არ იჭერს. მე, როგორც ყველა ამ ხიფათის საკუთარ თავზე გადამტანი, ადრენალინის მოყვარულებს გირჩევთ, თავი არ შეიკავოთ, რადგან საირმის მთებში ნამდვილად დაუვიწყარი დღეები გელოდებათ.

Entry filed under: სამოგზაურო.

კიდევ მიდიან რუსთაველის თეატრის მდიდარი ისტორია

დატოვე კომენტარი

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


კატეგორიები

Flickr Photos